Baby Bag

რა კავშირია ორსულობისას ფოლიუმის მჟავის ჭარბი დოზებით მიღებასა და აუტიზმის სპექტრის აშლილობებს შორის? - მეან-გინეკოლოგ მამუკა ნემსაძის რეკომენდაციები

მეან-გინეკოლოგმა მამუკა ნემსაძემ ფოლიუმის მჟავის გადაჭარბებული დოზებით მიღებასთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრა:

„ყველაფერი კარგი ზომიერი რაოდენობით სასარგებლოა და მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გვაძლევს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქვეყნებში, სადაც ხდება საკვების: ხორბლის, მარცვლეულის ფორტიფიცირება, შესაძლოა, ჭარბი მიღების შედეგად განვითარდეს ფოლიუმის მჟავისა და B12 ვიტამინის ზედოზირება. 2016 წელს ბოსტონის კონფერენციაზე ძალიან საინტერესო კვლევა დაიდო მეცნიერების მიერ, რომელიც 18 წლის განმავლობაში ტარდებოდა. ორსულებში, რომლებსაც ორსულობის ბოლოს აღენიშნათ სისხლში ფოლიუმის მჟავის სიჭარბე და B12 ვიტამინის მომატება, იზრდებოდა აუტიზმის სპექტრის პათოლოგიების რისკი.

თუ ორივე ერთად იყო მომატებული, ფოლიუმის მჟავა და B12 ვიტამინი, 17-ჯერ იზრდებოდა აუტიზმის სპექტრის დაავადებათა რისკი. აუტიზმის სპექტრის დაავადებები ყოველწლიურად 4%-ით იზრდება მსოფლიოში. ჩვენ თუ ამას დავუმატებთ უწყინარი ვიტამინების ზედოზირებით განვითარებულ რისკებს, საკმაოდ ცუდ დღეში ჩავცვივდებით. ფარმაცევტული მწარმოებლების მიერ ვიტამინებზე მითითებულია დღიური დოზა. სიფრთხილით უნდა მოეკიდოს თითოეული ორსული, თუ რა პრეპარატს იღებს. ბოსტონის კონფერენციის თავმჯდომარეც გაოცებული დარჩა კვლევის შედეგებით. ასევე აღინიშნა, რომ ფოლიუმის მჟავის არმიღება კიდევ უფრო მეტ პრობლემებს ქმნის. ჩვენ უნდა შევარჩიოთ ის სწორი დოზა, რომელიც ამ შემთხვევაში არის საჭირო,“ - მოცემულ საკითხზე მამუკა ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ორთოპედიული პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს ადრეულ ასაკში და აუცილებელია თუ არა მასაჟები?

რა ორთოპედიული პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს ადრეულ ასაკში და აუცილებელია თუ არა მასაჟები?

ძირითადად რა ორთოპედიული პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს ადრეულ ასაკში, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა არ უნდა გამოგვრჩეს? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ორთოპედი რომეო ვარდიაშვილი ესაუბრა. 

- ძირითადად რა ორთოპედიული პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს ადრეულ ასაკში?

- ბავშვებში ორთოპედიული პრობლემები თავს იჩენს სხვადასხვა ასაკობრივი განვითარების ეტაპზე. ისინი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი, მათ შორის ინფექციური, ნეირომუსკულური, კვების, ნეოპლასტიკური და ფსიქოგენური წარმოშობის, რომლის დიაგნოსტირებაც შესაძლებელია ორსულობის, ბავშვის მუცლადყოფნის დროს და ორთოპედაიული გასინჯვის შედეგად. მათი ზოგადი ჩამონათვალი მოიცავს ისეთ დაავადებებს და მათ ფორმებს, როგორებიც არის:

  • კისერმრუდობა (ტორტიკოლიზი);
  • ტერფის თანდაყოლილი ექვინო-ვარუსული დეფორმაცია;
  • მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია;
  • მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ან შეძენილი ამოვარდნილობა;
  • ბარძაყის თავის ასეპტიური ნეკროზი (ართრიტი, ოსტეომიელიტი, პერტესის დაავადება);
  • კიდურების თანდაყოლილი ანომალიები (ჰემიმელია, ამნიონური ჭიმები, პოლიდაქტილია-სინდაქტილია, კიდურის სიმოკლე);
  • მუხლის სახსრის ვალგუსური ან ვარუსული დეფორმაციები;
  • სქოლიოზი და კიფოზი (სპონდილოლიზი, სპონდილოლისთეზი);
  • გენერალიზებული დარღვევები - ართროგრიპოზი, ოსტეოქონდროდისპლაზია და სხვა.

- რას უნდა მივაქციო ყურადღება და რა არ უნდა გამოგვრჩეს?

- ჩვილის პირველადი დათვალიერება ხდება სამეანო ბლოკში, დაბადების დროს, მედპერსონალის მიერ. არსებობს რამდენიმე წამყვანი ფაქტორი, რომელიც მშობელმა უნდა გაითვალისწინოს და ჩაატაროს ბავშვის გასინჯვა ზრდა-განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. გასინჯვის შედეგად, რამე საეჭვო მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პედიატრს ან ორთოპედს. ბავშვის ან მოზარდის სხეულის ვიზუალური დათვალიერება ხდება შიშველ მდგომარეობაში, დღის სინათლეზე. კლინიკურად ხელით შეხებით და ჩივილებიდან გამომდინარე ვაფასებთ:

  • თავის ფორმას;
  • კისრის მოძრაობის ამპლიტუდა;
  • კიდურების ნაოჭების-ნაკეცების ასიმეტრია;
  • კიდურების თანაბარისიგრძის შედარება;
  • ბეჭის და თეძოს ძვლების ასიმეტრია;
  • კიდურების სისწორე;
  • სახსარში მოძრაობის ამპლიტუდა;
  • კიდურების და სახსრების ტკივილი;
  • სიარულის მანერის დარღვევა;
  • კოჭლობა;

- აუცილებელია თუ არა მასაჟები?

- მასაჟი არის სენსორული თერაპიის ფორმა, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო გავრცელებული მთელს მსოფლიოში. ძველმა ინდურმა, აღმოსავლეთ აზიურმა და აფრიკულმა კულტურებმა პირველად შემოიღეს ყოველდღიური მასაჟის პრაქტიკა ჩვილებში, დაბადებიდან მალევე, რათა ხელი შეუწყოს წონის მატებას, კოორდინაციას, შეკავშირებას და გაზარდოს განვითარების უნარი. ის ბავშვს გადასცემს დაცულობისა და ნდობის განცდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამყაროში ახალმოსულთათვის.

ბავშვებისთვის სამკურნალო თერაპიული ან სარეაბილიტაციო მასაჟი გამოსადეგია ისეთი მდგომარეობის დროს, როდესაც აქვთ სიმპტომების ფართო სპექტრი, დაწყებული სპორტული დაზიანებებით გამოწვეული კუნთოვანი ტკივილიდან, ნევროლოგიური მდგომარეობის ან შფოთვის დასახმარებლად. მასაჟი გავლენას ახდენს…

  • კუნთოვანი ტკივილის შემცირებაზე და ზრდის დაზიანების შეხორცების უნარს.
  • სხეულის ცნობიერების ამაღლებასა და ნევროლოგიურ განვითარებაზე.
  • კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) და სისხლში გლუკოზის დონის შემცირებაზე;
  • ბავშვებში სტრესის შემცირებაზე და იმუნური სისტემისა და დაავადების წინააღმდეგობის უნარის გაძლიერებაზე;
  • მოტორული და კოგნიტური განვითარების სტიმულირებაზე (გაზრდილი სიფხიზლე, ასევე სიჩქარე და სიზუსტე).

- როდის უნდა მივიყვანოთ ჩვილი პირველად ორთოპედთან?

- ძვალ-სახსროვანი დეფორმაციების ოჯახური ისტორია უნდა მიუთითებდეს, რომ ჩვილი შეფასდეს პედიატრი ორთოპედის მიერ, მაშინაც კი, თუ პრენატალური სკრინინგის დროს არ გამოვლენილა რაიმე დარღვევა. სხვადასხვა ქვეყანაში მედიცინის მიმართულების პროტოკოლებიდან გამომდინარე ხდება ორთოპედის კონსულტაცია გარკვეული თანმიმდევრობით. სწორი რჩევა-დარიგების მისაღებად საქართველოში პირველადი გეგმიური ორთოპედიული ვიზიტი სჯობს განხორციელდეს არანაკლებ 3 თვის ასაკში.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად