Baby Bag

„როდესაც ქალს აქვს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა, ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს...“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობის პრობლემით ბევრი პაციენტი მომმართავს. მათ აინტერესებთ, უკავშირდება თუ არა ეს სიმსივნეს. სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა შემთხვევათა 98%-ში არ უკავშირდება სიმსივნეს და როგორც წესი, შედარებით კეთილთვისებიანი დაავადებებით არის გამოწვეული. სიმსივნით გამოწვეული ტკივილი გვხვდება მხოლოდ 0,2-2%-ში. როდესაც ქალს აქვს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ფაქტორს: უკავშირდება თუ არა ის მენსტრუალურ ციკლს და როგორი ხასიათისაა.

თუ ქალს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა აწუხებს ორივე მხარეს, განსაკუთრებით ზედა გარეთა კვადრატებში და ის იწყება მენსტუაციამდე 2 კვირით, ერთი კვირით ადრე, ეს ციკლური ხასიათის მასტალგიაზე მეტყველებს და ყველაზე გავრცელებული ტკივილია ჩვენს რეალობაში. ამ დროს იმატებს თავის ტვინში პროლაქტინის გამოყოფა, რის გამოც ჯირკვლოვანი მასა იზრდება ზომაში. ეს ტკივილი არის ან მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის და მენსტრუაციის დაწყებისას ჩაცხრება. ეს კეთილთვისებიანი ტკივილია.

სარძევე ჯირკვლის აციკლური ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს მის უკან არსებული ქსოვილების დაზიანებით. ეს შეიძლება იყოს ძვლის, ხრტილის, კუნთის დაზიანება, ნერვის დაზიანება და ა.შ. ყურადღება მიაქციეთ ამ ტკივილს ახლავს თუ არა სხვა ნიშნები, მაგალითად, გამონაყარი სარძევე ჯირკვალზე, შეწითლება, შესიება იმდენად, რომ ტემპერატურა იმატებს, ხომ არ არის დვრილის მიდამოში გამონადენი ერთ ან ორივე მხარეს, ხომ არ არის დვრილის მიდამოში აქერცვლა, ქავილი, დვრილის ჩაბრუნება, ფორთხოლისებური კანის ფენომენი. თუ ამ ნიშნებს შენიშნავთ და დაინახავთ სარძევე ჯირკვლებს შორის გამოხატულ ასიმეტრიულობას, რომელიც აქამდე არ იყო და ახლა გაჩნდა, მაშინ სასურველია, რომ მიმართოთ მამოლოგს. ამ შემთხვევაში მეტი ყურადღება გვმართებს, რომ გავიგოთ, რამ გამოიწვია სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა.

თუ თქვენ ისინჯავთ კვანძებს, მიუხედავად იმისა ისინი მოძრაობს, თუ არ მოძრაობს, მაინც მიმართეთ მამოლოგს. აუცილებელია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მუდმივი სკრინინგი. სხვადასხვა ქვეყანაში ეს სკრინინგი იწყება სხვადასხვა ასაკიდან, ზოგან 45 წლიდან, ზოგან 50-დან,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

​თავის ტვინის სრულყოფილი კვლევა ყველაზე მძლავრი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით ,,ნიუ ჰოსპიტალსშია’’ ხელმისაწვდომი

​თავის ტვინის სრულყოფილი კვლევა ყველაზე მძლავრი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით ,,ნიუ ჰოსპიტალსშია’’ ხელმისაწვდომი

,,ნიუ ჰოსპიტალსში’’ 3 ტესლა სიმძლავრის ულტრათანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის საშუალებით დროის მოკლე მონაკვეთში ტარდება თავის, ზურგის ტვინისა და ხერხემლის სვეტის დეტალური კვლევა, როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური.

ამ თემაზე უფრო დეტალურად MomsEdu.ge-ს ნიუ ჰოსპიტალსის რადიოლოგი მაია გაგუა ესაუბრა.

  • რა უპირატესობები და მახასიათებლები აქვს 3 ტესლა სიმძლავრის ულტრათანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფს?

მაია გაგუა: „თუ შევადარებთ სხვა ტომოგრაფებს, აღნიშნული ტომოგრაფით კვლევა ბევრად უფრო კომფორტულია პაციენტებისთვის და პროგრამული თვალსაზრისით მეტად უზრუნველყოფილია, აქვს ახალი რეჟიმები, რაც ძალიან გვეხმარება სხვადასხვა დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებასა და წარმონაქმნების დროულ აღმოჩენაში, როცა მათი ზომა ჯერ კიდევ რამდენიმე მილიმეტრია.

პედიატრიულ პოპულაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული აპარატით კვლევების ჩატარება, რადგან უფრო სწრაფი და ინფორმატიულია სხვა ტომოგრამებთან შედარებით. 6 წლამდე ასაკის ბავშვების გამოკვლევა ხდება დაძინებით, რომელიც გრძელდება მაქსიმუმ 20-30 წუთი, კვლევის დასრულებისთანავე ბავშვი იღვიძებს და 1-საათიანი ანესთეზიოლოგის მეთვალყურეობის შემდეგ მიდის სახლში“.

  • ულტრათანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირება, მათშორის ნევროლოგიური დაავადებების. ხაზგასასმელია, რომაღნიშნული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის საშუალებით საკმაოდ გამარტივებულია ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება.

მაია გაგუა: „დიახ, ულტრათანამედროვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი საშუალებას გვაძლევს დროის მოკლე მონაკვეთში მივიღოთ უმაღლესი ვიზუალიზაციის მქონე გამოსახულება, შევისწავლოთ თავის ტვინის სისხლძარღვები არაინვაზიურად - უკონტრასტოდ, სპეციალური რეჟიმების საშუალებით განვსაზღვროთ თავის ტვინის პერფუზია სხვადასხვა დაავადების დროს, შევისწავლოთ სხვადასხვა მეტაბოლიტი სხვადასხვა დაავადების დროს, რაც აუმჯობესებს დიაგნოსტიკას და მკვეთრად ამცირებს დიფერენციულ დიაგნოსტიკას. ნეიროქირურგებისთვის ძალიან ინფორმატიულია პრეოპერაციული დაგეგმარებისთვის და ოპერაციის მასშტაბის განსაზღვრისთვის, რათა თავიდან ავირიდოთ პოსტოპერაციული ნევროლოგიური დეფიციტი და გართულებები“.

  • როგორც აღნიშნეთ, ნევროლოგიური დაავადებების კვლევის პროცესი გამარტივებულია, რა დრო სჭირდება და რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს კვლევისას პაციენტი?

მაია გაგუა: „ახალი აპარატით კვლევის პროცედურა უფრო სწრაფია და გრძელდება 15-დან 30-წუთამდე. ნაკლები ხმაურია, პაციენტს შეუძლია კვლევის განმავლობაში სასურველი მუსიკის მოსმენა. აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვებისა და ორსულებისთვის, რადგან ამ გამოკვლევის დროს არ არის რენტგენული გამოსხივება, კვლევა დაფუძნებულია მაგნიტური ველის არსებობაზე, რომელიც საფრთხის შემცველი არ არის“.

  • ნევროლოგიური დაავადებების კვლევამდე რაიმე სახის მომზადება თუ სჭირდება პაციენტს, რა უნდა გაითვალისწინოს?

მაია გაგუა: „კვლევამდე პაციენტს არანაირი მომზადება არ ესაჭიროება. რაც შეეხება კვებას, არც აქ არის შეზღუდვა საჭირო“.

  • და ბოლოს, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად და კონკრეტულად ნევროლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება?

მაია გაგუა: „ადრეული დიაგნოსტირება ნევროლოგიური დაავადების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც სხვა დაავადებების დროს, რათა თავიდან ავიცილოთ შორსწასული შემთხვევები და მინიმუმამდე დავიყვანოთ გართულებები და ინვალიდობის რისკი.

ამ კვლევის ჩატარებას ვურჩევ ყველა ადამიანს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პროფილაქტიკის მიზნით, რათა არაინვაზიურად მოახდინოს თავის ტვინის ანევრიზმის სკრინინგი და თავიდან აიცილოს ის გართულებები, რაც ამ დაავადებას ახასიათებს ანევრიზმის გასკდომის შემთხვევაში; ასევე, აუცილებელია ამ კვლევის ჩატარება ნებისმიერი ნევროლოგიური დეფიციტის მქონე პაციენტებში, როგორიცაა: თავისა და ხერხემლის ტკივილი, კიდურების სისუსტე და დაბუჟება, მეტყველების პრობლემები, გულყრა და ა. შ“.

R. 

წაიკითხეთ სრულად