Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჯანსაღი ცხოვრება მარტო ფიზკულტურაზე არ არის დაყვანილი... ზნეობრიობა არის ჯანსაღი ცხოვრების თავი და თავი,“ - მარინა კაჭარავა

„ჯანსაღი ცხოვრება მარტო ფიზკულტურაზე არ არის დაყვანილი... ზნეობრიობა არის ჯანსაღი ცხოვრების თავი და თავი,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯანსაღი ცხოვრება არ არის მხოლოდ სუფთა ჰაერზე ყოფნა და ვარჯიში:

„ადამიანის ნება არის განმსაზღვრელი. ადამიანის გადაწყვეტილება ცვლის ფიზიოლოგიას, გენეტიკურ კოდებს ცვლის ადამიანი თავისი გადაწყვეტილებით და თავისი აზროვნებით. დაავადება არის გაქცევა. გაქცევა ხდება დაავადებაში ბევრი მიზეზის გამო. ამას ბევრი ფსიქოლოგიური მიზეზი აქვს. ჩვენ მოკვდავები ვართ. სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ დაავადების თავიდან აცილება ადამიანს შეუძლია სწორი ცხოვრებით.

ჯანსაღი ცხოვრება მარტო ფიზკულტურაზე არ არის დაყვანილი, როგორც ჩვენთან ძალიან მოდაშია ვარჯიში და სუფთა ჰაერი. ჯანსაღი ურთიერთობები, წესიერად ცხოვრება, ღვთის მცნებების დაცვა, ზნეობრიობა არის ჯანსაღი ცხოვრების თავი და თავი. ადამიანის სილამაზე არის შინაგანი მდგომარეობა. ახალგაზრდებს შეიძლება ეს არ ესმით და გაიცინონ. ბევრი მინახავს ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი, რომელიც მერე ცხოვრების წესიდან გამომდინარე შეიცვალა.

შინაგანი მდგომარეობა არის ბევრად უფრო მეტად განმსაზღვრელი გარეგნობისთვის, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია,“ - მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ „საზოგადოებრივი რადიოს“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „საზოგადოებრივი რადიო“

წაიკითხეთ სრულად