Baby Bag

რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ლიმონიანი წყლის მიღების დადებით შედეგებზე ისაუბრა:

„რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მე შევეცდები, რომ 5 ძალიან საკვანძო მიზეზი გითხრათ საამისოდ.

ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად დალევა თქვენს ორგანიზმს C ვიტამინზე მოთხოვნის 70%-ს შეუვსებს. C ვიტამინი ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცილის - კოლაგენის სინთეზში. თუ კოლაგენი არ წარმოიქმნება, ეს გამოვლინდება ძალიან ბევრი დარღვევით, მათ შორის, ღრძილებიდან სისხლდენით, კანის ნაადრევი დაბერებით.

ასაკოვან ადამიანებს კუჭში უქვეითდებათ მარილმჟავას რაოდენობა, მათ უგროვდებათ აირები და აწუხებთ შებერილობა. ლიმონიან წყალში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი - ლიმონმჟავა. ლიმონმჟავა ჩვენ გვეხმარება საკვების უკეთ მონელებაში.

ზაფხულში ჩვენი სხეული ყოველდღიურად კარგავს დაახლოებით 2-3 ლიტრ წყალს. თუ გამოშრებით, ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახება თქვენს თირკმლებზე. თუ ჩვენს თირკმლებში წყალი საკმარისი რაოდენობით ვერ იქნება და თირკმლებში ლიმონმჟავის რაოდენობა არ იქნება 320 მილიგრამის ტოლი დღე-ღამეში, ეს გამოიწვევს კენჭების ფორმირებას. კენჭების დაახლოებით 2/3 სწორედ ამ პრობლემით არის გამოწვეული.

ლიმონიან წყალში ძალიან ბევრი კალიუმიც არის. კალიუმი ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ნერვული ქსოვილისა და კუნთოვანი ქსოვილის აქტიურობისთვის.

ლიმონიან წყალში არის ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა. ეს ჩვენს ორგანიზმს იცავს დაბერებისგან.

ლიმონიანი წყლის მიღებას ბევრი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ამით შეკრულობის პრევენციაც შეიძლება,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

სახლში მაიონეზს სხვა რეცეპტით აღარ მოამზადებთ

სახლში მაიონეზს სხვა რეცეპტით აღარ მოამზადებთ

მაიონეზი გახლავთ კვერცხის გულის, ზეთის, მდოგვის და ლიმონის ან ძმრის კომბინაცია, რომელიც ემულსიის პროცესით მიიღება. მასში შემავალი ყველა კომპონენტი თუ ჯანსაღია, მაიონეზიც ჯანსაღია. თუმცა, მაღაზიაში ნაყიდ მაიონეზებს რიგი პრობლემები აქვთ და სწორედ ამიტომაა მიჩნეული არაჯანსაღად. ესენია:

რაფინირებული ზეთები (იქნება ეს მზესუმზირა, სოიო თუ ნებისმიერი სხვა რაფინირებული ზეთი. დეტალური ინფორმაცია ზეთებზე: https://rb.gy/peuot4)

დამატებული შაქრები და დამატკბობლები

ემულგატორები და სტაბილიზატორები რომელიც შენახვის ვადას უხანგრძლივებენ (დეტალური ინფორმაცია ემულგატორებზე: https://rb.gy/bbvgnq)

მარილის ნაცვლად MSG რომელიც ასევე ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია (დეტალური ინფორმაცია MSG-ზე: https://rb.gy/7wzn0t)

როგორ მოვიქცეთ?

მაღაზიაში ყიდვისას, ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ შემადგენლობას და აარჩიოთ მაღალი ხარისხის, ჯანსაღი ზეთით დამზადებული მაიონეზი ან უკეთესი ალტერნატივაა მისი სახლში მომზადება.

აქვე გიზიარებთ მაიონეზის რეცეპტსაც

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცის გული (პასტერიზებული)
  • 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • მწიკვი შავი წიწაკა
  • 1.5 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 200 მლლ ზეითუნის ან ავოკადოს არარაფინირებული ზეთი
  • მომზადების წესი:

    ყველა ინგრედიენტი, ზეთის გარდა კარგად შეურიეთ ერთმანეთს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. მიქსერი ან შეურიოთ მექანიკური ხელის შემრევით. როცა ერთიან მასას მიიღებთ, ნელ-ნელა დაუმატეთ ზეთიც.

    წყარო:​ Epicalorie

    წაიკითხეთ სრულად