Baby Bag

„მშობელს ხშირად უკითხავს: შეიძლება თუ არა ბავშვი ჩავსვა ჭოჭინაში, იმიტომ, რომ ამას მიკრძალავენ,“ - ორთოპედი ლევან ქაჯაია

ორთოპედმა ლევან ქაჯაიამ ჭოჭინაში ბავშვის ჩასმასთან დაკავშირებულ დილემაზე ისაუბრა, რომელიც მშობლებს ხშირად აწუხებთ. გარდა ამისა, მან მშობლებს ურჩია 15-16 წლამდე ბავშვი ორთოპედთან გეგმიურ შემოწმებებზე რეგულარულად ატარონ:

„მნიშვნელოვანია, რა ასაკში ვსვამთ ჭოჭინაში ბავშვს. ხშირად უკითხავს მშობელს ჩემთვის: შეიძლება თუ არა ბავშვი ჩავსვა ჭოჭინაში, იმიტომ, რომ ამას მიკრძალავენ და აკრძალულია. როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვი ცდილობს ვერტიკალიზაციას, ცდილობს ფეხზე დადგეს, რაღაც მცდელობა აქვს ნაბიჯის გადადგმის, თავისუფლად შეგვიძლია ბავშვი ჩავსვათ ჭოჭინაში. ჭოჭინა ერთგვარი დამცველობითი მექანიზმიც არის, რომ ბავშვი სადღაც არ შეძვრეს და რაღაც არ მოუვიდეს. ეს არანაირ პრობლემას არ უქმნის მენჯ-ბარძაყის სახსარს.

ყურადღება მისაქცევია მენჯ-ბარძაყის სახსარზე. მშობლებს რეკომენდაციას ვუწევ, რომ სამ თვემდე ბავშვს ჩაუტარდეს მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ულტრაბგერითი კვლევით. რაც უფრო ადრეულად იქნება დასმული დისპლაზიის დიაგნოზი, მკურნალობასაც უფრო კარგი შედეგი აქვს ხოლმე. 4-5 წლის ასაკში მოხდეს ტერფის დიაგნოსტირება. 6 წლიდან დავაკვირდეთ ხერხემლის ფორმირებას. ჩონჩხოვანი სისტემა არის მზარდი სისტემა, რომელსაც თითქმის ყოველთვის სჭირდება დაკვირვება 15-16 წლამდე, მანამ ბავშვი ჯერ კიდევ იზრდება. 15-16 წლამდე წელიწადში ერთხელ თუ არა ორ წელიწადში ერთხელ მაინც საჭიროა გეგმიურად ორთოპედის მონახულება. თუ რაღაც პათოლოგიასთან გვაქვს საქმე და ჩონჩხოვან სისტემაში რაღაც ცვლილებებთან, მაშინ წელიწადში ერთხელ, რა თქმა უნდა. არც დისპლაზიის და არც ბრტყელი ტერფის დიაგნოზი არ არის განაჩენი. დროული დიაგნოსტიკა დადებითად ჩატარებული მკურნალობის საწინდარიც არის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ქაჯაიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დილა“

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF​

შეიძლება დაინტერესდეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება

​ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. მისი თქმით, კოვიდ-19-ის საბოლოოდ დასამარცხებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის საშუალებების ეფექტიანად გამოყენებაა საჭირო.

„პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც მსოფლიო მის დასრულებას გადაწყვეტს. ჩვენ ყველანაირი იარაღი გვაქვს ვირუსის დასამარცხებლად: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიანი ინსტრუმენტები და ეფექტიანი სამედიცინო საშუალებები. მსოფლიო ამ საშუალებებს სწორად არ იყენებს. კვირის განმავლობაში 50 000 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება, რაც იმის ნიშანია, რომ პანდემია შორს არის დასრულებისგან,“ - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

Worldmeters-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით,​ დღემდე მსოფლიოში 244 427 410 კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევა აღირიცხა. 4 963 752 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, ხოლო 221 451 949 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

წყარო: ​Hindustantimes

წაიკითხეთ სრულად