Baby Bag

რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ლიმონიანი წყლის მიღების დადებით შედეგებზე ისაუბრა:

„რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მე შევეცდები, რომ 5 ძალიან საკვანძო მიზეზი გითხრათ საამისოდ.

ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად დალევა თქვენს ორგანიზმს C ვიტამინზე მოთხოვნის 70%-ს შეუვსებს. C ვიტამინი ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცილის - კოლაგენის სინთეზში. თუ კოლაგენი არ წარმოიქმნება, ეს გამოვლინდება ძალიან ბევრი დარღვევით, მათ შორის, ღრძილებიდან სისხლდენით, კანის ნაადრევი დაბერებით.

ასაკოვან ადამიანებს კუჭში უქვეითდებათ მარილმჟავას რაოდენობა, მათ უგროვდებათ აირები და აწუხებთ შებერილობა. ლიმონიან წყალში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი - ლიმონმჟავა. ლიმონმჟავა ჩვენ გვეხმარება საკვების უკეთ მონელებაში.

ზაფხულში ჩვენი სხეული ყოველდღიურად კარგავს დაახლოებით 2-3 ლიტრ წყალს. თუ გამოშრებით, ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახება თქვენს თირკმლებზე. თუ ჩვენს თირკმლებში წყალი საკმარისი რაოდენობით ვერ იქნება და თირკმლებში ლიმონმჟავის რაოდენობა არ იქნება 320 მილიგრამის ტოლი დღე-ღამეში, ეს გამოიწვევს კენჭების ფორმირებას. კენჭების დაახლოებით 2/3 სწორედ ამ პრობლემით არის გამოწვეული.

ლიმონიან წყალში ძალიან ბევრი კალიუმიც არის. კალიუმი ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ნერვული ქსოვილისა და კუნთოვანი ქსოვილის აქტიურობისთვის.

ლიმონიან წყალში არის ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა. ეს ჩვენს ორგანიზმს იცავს დაბერებისგან.

ლიმონიანი წყლის მიღებას ბევრი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ამით შეკრულობის პრევენციაც შეიძლება,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,როგორც იკვებები, ისე გამოიყურები, ეს არის უმთავრესი პრინციპი, თუ ასე მოქცევას დავიწყებთ, შედეგს იმაზე მალე დავინახავთ, ვიდრე ველოდებით''

,,როგორც იკვებები, ისე გამოიყურები, ეს არის უმთავრესი პრინციპი, თუ ასე მოქცევას დავიწყებთ, შედეგს იმაზე მალე დავინახავთ, ვიდრე ველოდებით''

პანდემიის პირობებში ​მუდამ სახლში, უმოძრაოდ ყოფნა წონაში მომატების საფრთხეს გვიქმნის, როგორ ჩავდგეთ/შევინარჩუნოთ სხეულის კარგი ფორმები? - აღნიშნულის შესახებ ​MomsEdu.ge პირად მწვრთნელს, გიორგი ვასაძეს ესაუბრა. 

ყველაზე აქტუალური კითხვით რომ დავიწყოთ - კარანტინის პერიოდში ფორმის შენარჩუნების/ფორმაში ჩადგომის გზებზე რომ გვესაუბროთ...

- არსებობს ონლაინ სავარჯიშო და კვების პროგრამები, რომლებიც ინდივიდზეა მორგებული. ეს იქნება წონაში კლება, კუნთოვანი მასის გაზრდა, თუ უბრალოდ ფორმაში ყოფნა. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს კონსულტაცია პერსონალურ ტრენერთან და სახლის პირობებში მიიღოს როგორც კვების, ასევე ვარჯიშის პროგრამა. ეს სისტემა უკვე დიდი ხანია დანერგილია და მუშაობს. შესაბამისად, კარანტინის პერიოდში ფორმის შენარჩუნების ან ფორმაში ჩადგომის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. 

- რა არის ყველაზე მარტივი გზა წონაში კლებისთვის?

- სანამ ამ კითხვაზე გაგცემდეთ პასუხს, საზოგადოებას პირველ რიგში ვურჩევ, რომ თვითნებურად დაწყებული ვარჯიში არასწორია, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. არასწორი ვარჯიშით იზრდება ტრავმის მიღების ალბათობა, შესაძლებელია დავიზიანოთ მყესი, საბოლოო ჯამში, ჯანსაღი სხეულის ნაცვლად მივიღოთ დაზიანებული სხეული. თუ გსურთ ვარჯიშის დაწყება, წონაში მარტივად კლება, კარგი იქნება პერსონალურ მწვრთნელთან ვარჯიში სამი თვე მაინც.სწორედ პროფესიონალი უნდა აკვირდებოდეს ვარჯიშს - ასე ბევრად მარტივია იმ შედეგის მიღება, რაც გსურთ.

- ფიზიკურ დატვირთვაზე რომ ვისაუბროთ, დღის განმავლობაში რამდენსაათიანი ფიზიკური დატვირთვაა მიზანშეწონილი?

- არსებობს ფიტნეს ნორმა, რამდენი ხანი უნდა ივარჯიშოს ადამიანმა. ეს არის ერთი საათიდან საათნახევრამდე. ხოლო რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც სახლში, თვითნებურად ვარჯიშობენ, მინდა ვურჩიო, რომ არასწორია გაღვიძებისთანავე ვარჯიში, სასურველია ჯერ კვება და ამის შემდეგ, დაახლოებით 2 საათში ვარჯიშის დაწყება.

- ჩქარი სიარული თუ სირბილი, თქვენ რომელს ურჩევდით?

- როგორც წესი, სირბილს რეკომენდაციას არ ვუწევ, რადგან შესაძლებელია, მუხლების დაზიანება გამოიწვიოს, რამაც წლების შემდეგ შეიძლება იჩინოს თავი. მე გირჩევთ ჩქარი ნაბიჯით სიარულს, შესაძლებელია აღმართზე. ამ შემთხვევაში ფილტვები მოითხოვს მეტ ჟანგბადს, შესაბამისად, გულის აჩქარების ხარჯზე ვიღებთ კალორიების წვას. აუცილებელია გაღვიძებიდან 2 საათში, რადგან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, გულს სერიოზული ზიანი მივაყენოთ.

- რას ფიქრობთ მკაცრ დიეტებზე, საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს ორგანიზმისთვის?

- როგორც თვითნებურად დაწყებული ვარჯიში შესაძლოა, გახდეს საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ასევე დიეტაც.  ყველაზე სწორი გზა არის, მივეჩვიოთ ჯანსაღად კვებას, რაც 3 საათში ერთხელ სასარგებლო პროდუქტების მიღებას გულისხმობს. მაგალითად, ქათმის გულ-მკერდის ნაწილი, კვერცხი, თევზი, ბრინჯი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი. რაც შეეხება ვიტამინებისა და მინერალების კომპლექტს: ვაშლი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, მარწყვი, ბოსტნეული. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ჩვენს ორგანიზმს დაეხმარება, ჯანსაღად გამოიყურებოდეს. არსებობს გამონათქვამი, როგორც იკვებები, ისე გამოიყურები. ეს არის უმთავრესი პრინციპი, თუ ასე მოქცევას დავიწყებთ, შედეგს იმაზე მალე დავინახავთ, ვიდრე ველოდებით.

- 18 საათიანი ან დუკანის დიეტა - რომელს გაუწევდით რეკომენდაციას?

- ყველა დიეტას თავისი მიდგომა აქვს და სპეციალისტი ჰყავს. ყველას ერთს ვურჩევ, როგორი კვების რაციონიც არ უნდა იყოს, გაიაროსნ რეკომენდაცია სპეციალისტთან, დიეტა თვითნებურად არ დაიწყონ. რაც შეეხება 18 საათიან დიეტას, არ ვემხრობი. 6 საათი კვებისთვის ცოტაა და 6-ის შემდეგ კვების აკრძალვა - არასწორი, რადგან ამ შემთხვევაში შიმშილისა და სტრესის ხარჯზე იღებ შედეგს. თუ გვინდა ვიყოთ ჯანმრთელები, უნდა ვიკვებოთ დღეში 5-ჯერ სამსაათიანი შუალედებით.

ესაუბრა: სოფიო შავაძე 
წაიკითხეთ სრულად