Baby Bag

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე ვურჩევ ყველას, რომ ვირუსების პრევენციისთვის ყველანაირი საშუალება გამოვიყენოთ, მაგრამ არა წყალბადის ზეჟანგი,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„მე ვურჩევ ყველას, რომ ვირუსების პრევენციისთვის ყველანაირი საშუალება გამოვიყენოთ, მაგრამ არა წყალბადის ზეჟანგი,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ვირუსების წინააღმდეგ ბუნებრივი საშუალებების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვები თავიდანვე უნდა გავაკაჟოთ, რათა ვირუსებთან გამკლავება არ გაუჭირდეთ:

„თავიდანვე ბავშვის გაკაჟებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არის კიდევ ძალიან ბევრი ხალხური საშუალება, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. არაჩვეულებრივია ნიორი, ხახვი, ჟოლო, ჯინჯერი, დარიჩინი, ცაცხვი. გვირილა. მ​ე არ ვამბობ იმას, რომ ეს ყველაფერი შეაჩერებს ვირუსის რეპლიკაციას, მაგრამ ხელს შეუწყობს იმას, რომ მეტ-ნაკლებად თავიდან აგვარიდოს გართულებები.“

„მე ვურჩევ ყველას, რომ ყველანაირი გზა და საშუალება გამოვიყენოთ, მაგრამ უსაფრთხო, არა წყალბადის ზეჟანგი. ეს რომ არ ავღნიშნო არაფრით არ შემიძლია. ბოლო პერიოდში მყავდა სამი ბავშვი, რომლებიც მოიყვანეს ცხვირ-ხახის ლორწოვანის დამწვრობით. ეს წარმოუდგენელია. ის არის ანტისეპტიკი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არაფერს აკეთებს. ამით შეიძლება გავწმინდოთ ტელეფონი, გავწმინდოთ რაღაც ზედაპირები. არსებობს სადეზინფექციო ხსნარები. გრიპის პერიოდში შევიძინოთ და მოვახდინოთ ზედაპირების გაწმენდა,“- აღნიშნა ინგა მამუჩიშვილმა.

წყარო: ​საპატრიარქოს ტელევიზია

წაიკითხეთ სრულად