Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მეგრულ ხაჭაპურს წყალს არ აკარებენ, ის აუცილებლად იზილება რძეში,“ - დალილა ცატავა

„მეგრულ ხაჭაპურს წყალს არ აკარებენ, ის აუცილებლად იზილება რძეში,“ - დალილა ცატავა

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტმა დალილა ცატავამ ქართული კულინარიული მემკვიდრეობის შესახებ საუბრისას მეგრული ხაჭაპურის მომზადების წესი გაგვაცნო:

„სამეგრელო მედეას მისტიკით არის დღემდე. ძალიან ბევრი რამ აქვთ შენარჩუნებული. არის ერთი პრინციპი: თუ მეგრული არის ხაჭაპური, მას წყალს არ აკარებენ. ის აუცილებლად იზილება რძეში. მეგრული ხაჭაპური საერთოდ რძეში იზილება, გულსართი აქვს ჭყინტი ყველის. ცომის ღობეს უკეთებენ და ზემოდან აფენენ სულგუნის ნაჭრებს. რაც უფრო ბევრია და რაც უფრო კვერცხში ამოვლებულია,მით უფრო მნიშვნელოვანია.

მეგრული სამზარეულო ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ სამეგრელოში კონტრასტული კერძები აქვთ. მათ აქვთ ცეცხლოვანი კერძები და ნეიტრალური კერძები. ხარჩოზე მეგრელები იტყვიან, თუ მაგიდის საფარს დაეწვეთა, უნდა გამოწვას, ისეთი ცხარე უნდა იყოსო. აქვე არის გებჟალია, საოცრად განსხვავებული კერძი.

სანამ ჩვენ პატარები ვართ, იქიდან უნდა შევეჩვიოთ, რომ ეს არის ჩვენი კულტურის ნაწილი, რომ სუფრა არ არის ჭამა-სმა დიდად შესარგი და თრობა. პირიქით, ყველა ძველი ჩანაწერი, ყველა მოგზაურის ჩანაწერი იმას ამბობს, რომ არასდროს უნახავთ საქართველოში ფეხარეული და მთვრალი ადამიანი. დღევანდელი ახალგაზრდობა ამას სკეპტიკურად უყურებს. სკოლაშიც არ უსწავლიათ ამის შესახებ და არც ხედავენ. უნდა იცოდეს ახალგაზრდამ, რატომ ვართ ჩვენ ღვინის სამშობლო. ამაზე ჩვენ ვაკეთებთ ტრენინგებს. რეგიონებმა თავისი გასტრონომიული კულტურის ისტორია არ იციან. არ იციან რა საგანძური აქვთ,“- მოცემულ საკითხზე დალილა ცატავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად