Baby Bag

რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ლიმონიანი წყლის მიღების დადებით შედეგებზე ისაუბრა:

„რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მე შევეცდები, რომ 5 ძალიან საკვანძო მიზეზი გითხრათ საამისოდ.

ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად დალევა თქვენს ორგანიზმს C ვიტამინზე მოთხოვნის 70%-ს შეუვსებს. C ვიტამინი ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცილის - კოლაგენის სინთეზში. თუ კოლაგენი არ წარმოიქმნება, ეს გამოვლინდება ძალიან ბევრი დარღვევით, მათ შორის, ღრძილებიდან სისხლდენით, კანის ნაადრევი დაბერებით.

ასაკოვან ადამიანებს კუჭში უქვეითდებათ მარილმჟავას რაოდენობა, მათ უგროვდებათ აირები და აწუხებთ შებერილობა. ლიმონიან წყალში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი - ლიმონმჟავა. ლიმონმჟავა ჩვენ გვეხმარება საკვების უკეთ მონელებაში.

ზაფხულში ჩვენი სხეული ყოველდღიურად კარგავს დაახლოებით 2-3 ლიტრ წყალს. თუ გამოშრებით, ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახება თქვენს თირკმლებზე. თუ ჩვენს თირკმლებში წყალი საკმარისი რაოდენობით ვერ იქნება და თირკმლებში ლიმონმჟავის რაოდენობა არ იქნება 320 მილიგრამის ტოლი დღე-ღამეში, ეს გამოიწვევს კენჭების ფორმირებას. კენჭების დაახლოებით 2/3 სწორედ ამ პრობლემით არის გამოწვეული.

ლიმონიან წყალში ძალიან ბევრი კალიუმიც არის. კალიუმი ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ნერვული ქსოვილისა და კუნთოვანი ქსოვილის აქტიურობისთვის.

ლიმონიან წყალში არის ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა. ეს ჩვენს ორგანიზმს იცავს დაბერებისგან.

ლიმონიანი წყლის მიღებას ბევრი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ამით შეკრულობის პრევენციაც შეიძლება,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„შეზღუდვებზე არ არის საუბარი ნამდვილად, ამას გიდასტურებთ,“ - ამირან გამყრელიძის განცხადება

„შეზღუდვებზე არ არის საუბარი ნამდვილად, ამას გიდასტურებთ,“ - ამირან გამყრელიძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის:

„შეზღუდვებზე არ არის საუბარი. პანდემიის მართვის მოდელი შეცვლილია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. არის ნაკლები შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკაზე ახდენს ზეწოლას. ე.წ. ლოკდაუნი,​ ე.წ. ჩაკეტვები, ტრანსპორტის შეჩერება არ განიხილება ნამდვილად, ამას გიდასტურებთ.“

ამირან გამყრელიძის თქმით, განიხილება ქვეყანაში მწვანე პასპორტების შემოტანა:

„განიხილება არაპირდაპირი დისკომფორტის, ე.წ. მწვანე პასპორტების შემოტანა. წამახალისებელი ღონისძიებები და ყველაზე მარტივი რეგულაციების დაცვა, რომელსაც ხშირად ვიმეორებთ. ყველას ეკეთოს პირბადე, ყველამ დაიცვას დისტანცია, ყველამ აარიდოს თავი ნებისმიერი მიზეზით დიდ შეკრებას. ხშირად დავიბანოთ ხელები, წავიდეთ და ავიცრათ.“

„12-დან 15 წლამდე ბავშვებში ადრე თუ გვქონდა სამედიცინო ჩვენებით აცრა, დღეს საუბარია, რომ მშობლების სურვილით და თანხმობით გაიხსნას ყველა ბავშვისთვის. ​დღეისთვის საქართველოში 12-დან 15 წლამდე სრულად აცრილია 106 ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

წყარო: ​ტელეკომპანია პირველი

წაიკითხეთ სრულად