Baby Bag

„მშობელს ხშირად უკითხავს: შეიძლება თუ არა ბავშვი ჩავსვა ჭოჭინაში, იმიტომ, რომ ამას მიკრძალავენ,“ - ორთოპედი ლევან ქაჯაია

ორთოპედმა ლევან ქაჯაიამ ჭოჭინაში ბავშვის ჩასმასთან დაკავშირებულ დილემაზე ისაუბრა, რომელიც მშობლებს ხშირად აწუხებთ. გარდა ამისა, მან მშობლებს ურჩია 15-16 წლამდე ბავშვი ორთოპედთან გეგმიურ შემოწმებებზე რეგულარულად ატარონ:

„მნიშვნელოვანია, რა ასაკში ვსვამთ ჭოჭინაში ბავშვს. ხშირად უკითხავს მშობელს ჩემთვის: შეიძლება თუ არა ბავშვი ჩავსვა ჭოჭინაში, იმიტომ, რომ ამას მიკრძალავენ და აკრძალულია. როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვი ცდილობს ვერტიკალიზაციას, ცდილობს ფეხზე დადგეს, რაღაც მცდელობა აქვს ნაბიჯის გადადგმის, თავისუფლად შეგვიძლია ბავშვი ჩავსვათ ჭოჭინაში. ჭოჭინა ერთგვარი დამცველობითი მექანიზმიც არის, რომ ბავშვი სადღაც არ შეძვრეს და რაღაც არ მოუვიდეს. ეს არანაირ პრობლემას არ უქმნის მენჯ-ბარძაყის სახსარს.

ყურადღება მისაქცევია მენჯ-ბარძაყის სახსარზე. მშობლებს რეკომენდაციას ვუწევ, რომ სამ თვემდე ბავშვს ჩაუტარდეს მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ულტრაბგერითი კვლევით. რაც უფრო ადრეულად იქნება დასმული დისპლაზიის დიაგნოზი, მკურნალობასაც უფრო კარგი შედეგი აქვს ხოლმე. 4-5 წლის ასაკში მოხდეს ტერფის დიაგნოსტირება. 6 წლიდან დავაკვირდეთ ხერხემლის ფორმირებას. ჩონჩხოვანი სისტემა არის მზარდი სისტემა, რომელსაც თითქმის ყოველთვის სჭირდება დაკვირვება 15-16 წლამდე, მანამ ბავშვი ჯერ კიდევ იზრდება. 15-16 წლამდე წელიწადში ერთხელ თუ არა ორ წელიწადში ერთხელ მაინც საჭიროა გეგმიურად ორთოპედის მონახულება. თუ რაღაც პათოლოგიასთან გვაქვს საქმე და ჩონჩხოვან სისტემაში რაღაც ცვლილებებთან, მაშინ წელიწადში ერთხელ, რა თქმა უნდა. არც დისპლაზიის და არც ბრტყელი ტერფის დიაგნოზი არ არის განაჩენი. დროული დიაგნოსტიკა დადებითად ჩატარებული მკურნალობის საწინდარიც არის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ქაჯაიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დილა“

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF​

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ D ვიტამინს ამ წესების მიხედვით არ მიიღებთ, აზრი არა აქვს - ვიტამინების მიღების სწორი გზა

თუ D ვიტამინს ამ წესების მიხედვით არ მიიღებთ, აზრი არა აქვს - ვიტამინების მიღების სწორი გზა

​ექიმი გიორგი ღოღობერიძე ვიტამინების მიღების წესზე საუბრობს. 

მისი თქმით, D ვიტამინის მიღების დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია წესების დაცვა:

,,თუ გინდათ D ვიტამინი ბოლომდე შეითვისოს ორგანიზმმა, აუცილებლად უნდა მიიღოთ ცხიმიან საკვებთან ერთად. მაგალითად, რძესთან, იოგურტთან, თევზთან, კვერცხთან, ავოკადოსთან ან თხილთან ერთად. ეს ვიტამინი მშიერზე არ უნდა მიიღოთ.''

რაც შეეხება დღის მონაკვეთს, მისი მიღება შესაძლებელია დილითაც და საღამოსაც. თუმცა უძილობის პრობლემა თუ გაწუხებთ მისი მიღება დილით სჯობს - აღნიშნავს ექიმი. 

A, და K ვიტამინებთან D ვიტამინის მიღების წესები შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან ისინი ცხიმში ხსნადი ვიტამინებია. 

თუ საქმე ეხება არა ცხიმში, არამედ წყალში ხსნად ვიტამინებს (B ჯგუფის ვიტამინები), ისინი უნდა მიიღოთ არა ცხიმიან, არამედ ჩვეულებრივ საკვებთან ერთად და წყალი უნდა დააყოლოთ. 

ექიმი აღნიშნავს, რომ მულტივიტამინებს უნდა მოვერიდოთ, რადგან მათში შეიძლება იყოს, როგორც ცხიმში, ასევე წყალში ხსნადი ვიტამინები, ორგანიზმი ბოლომდე ვერ აითვისებს ასეთ კომპლექტს და მათი მიღება ცალ-ცალკე სჯობს. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ არის სასურველი მუტლივიტამინების მიღება, ეს არის ვიტამინების ზედოზირების საშიშროება. 

,,ზოგადად, ვიტამინების მიღებას სჯობს მიიღოთ ჯანსაღი საკვები. ვიტამინები სჭირდებათ მათ, ვისაც აქვს მათი ნაკლებობის აშკარა ნიშნები ან არიან ალკოჰოლზე დამოკიდებულები, აქვთ სიმსივნე და აქედან გამომდინარე უმადობა, ან აქვთ კახექსია, ადამიანებს, რომლებმაც კუჭზე ან წვრილ ნაწლავზე გაიკეთეს ოპერაცია. ფეხმძიმეებმა ყველა ვიტამინი ექიმთან უნდა შეათანხმონ,'' - დასძინა გიორგი ღოღობერიძემ. 

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

წყარო: ​Usmle 

წაიკითხეთ სრულად