Baby Bag

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

შეიძლება დაინტერესდეთ

„მამა არის ღმერთის სახე ოჯახში. ბავშვისთვის არის კარგი, როდესაც ხედავს, რომ ოჯახში მამას პატივს სცემენ,“ - მარინა კაჭარავა

„მამა არის ღმერთის სახე ოჯახში.  ბავშვისთვის არის კარგი, როდესაც ხედავს, რომ ოჯახში მამას პატივს სცემენ,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ოჯახში მამის როლის შესახებ ისაუბრა და ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

​ოჯახი უნდა იყოს სუბორდინირებული. ეს აუცილებელია ბავშვისთვის. ვთქვათ, სუფრას შლი და სადილი უნდა მიაწოდო ქმარს და შვილებს. პირველად ვის მიაწოდებ? ქართულ კულტურაში ამბობენ, რომ შვილებს, იმიტომ, რომ ყველაფერია შვილები. სჯობს, რომ ჯერ ქმარს მიაწოდო, იმიტომ, რომ ეს შვილებისთვის არის კარგი. ბავშვისთვის არის კარგი, როდესაც ხედავს, რომ ოჯახში მამას პატივს სცემენ. ვინ არის მამა ოჯახში? დიდად არ განსხვავდება ფსიქოლოგიური მიდგომა რელიგიურისგან. მამა არის ღმერთის სახე ოჯახში. როგორც ყველა ჩვენგანისთვის არის უსაფრთხოების გარანტორი ღმერთი. მორწმუნე ადამიანისთვის მთავარი დასაყრდენი არის უფალი. ბავშვისთვის არის მამა და დედა. ბავშვი გრძნობს თავს მშვიდად და უსაფრთხოდ, თუ ის არის მამის წიაღში.“

მარინა კაჭარავამ აღნიშნა, რომ ბავშვი მამის იმედადაა და თუ ის დისკრედიტირებულია, ბავშვის თვალში ძალას კარგავს:

„თუ შეგიმჩნევიათ ბავშვები ეზოში ამბობენ: „მამა მოვა და გადაგაგდებს ამერიკაში, მოგერევა.“ ეს ბავშვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის არის მამის იმედად. ​თუ მამა არის დისკრედიტირებული ოჯახში, ამ შემთხვევაში ბავშვის თვალში მამა კარგავს იმ ფასს და ძალას, რაც ექნებოდა სხვა შემთხვევაში. ადამიანს აქვს იდეალიზაციის მოთხოვნილება. ბავშვს აქვს მოთხოვნილება, რომ ვიღაც ჰყავდეს იდეალური. თუ ბავშვს იდეალიზაციის მოთხოვნილებას მშობელი ვერ უკმაყოფილებს ბავშვობაში, ბავშვი ამ მოთხოვნილებას სხვა დროს და სხვა მდგომარეობაში იკმაყოფილებს. ეს ხშირ შემთხვევაში კუმირებსა და ფანატიკურ მიჯაჭვულობებში გადადის. ადამიანს უნდა, რომ ჰგავდეს სხვას. ვისაც ეს მოთხოვნილება ბავშვობაში არ დაუკმაყოფილდა, ის მომავალში არის ძალიან ორიგინალური. ამ ყველაფრის ჰიპერკომპენსაცია ხდება.“

„ოჯახში უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა. ავტორიტეტი ძალით ვერ გახდები. განა ჩემი საუბარი ზრდის ბავშვს და მე რას ვასწავლი, მე როგორც ვიქცევი, ეს არის მთავარი. ქცევის მოდელის იმპრინტირება ხდება ტვინში. ჩვენ ყველას გვაქვს ქცევის რეპერტუარი. ლიბერალური ოჯახის გაგება თუ ის არის, რომ მე არ მაინტერესებს, შენ რას აკეთებ, ეს არ არის სწორი და კარგი. ადამიანს ასევე აქვს აღიარების მოთხოვნილება. ყველას გვინდა, რომ პატივი გვცენ. როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მეც იმას ვაკეთებ, რაც მინდა, ​ეს არ არის ოჯახი უკვე. ასეთ ურთიერთობაში შეიძლება მეზობელთან იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს უფლება ან განმარტოების, ან მეგობრებთან წასვლის. ყველაზე მთავარი ოჯახში არის პატივისცემა. რომ ვამბობთ სიყვარული, ხანდახან გასარკვევია რა არის ეს სიყვარული. სიყვარულს მთელი ცხოვრება ვსწავლობთ და მაინც არ ვიცით. შეიძლება მეორე ადამიანისთვის დამანგრეველიც იყოს ეს სიყვარული. უფრო მნიშვნელოვანია, მე მას ვცემდე პატივს. ვცემდე პატივს არა როდესაც გაიზრდება, არამედ როდესაც ჩაისახება ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად