Baby Bag

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა გავარჩიოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან?

როგორ უნდა გავარჩიოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან?

როგორ უნდა გავარჩიოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან? - თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა დავით თელიამ ისაუბრა.

„სიცივის ალერგია ეს არის ურტიკარული გამონაყარი, რაც არ უნდა შეგვეშალოს სიცივისგან გამოწვეულ გამოშრობაში. სიცივის ალერგიის გატესტვა შეგვიძლია მარტივად - ავიღოთ ყინულის ნაჭერი, გავახვიოთ მარლაში და დავიდოთ ხელზე. დაახლოებით 5-10 წუთში თუ გამოვლინდა ალერგია, ეს იმას ნიშნავს რომ სიცივის ალერგიასთან გვაქვს საქმე, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია სიცივის ანტისხეულებთან. 

იმუნური სისტემა რეაგირებს სიცივეზე და წარმოქმნის ანტისხეულებს. ისმის კითხვა - რატომ?

არის ინფექციები, რომლებიც ძალიან ხშირად წინ უსწრებენ სიცივის ანტისხეულების წარმოქმნას. ერთ-ერთი გავრცელებული ბაქტერიული ინფექცია არის მიკოპლაზმა, რომელსაც ახასიათებს სიცივის აგლუტინინების პროდუქცია. პირველ რიგში, იტესტება მიკოპლაზმური ინფექცია, თუ აღმოჩნდა რომ მიკოპლაზმური ინფექციაა, ინიშნება მაკროლიდური ანტიბიოტიკები, რომელიც ატიპიურ მაკროფლორაზე მოქმედებს და ამით გვარდება პრობლემა. ასევე, არის უფრო სერიოზული ვირუსული დაავადებები. ჰეპატიტმა (C და B) შეიძლება იმუნური სისტემა განაწყოს სიცივის აგლუტინინების წარმოქმნაზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ანალიზების გაკეთება და ამის შემდგომ გადაწყვეტილების მიღება,'' - აღნიშნა დავით თელიამ. 

წყარო: პირადი ექიმი-მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად