Baby Bag

„ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ,“ - პარაზიტოლოგი ირმა კოკაია

პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ განმარტა რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი მწერებს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ადამიანები:

„ყველა ადამიანის სხეული გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ყველა ადამიანს ეხება. ბევრი ასეთი ნივთიერება გამოიყოფა ჩვენი კანის გზით. ეს შეიძლება იყოს ამიაკი და ა.შ. გარკვეულ ადამიანებს გაცილებით მეტად გამოეყოფათ ეს ნივთიერებები და აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებებიდან არის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, რომელიც იზიდავს მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს.

როდესაც ადამიანის სხეული ჭარბად გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ თვითონ, ეს არის კოღოს მიზიდვის საშუალება. ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ. არის პირიქითაც... არის ნივთიერებები, რომლებიც პირიქით აფრთხობს მწერებს და კოღოებს. შესაბამისად ეს ადამიანები გაცილებით ნაკლებად ზარალდებიან. ეს ჩვენი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ჩვენი მეტაბოლიზმიდან,“ - მოცემულ საკითხზე ირმა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გადით ეზოში ან ქუჩაში და იქ იჩხუბეთ ბავშვთან დაკავშირებით, ბავშვის თვალწინ ამას ნუ აკეთებთ,“ - თამარ გაგოშიძე

„გადით ეზოში ან ქუჩაში და იქ იჩხუბეთ ბავშვთან დაკავშირებით,  ბავშვის თვალწინ ამას ნუ აკეთებთ,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის აღზრდისას ოჯახის წევრების შეთანხმებული მოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უფროსების შეუთანხმებელი მოქმედებები ბავშვისთვის დამღუპველია:

​ერთი ეჩხუბება და მეორე ეფერება, ერთი უკრძალავს და მეორე აძლევს, ეს არის დამღუპველი ბავშვისთვის. ჩვენ ხშირად ვესაუბრებით ხოლმე ბებიებსაც და ბაბუებსაც, ვეუბნებით, გვესმის, რომ საუკეთესო უნდათ შვილიშვილისთვის. ხანდახან მშობლებსაც აქვთ ხოლმე ასეთი პრობლემები. მათ აქვთ ერთმანეთის საწინააღმდეგო სტრატეგიები ბავშვის აღზრდისას. მოლაპარაკება ძალიან ძნელია.“

თამარ გაგოშიძის თქმით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ ბავშვის წინ დედის, მამის ან ბებია-ბაბუის მიერ გამოყენებული აღზრდის წესები:

„თუ ჩვენ პრიმატად დავაყენებთ ბავშვის კეთილდღეობას, ჩვენ უნდა ავიტანოთ ის, რომ შეიძლება არ ვთვლიდეთ სწორად რძლის, ქმრის, ცოლის, დედამთილის წესებს, მაგრამ ბავშვის თვალწინ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს ამის განხილვა. ხუმრობით ვეუბნებით ხოლმე ოჯახის წევრებს, გადით ეზოში ან ქუჩაში და იქ იჩხუბეთ ბავშვთან დაკავშირებით. სახლში ბავშვის თვალწინ ამას ნუ აკეთებთ. თუ დედამ თქვა, რომ ბავშვი შეჭამს პირველ საათზე და მანამდე ვერ შეჭამს, ​მამას და ბებიას შეიძლება ეს არ მოსწონდეს, მაგრამ ეს უნდა შესრულდეს. მერე გაურჩიოს მამამ და ბებიამ საქმე დედას.“

„ჩვენ ვცდილობთ, ოჯახის წევრებს გავაგებინოთ, რომ ბავშვისთვის დათვური სამსახურია ეს. ბავშვი ასე სწავლობს მანიპულირებას, განსაკუთრებით ეს ეხებათ არასრული ოჯახის ბავშვებს. როდესაც მშობლები არიან გაშორებულები, მათ აქვთ დანაშაულის განცდა. ბავშვები ამ დანაშაულის განცდით მანიპულირებენ.​ როდესაც ბავშვი არის დედასთან, დედასთან მანიპულირებს. როდესაც ის არის მამასთან, მამასთან მანიპულირებს. ასე ყალიბდება ძალიან რთული და ოპოზიციური ხასიათი, რაც ხელს უშლის ბავშვსაც და მის გარშემომყოფებსაც,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად