Baby Bag

რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ლიმონიანი წყლის მიღების დადებით შედეგებზე ისაუბრა:

„რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მე შევეცდები, რომ 5 ძალიან საკვანძო მიზეზი გითხრათ საამისოდ.

ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად დალევა თქვენს ორგანიზმს C ვიტამინზე მოთხოვნის 70%-ს შეუვსებს. C ვიტამინი ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცილის - კოლაგენის სინთეზში. თუ კოლაგენი არ წარმოიქმნება, ეს გამოვლინდება ძალიან ბევრი დარღვევით, მათ შორის, ღრძილებიდან სისხლდენით, კანის ნაადრევი დაბერებით.

ასაკოვან ადამიანებს კუჭში უქვეითდებათ მარილმჟავას რაოდენობა, მათ უგროვდებათ აირები და აწუხებთ შებერილობა. ლიმონიან წყალში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი - ლიმონმჟავა. ლიმონმჟავა ჩვენ გვეხმარება საკვების უკეთ მონელებაში.

ზაფხულში ჩვენი სხეული ყოველდღიურად კარგავს დაახლოებით 2-3 ლიტრ წყალს. თუ გამოშრებით, ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახება თქვენს თირკმლებზე. თუ ჩვენს თირკმლებში წყალი საკმარისი რაოდენობით ვერ იქნება და თირკმლებში ლიმონმჟავის რაოდენობა არ იქნება 320 მილიგრამის ტოლი დღე-ღამეში, ეს გამოიწვევს კენჭების ფორმირებას. კენჭების დაახლოებით 2/3 სწორედ ამ პრობლემით არის გამოწვეული.

ლიმონიან წყალში ძალიან ბევრი კალიუმიც არის. კალიუმი ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ნერვული ქსოვილისა და კუნთოვანი ქსოვილის აქტიურობისთვის.

ლიმონიან წყალში არის ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა. ეს ჩვენს ორგანიზმს იცავს დაბერებისგან.

ლიმონიანი წყლის მიღებას ბევრი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ამით შეკრულობის პრევენციაც შეიძლება,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

10 ყველაზე არაჯანსაღი პროდუქტი ბავშვებისთვის

10 ყველაზე არაჯანსაღი პროდუქტი ბავშვებისთვის

ბავშვის ჯანმრთელობისთვის გარკვეული პროდუქტებით კვება საზიანოა. ჩვენს სტატიაში 10 ყველაზე არაჯანსაღ საკვებ პროდუქტს გაგაცნობთ, რომლებიც თქვენს შვილებს არ უნდა მისცეთ.

1. კარტოფილის ჩიფსები

ჩიფსები ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტია. მას ხემსის სახით ზრდასრულებიც ხშირად იღებენ. ჩიფსებში ტრანს ცხიმებისა და მარილის საკმაოდ დიდი კონცენტრაციაა, რის გამოც ეს პროდუქტი ბავშვებისთვის ძალიან საზიანოა. ჩიფსების ხშირი მირთმევა ცუდი ქოლესტერინის დონეს ზრდის და სიმსუქნის განვითარების რისკებს აორმაგებს. გარდა ამისა, მსგავსი სახამებლიანი პროდუქტები, რომლებიც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მზადდება, სახიფათო კარცენოგენს წარმოადგენს და ტოქსიკურია.

2. შოკოლადის რძე

შოკოლადის რძეს მშობლები ბავშვებს ხშირად აძლევენ, რადგან ის ჯანსაღ პროდუქტად მიაჩნიათ. სინამდვილეში პატარები მეტისმეტად ბევრ ტკბილს იღებენ და არა იმ სარგებელს, რომლის მიღებაც ნამდვილი რძის მირთმევისას შეუძლიათ.

3. დონატები

დონატები და მსგავსი ტკბილეული ძალიან ბევრ შაქარს და ხელოვნურ დანამატებს შეიცავს. მსგავსი პროდუქტებისთვის განსაკუთრებული ფერისა და გემოს მისაცემად, საღებავები და ხელოვნური დამატკბობლები გამოიყენება. დონატებში შემავალ მონო ნატრიუმის გლუტამატს ძალიან ბევრი საკვების მწარმოებელი კრძალავს. დონატებში შემავალი დანამატები თავის ტკივილს, სიმსუქნეს, ქსოვილთა დაზიანებას და სიმსივნესაც კი იწვევს. თუ თქვენს შვილს ტკბილეული უყვარს, მას ბევრი ხილი შესთავაზეთ.

4. სოსისი და ჰოთ-დოგი

სოსისი გლუვი და სრიალა ზედაპირის გამო ათ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სახიფათო პროდუქტად ითვლება, რადგან ის დახრჩობის რისკს ზრდის. ის განსაკუთრებით სახიფათო ხდება, როდესაც სოუსი ემატება. ამერიკის პედიატრთა აკადემიამ 2010 წლის თებერვალში ჰოთ-დოგი ბავშვების დახრჩობის გამომწვევ ყველაზე საშიშ პროდუქტად დაასახელა. გარდა ამისა, ჰოთ-დოგი და სოსისი აბსოლუტურად არ შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს და ძალიან არაჯანსაღია.

5. მოუხარშავი ხორცი და კვერცხი

ნახევრად მოხარშული კვერცხი ძალიან მარტივი სადილია ბავშვების დასანაყრებლად. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არასრულფასოვანად მოხარშული კვერცხი და ხორცი, შესაძლოა, სალმონელას ბაქტერიას შეიცავდეს. თუ ბაქტერია სისხლის მიმოქცევაში აღწევს, ის ძალიან სახიფათოა. ბავშვებს სუსტი იმუნიტეტი აქვთ ,რის გამოც მათთვის სალმონელა ძალიან საშიშია. ყოველთვის დარწმუნდით, რომ ხორცი და კვერცხი სრულფასოვნად არის მოხარშული.

6. კარაქი და მდნარი ყველი

კარაქი და მდნარი ყველი დიდი რაოდენობით ნაჯერ ცხიმებსა და ქიმიურ დანამატებს შეიცავს. ყველას ბავშვს უყვარს კარაქი და მდნარი ყველი, თუმცა მათი დიდი რაოდენობით მიღება პატარებისთვის რეკომენდებული არ არის.

7. კანფეტები და ტკბილეული

კანფეტები, საღეჭი რეზინი და სხვა მსგავსი ტკბილეული დიდი რაოდენობით შაქარს, ხელოვნურ საღებავებსა და ქიმიურ დანამატებს შეიცავს. მსგავსი პროდუქტები ბავშვებში დენტალურ პრობლემებს იწვევს. ისინი უსარგებლო კალორიებს შეიცავს და ბავშვების წონაზე ნეგატიურად ზემოქმედებს.

8. არაქისი

არაქისი საკმაოდ ალერგიული პროდუქტია, რის გამოც, ბევრი ბავშვის ორგანიზმი მას ვერ იღებს. გარდა ამისა, არაქისის ფორმა და მისი გლუვი ზედაპირი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის პატარებს. არაქისი დახრჩობის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის, რის გამოც ბავშვებისთვის მის მიცემას არ გირჩევთ.

9. პოპკორნი

პოპკორნი ძალიან სახიფათო პროდუქტია, რადგან ის დახრჩობის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. პოპკორნი არამხოლოდ კბილებს ეკვრის და მათ აზიანებს, არამედ არასწორად გადაყლაპვის შემთხვევაში, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მან შესაძლოა სუნთქვის გართულება ან სიცოცხლის მოსპობაც კი გამოიწვიოს, რის გამოც პატარებს პოპკორნი არ უნდა მისცეთ.

10. ხილის კურკა (თესლი)

ცოცხალი ხილი ბავშვისთვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა ამავეს ვერ ვიტყვით ხილის კურკაზე (თესლზე). ვაშლის, ატმის ან ალუბლის თესლი ამიგდალინს შეიცავს, რომელიც ციანიდის გამომუშავებას განაპირობებს. ციანიდი ტოქნისია, რომლის დიდი რაოდენობით მიღება მომწამვლელია. კურკა დახრჩობის საფრთხესაც შეიცავს.

მომზადებულია ​beingtheparent.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად