Baby Bag

რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ლიმონიანი წყლის მიღების დადებით შედეგებზე ისაუბრა:

„რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მე შევეცდები, რომ 5 ძალიან საკვანძო მიზეზი გითხრათ საამისოდ.

ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად დალევა თქვენს ორგანიზმს C ვიტამინზე მოთხოვნის 70%-ს შეუვსებს. C ვიტამინი ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცილის - კოლაგენის სინთეზში. თუ კოლაგენი არ წარმოიქმნება, ეს გამოვლინდება ძალიან ბევრი დარღვევით, მათ შორის, ღრძილებიდან სისხლდენით, კანის ნაადრევი დაბერებით.

ასაკოვან ადამიანებს კუჭში უქვეითდებათ მარილმჟავას რაოდენობა, მათ უგროვდებათ აირები და აწუხებთ შებერილობა. ლიმონიან წყალში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი - ლიმონმჟავა. ლიმონმჟავა ჩვენ გვეხმარება საკვების უკეთ მონელებაში.

ზაფხულში ჩვენი სხეული ყოველდღიურად კარგავს დაახლოებით 2-3 ლიტრ წყალს. თუ გამოშრებით, ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახება თქვენს თირკმლებზე. თუ ჩვენს თირკმლებში წყალი საკმარისი რაოდენობით ვერ იქნება და თირკმლებში ლიმონმჟავის რაოდენობა არ იქნება 320 მილიგრამის ტოლი დღე-ღამეში, ეს გამოიწვევს კენჭების ფორმირებას. კენჭების დაახლოებით 2/3 სწორედ ამ პრობლემით არის გამოწვეული.

ლიმონიან წყალში ძალიან ბევრი კალიუმიც არის. კალიუმი ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ნერვული ქსოვილისა და კუნთოვანი ქსოვილის აქტიურობისთვის.

ლიმონიან წყალში არის ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა. ეს ჩვენს ორგანიზმს იცავს დაბერებისგან.

ლიმონიანი წყლის მიღებას ბევრი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ამით შეკრულობის პრევენციაც შეიძლება,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

22 წლის ქალი, რომელმაც ფილერის ინექციის 20 პროცედურა ჩაიტარა და ტუჩის მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა, გაჩერებას არ აპირებს

22 წლის ქალი, რომელმაც ფილერის ინექციის 20 პროცედურა ჩაიტარა და ტუჩის მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა, გაჩერებას არ აპირებს

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ფილერის ინექციის გამოყენებით საკუთარი ტუჩის მოცულობა 4-ჯერ გაზარდა, გაჩერებას არ აპირებს. ბულგარელი ანდრეა ემილოვა ივანოვა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტუჩების ქონაზე ოცნებობს. მან ჯამში ოცი ფილერის ინექციის პროცედურა ჩაიტარა, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის ეს საკმარისი არ არის. ანდრეა აცხადებს, რომ ვიდრე დასახულ მიზანს არ მიაღწევს, ინექციების გაკეთებაზე უარს არ იტყვის. 22 წლის ქალბატონმა ესთეტიკურ კლინიკებში უკვე ათასობით გირვანქა სტერლინგი დახარჯა.

ანდრეა ემილოვა ივანოვამ ბოლო ფილერის ინექცია გასულ სამშაბათს გაიკეთა. მოგვიანებით მან თავისი ახალი ფოტო ინსტაგრამზე გააზიარა. ანდრეას სოციალურ ქსელში 33 000 გამომწერი ჰყავს.

22 წლის ქალმა თავისი ოცნების ასრულებაზე ზრუნვა 2018 წლიდან დაიწყო. მას თითოეული პროცედურა დაახლოებით 135 ფუნტი სტერლინგი უჯდება. ანდრეას თქმით, მას აღარ ახსოვს, თუ რა თანხები დახარჯა ტუჩის გადიდების პროცედურებში. ახალგაზრდა ბულგარელი ქალბატონი ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტია. მან საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ ვიდრე საკუთარი ტუჩების მოცულობით კმაყოფილი არ იქნება, გაჩერებას არ აპირებს.

 

„ჩემი ახალი ტუჩები ძალიან მომწონს. ინექციის შემდეგ ჭამა მიჭირდა. პროცედურიდან 2-3 დღის შემდეგ კი კვების პროცესი უფრო რთულდება. ინექციების გაკეთებას კვლავ ვგეგმავ. ექიმები ფიქრობენ, რომ საკმარისია და პროცედურები აღარ მჭირდება, თუმცა მე ასე არ ვთვლი. ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ ინექციებს კიდევ გამიკეთებს, თუმცა მთხოვა, რომ ორი თვით მაინც შევისვენო. მე აღფრთოვანებული ვარ ჩემი ტუჩებით. ნებისმიერი სახის საკვების მიღება შემიძლია. არ ვიცი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტუჩები მაქვს თუ არა, მაგრამ ვთვლი, რომ ნამდვილად დიდი ტუჩები მაქვს.“- განაცხადა ანდრეამ.

გასულ წელს ანდრეას ექიმებს საინექციო ნემსის გამოყენება 15-ჯერ დასჭირდათ. ჩატარებული პროცედურების შედეგად მისი ტუჩის მოცულობა 3-ჯერ გაიზარდა. 22 წლის ქალი პოპულარობაზე ოცნებობდა და ცდილობდა მოდას არ ჩამორჩენოდა.

ექიმები ანდრეას ხშირად ურჩევდნენ, რომ ინექციების გაკეთება შეეწყვიტა, თუმცა ის წინააღმდეგი იყო. „სოფიაში თითქმის ყველა ესთეტიკის კლინიკაში ვარ ნამყოფი. ყველანაირი სახის ფილერი გამოვიყენე. ინსტაგრამზე ჩემი გამომწერებისგან უამრავ შეტყობინებას ვიღებ. ისინი ჩემი ტუჩებით აღფრთოვანებული არიან. რამდენჯერმე უცნობმა თაყვანისმცემლებმა ხელიც კი მთხოვეს.“ - განაცხადა ანდრეამ.

ახალგაზრდა ქალს ტუჩების მოცულობის გამო ხშირად აკრიტიკებენ. ანდრეას თქმით, ნეგატიური კომენტარების ავტორები უმეტესად ქალები არიან. ის ამტკიცებს, რომ სხვების აზრი არ აინტერესებს და ამაზე დიდად არ ღელავს. „არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პატარა ტუჩებით მოვწონვარ, სხვებს კი ჩემი დიდი ტუჩები მოსწონთ. მთავარია, მე რა მომწონს. სხვების აზრებისადმი გულგრილი ვარ. ნებისმიერ ადამიანს თავისი შეხედულება აქვს.“ - აცხადებს ანდრეა.

22 წლის ბულგარელი ქალი თვლის, რომ ინექციებზე დამოკიდებული არ არის. ანდრეას თქმით, ის თავისუფალი ადამიანია და საკუთარი გემოვნება აქვს. ბულგარეთში ტუჩების გადიდების პროცედურები პოპულარობით სარგებლობს. ანდრეა აცხადებს, რომ ის არავის ბაძავს და მხოლოდ საკუთარ ესთეტიკურ გემოვნებას ენდობა. ახალგაზრდა ქალი საკუთარ უნიკალურობაში დარწმუნებულია და ფიქრობს, რომ სხვებს საერთოდ არ ჰგავს. 

​მომზადებულია ​www.dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად