Baby Bag

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყოველთვის ათიანის მიღება ძალიან სტრესულია, შფოთვითი აშლილობების ბაზისი მთლიანად მოდის ამაზე ,“ - ფსიქოთერაპევტი ნათია კუჭუხიძე

„ყოველთვის ათიანის მიღება ძალიან სტრესულია, შფოთვითი აშლილობების ბაზისი მთლიანად მოდის ამაზე ,“ - ფსიქოთერაპევტი ნათია კუჭუხიძე

ფსიქოთერაპევტმა ნათია კუჭუხიძემ ბავშვებში კომპლექსების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვისთვის მთავარია წახალისება, რათა მან იგრძნოს, რომ მისი მონდომება სათანადოდ ფასდება:

„მთავარია, რომ ბავშვი წავახალისოთ. ვუთხრათ მას, რომ ​თუ რამე ამ ეტაპზე არ გამოსდის, არაუშავს. დავფიქრდეთ ერთად, რა დაეხმარება მას. მისი მონდომება შევაქოთ. არ უნდა ვუთხრათ, მაგალითად, რომ „ათიანები მინდა!“ ყოველთვის ათიანის მიღება ძალიან სტრესულია. როდესაც ბავშვი თავისი ინტელექტუალური უნარებიდან გამომდინარე ამას ვეღარ ახერხებს, მას უჩნდება განცდა: „მე არაფერი არ ვარ, რადგან ათიანებს არ ვიღებ, რადგან ცხრიანი მაქვს.“ შფოთვითი აშლილობების ბაზისი მთლიანად მოდის ამაზე, შეიძლება დეპრესიული განწყობაც ჩამოყალიბდეს.“

ნათია კუჭუხიძის თქმით, რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მეტი სიფრთხილე მართებს მასთან ურთიერთობაში მშობელს:

„რაც უფრო მცირე ასაკის არის ბავშვი, მით უფრო მეტად უნდა იყოს მშობელი ფრთხილად, მით უფრო მეტად მხარდამჭერი უნდა იყოს. მოზარდობის ასაკში ასეთი ბავშვი უფრო მარტივად ძლევს პრობლემებს. ​ათიანების მოთხოვნა ძალიან მძიმე ტვირთია ბავშვისთვის. ემოციურად ვინ როგორ გაუმკლავდება ამას, ეს არავინ არ იცის.“

ნათია კუჭუხიძემ აღნიშნა, რომ ზემზრუნველი და მაკონტროლებელი მშობელი არ არის მხარდამჭერი შვილისთვის:

„მაკონტროლებელი და ზემზრუნველი მშობელი არ არის მხარდამჭერი მშობელი. უფრო ავტორიტეტული მშობელი არის მხარდამჭერი და არა ავტორიტარი. ავტორიტეტი მშობელი აძლევს ბავშვს თავისუფლებას, რომ თვითონ იფუნქციონიროს. ​თუ ბავშვს სწავლას ვაიძულებ, ის არ დაინტერესდება. შეიძლება რევანშის გამო გააკეთოს ეს და ყველაფერი მიიღოს. ამიტომაც არის, ზოგჯერ ადამიანს ყველაფერი აქვს და მაინც უბედურია. იმიტომ, რომ ის ვიღაცის ჯიბრზე ან რაღაცის დასამტკიცებლად აკეთებს ამას.“

„ბავშვს სოციალიზაციის პირველი კრიზისი 3 წლის ასაკში აქვს. სოციუმში რომ გავიდეს და კრიზისი გადალახოს, ეს მტკივნეულია. ძალიან კარგი სტრატეგიები არსებობს, როგორ მოხდეს ბავშვის ბაღთან ადაპტაცია. თუ ზემზრუნველები ვართ, მაშინ რას ვიტყვით? ვიტყვით, რომ ოღონდ ბავშვმა არ იტიროს და გამოვიყვან ბაღიდან. ​შემდეგ მოდის სკოლა და მას სკოლაში შეიძლება უფრო გაუჭირდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნათია კუჭუხიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად