Baby Bag

„ნიორს სიმსივნის განვითარების შეფერხება შეუძლია,“ - გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ იმ განსაკუთრებულ სარგებელზე ისაუბრა, რომელიც ნიორს ორგანიზმისთვის მოაქვს და აღნიშნა, რომ ამ პროდუქტს ორგანიზმის სიმსივნისგან დაცვა შეუძლია:

„ძალიან საინტერესო რაღაცის თქმა მინდა ნიორზე. მამაჩემი ყოველდღიურად მიირთმევს ნიორს. ზოგადად არ მიყვარს ნიორზე, ხახვზე და მსგავს თემებზე ლაივების წერა, მაგრამ რადგან მამაჩემი მიირთმევს ყოველდღიურად ნიორს, ვიფიქრე, ხომ არ ჩამეწერა-მეთქი. ნიორს შეუძლია სიმსივნის განვითარების შეფერხება. გეტყვით, რომელი ორგანოს სიმსივნის განვითარება შეიძლება შემცირდეს მისი ყოველდღიური მიღებით. ნიორი ეს ფაქტობრივად არის გოგირდი.

ნიორი ადამიანს კოვიდისგან ვერ დაიცავს. დაგიცავთ თუ არა ნიორი გაციებისგან? არ გვაქვს საიმედო კვლევები. დაგიცავთ თუ არა ნიორი სიმსივნისგან? დიდი ალბათობით, კი. 2016 წელს იყო კვლევები, მანამდე 2013-შიც, განსაკუთრებით ორ ორგანოზე. აქედან ერთ-ერთი აინტერესებდათ. ეს ორგანო იყო კუჭი. დადგინდა, რომ ნიორს შეუძლია 35%-ით შეგიმციროთ კუჭის სიმსივნის განვითარების ალბათობა. იცავს თუ არა ნიორი მსხვილ ნაწლავს სიმსივნის განვითარებისგან? არა. 2013 წლის კვლევით დადგინდა, რომ ნიორი შეიძლება ადამიანს იცავდეს წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის განვითარებისგანაც.

ნიორს როდესაც მოიხმარ, შეეცადე გაარკვიო, შეიძლება თუ არა მისი მოხმარება მედიკამენტებთან ერთად. მისი მოხმარება ვარფარინთან ერთად საფრთხილოა. ამ დროს იზრდება სისხლდენების განვითარების რისკი. ასევე საფრთხილოა მისი მიღება წნევის დამწევებთან და კალციუმის არხების ბლოკერებთან,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ უნდა მივცეთ ბავშვს ჭამის დროს დასვრის უფლება?

რატომ უნდა მივცეთ ბავშვს ჭამის დროს დასვრის უფლება?

მშობლები მონდომებით ცდილობენ, რომ ჭამის დროს ბავშვი არ დაისვაროს. დასვრილი ბავშვისა და გარემოს მოწესრიგება საკმაოდ დიდ შრომასთან არის დაკავშირებული, რის გამოც უფროსების მონდომება სავსებით გასაგებია. როგორც ირკვევა მოუწესრიგებლად ჭამა ბავშვის განვითარებაზე დადებითად აისახება. ჩვენს სტატიაში იმ 4 სარგებელს გაგაცნობთ, რომელიც ბავშვისთვის მოუწესრიგებლად ჭამას მოაქვს.

1. ბავშვები, რომლებიც ჭამის დროს ისვრებიან, პრობლემურ მჭამელებად იშვიათად ყალიბდებიან

დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა 2-5 წლამდე ასაკის 70 ბავშვის მონაწილეობით ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ფაფისებრი კონსისტენციის მქონე საკვებით სავსე ჯამში სათამაშო ჯარისკაცი დამალეს და ბავშვებს მისი პოვნა სთხოვეს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც საკვებით მოთხვრილ შვილს დაინახავთ, ნუ დაიზაფრებით. შესაძლოა, მან ახალი პროდუქტები სიამოვნებით დააგემოვნოს.

2. მოუწესრიგებლად კვება ბავშვის ტვინის განვითარებას და ახალი სიტყვების ათვისებას უწყობს ხელს

ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც საკვებ მაგიდასთან სხედან და საკვებით თამაშობენ, პროდუქტების შესახებ მეტ ინფორმაციას იძენენ. ხელით შეხება ბავშვებს საკვების შესახებ ცოდნის მიღებაში ეხმარება. კვლევის პატარა მონაწილეები მათ მიერ შესწავლილ პროდუქტების სახელებსაც იმახსოვრებდნენ, რაც მათ ენის შესწავლასა და ახალი სიტყვების ათვისებაშიც ეხმარებოდა.

3. ეს ერთგვარი სენსორული თამაშია, რომელიც ბავშვს მოტორულ უნარებს უვითარებს

​ბავშვი, რომელიც ჭურჭლის დაჭერას და მანევრირებას სწავლობს, ხშირად სახლში უდიდეს არეულობას და ქაოსს იწვევს, თუმცა ეს გამოცდილება მას სწავლაში ეხმარება. ბავშვის ტვინი ახალ ინფორმაციას იღებს. ბავშვი აცნობიერებს, რომ ჭურჭლისთვის ხელის გაშვება მის ვარდნას იწვევს, ხოლო საკვებისთვის ხელის მოჭერა მის ფორმას ცვლის.

4. ბავშვები დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ მათ საკვების შესახებ ინფორმაციის თავისუფლად მიღების შესაძლებლობა მისცეთ

ბავშვები პატარა მეცნიერები არიან. ისინი გარემოს იკვლევენ და დაკვირვების მეთოდს შემეცნებისთვის იყენებენ. დამოუკიდებელი მოქმედება ბავშვს მეტი ფიქრის უნარს სძენს, ხოლო პირდაპირი ინსტრუქციები მის გონებას აზარმაცებს. სწორედ ამიტომ, ბავშვისთვის თავისუფლად კვებისა და ჭამის დროს დასვრის უფლების მიცემა საკმაოდ კარგი აზრია.

წყარო: ​Brightside.me

წაიკითხეთ სრულად