Baby Bag

„როდესაც ქალს აქვს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა, ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს...“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობის პრობლემით ბევრი პაციენტი მომმართავს. მათ აინტერესებთ, უკავშირდება თუ არა ეს სიმსივნეს. სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა შემთხვევათა 98%-ში არ უკავშირდება სიმსივნეს და როგორც წესი, შედარებით კეთილთვისებიანი დაავადებებით არის გამოწვეული. სიმსივნით გამოწვეული ტკივილი გვხვდება მხოლოდ 0,2-2%-ში. როდესაც ქალს აქვს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ფაქტორს: უკავშირდება თუ არა ის მენსტრუალურ ციკლს და როგორი ხასიათისაა.

თუ ქალს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა აწუხებს ორივე მხარეს, განსაკუთრებით ზედა გარეთა კვადრატებში და ის იწყება მენსტუაციამდე 2 კვირით, ერთი კვირით ადრე, ეს ციკლური ხასიათის მასტალგიაზე მეტყველებს და ყველაზე გავრცელებული ტკივილია ჩვენს რეალობაში. ამ დროს იმატებს თავის ტვინში პროლაქტინის გამოყოფა, რის გამოც ჯირკვლოვანი მასა იზრდება ზომაში. ეს ტკივილი არის ან მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის და მენსტრუაციის დაწყებისას ჩაცხრება. ეს კეთილთვისებიანი ტკივილია.

სარძევე ჯირკვლის აციკლური ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს მის უკან არსებული ქსოვილების დაზიანებით. ეს შეიძლება იყოს ძვლის, ხრტილის, კუნთის დაზიანება, ნერვის დაზიანება და ა.შ. ყურადღება მიაქციეთ ამ ტკივილს ახლავს თუ არა სხვა ნიშნები, მაგალითად, გამონაყარი სარძევე ჯირკვალზე, შეწითლება, შესიება იმდენად, რომ ტემპერატურა იმატებს, ხომ არ არის დვრილის მიდამოში გამონადენი ერთ ან ორივე მხარეს, ხომ არ არის დვრილის მიდამოში აქერცვლა, ქავილი, დვრილის ჩაბრუნება, ფორთხოლისებური კანის ფენომენი. თუ ამ ნიშნებს შენიშნავთ და დაინახავთ სარძევე ჯირკვლებს შორის გამოხატულ ასიმეტრიულობას, რომელიც აქამდე არ იყო და ახლა გაჩნდა, მაშინ სასურველია, რომ მიმართოთ მამოლოგს. ამ შემთხვევაში მეტი ყურადღება გვმართებს, რომ გავიგოთ, რამ გამოიწვია სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა.

თუ თქვენ ისინჯავთ კვანძებს, მიუხედავად იმისა ისინი მოძრაობს, თუ არ მოძრაობს, მაინც მიმართეთ მამოლოგს. აუცილებელია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მუდმივი სკრინინგი. სხვადასხვა ქვეყანაში ეს სკრინინგი იწყება სხვადასხვა ასაკიდან, ზოგან 45 წლიდან, ზოგან 50-დან,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გრიპით დაავადებული პაციენტის მდგომარეობა უარესდება - გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გრიპით დაავადებული პაციენტის მდგომარეობა უარესდება - გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს

,,დღესდღეობით, ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ცხელება, გამოხატული სისუსტე, კუნთებისა და სახსრების ტკივილები - პანიკდებიან და არ იციან, რა გააკეთონ. ამჟამად, ერთდროულად ბევრი ვირუსული ინფექციაა გავრცელებული. თუმცა, გამოკვეთილია სეზონური გრიპი", - ამის შესახებ ექიმი, გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

,,პირველ ყოვლისა, უნდა გახსოვდეთ, რომ როდესაც საუბარია სეზონურ გრიპზე, მას აქვს ინკუბაციური პერიოდი - ანუ, როცა შენ გაქვს კონტაქტი ვინმესთან, ვისაც აქვს ეს დაავადება, შენც გამოგივლინდება ეს ნიშნები - საშუალოდ, 2 დღეში. რით ვლინდება? აქვს ტიპური სამი ნიშანი: ცხელება (37.8 გრადუსიდან - 40/41 გრადუსამდე), პაციენტს აქვს არაპროდუქციული ხველა (ახველებს მშრალად) და კუნთების ტკივილი. ეს 3 ნიშანი შეიძლება, არ შეგვხვდეს, როდესაც პაციენტის ასაკი არის 65 წელს ზემოთ. 

ვის შეიძლება, დაემართოს გრიპი განსაკუთრებულად მძიმე ფორმით და ვის სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება - ადამიანები, რომელთა ასაკი არის 65 წელს ზემოთ, პაციენტები ფილტვის დაავადებით, გულის დაავადებების მქონე ადამიანები, ონკოპაციენტები. 

როგორ უნდა მიხვდე, რომ პაციენტის მდგომარეობა უარესდება - მესამე დღის შემდეგ ტემპერატურამ უნდა დაიწიოს, მაგრამ თუ რამდენიმე დღის განმავლობაში აიწია, შემდეგ დაიწია და კვლავ აიწია, ეს იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობას თან დაერთო პოტენციურად უკვე ფილტვების ანთება და ეს  არის ძალიან საყურადღებო. შესაძლოა, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების დანიშვნა. 

რაც შეეხება პრობლემის მოგვარება - დავიწყოთ იმით, რომ აუცილებელია ბევრი სითხის მიღება. მეორე - თუ ჩვენ მხოლოდ ტემპერატურის დაწევა გვინდა, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა უშუალოდ ,,პარაცეტამოლი". თუ ადამიანი არის 18 წელს ზემოთ, შესაძლებელია ,,ასპირინის" გამოყენება (დოზებთან დაკავშირებით იხ. ვიდეო) - არავითარ შემთხვევაში ის არ უნდა გამოიყენოთ ბავშვებისთვის. ბავშვებისთვის და ასევე უფროსებისთვის განსაკუთრებულად პოპულარულია ,,იბუპროფენი" და ის ბევრი სახით არის ხელმისაწვდომი", - განმარტავს გიორგი ღოღობერიძე. 


წაიკითხეთ სრულად