Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,უშაქრო კომპოტს და ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს'' - როგორ მოვუმზადოთ კომპოტი პატარებს?

,,უშაქრო კომპოტს და ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს'' - როგორ მოვუმზადოთ კომპოტი პატარებს?

ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი ​​MomsEdu.ge​-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:

„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.

მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:

„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი. 

წაიკითხეთ სრულად