Baby Bag

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

გამართლებულია თუ არა ბაღზე სრულად უარის თქმა, თუ მშობელს ბავშვის ბაღში მიყვანა არ უნდა? - ფსიქოლოგი ლიკა ქურციკიძე

გამართლებულია თუ არა ბაღზე სრულად უარის თქმა, თუ მშობელს ბავშვის ბაღში მიყვანა არ უნდა? - ფსიქოლოგი ლიკა ქურციკიძე

ფსიქოლოგმა ლიკა ქურციკიძემ ბავშვის განვითარებისთვის ბაღში სიარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მე არ წავახალისებ იმ ფაქტს, რომ ბავშვი ბაღში არ მივიყვანოთ, თუ ამის რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა არ არის. ყველა მიდგომა გვეუბნება, რომ ისეთ მრავალფეროვან გარემოს სახლში მაინც ვერ შევქმნით, იმდენ თანატოლს ვერ მოვიყვანთ. ჩვენ მშობლები არ ვართ ადრეული განათლების სპეციალისტები და არ ვიცით ზუსტად რა მეთოლოგია შეიძლება იყოს ბავშვის განვითარების წამახალისებელი. ეს უნდა იცოდეს საბავშვო ბაღის სპეციალისტმა.

თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ გვაქვს, უმჯობესია, ბავშვი ვატაროთ ბაღში. თუ ისეთი შემთხვევაა, რომ ბავშვი ბაღში დიდ დროს არ ატარებს, რითი შეიძლება, რომ კომპენსირება გავაკეთოთ? ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს არის მრავალფეროვანი თამაშების შეთავაზება ასაკის შესაბამისად. თუ იმის დრო, რესურსი და ენერგია არ გვაქვს, რომ ბავშვს მასტიმულირებელი აქტივობები შევთავაზოთ, აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბაღში. ბავშვი ხშირად უნდა გვყავდეს გარე სივრცეში.

მნიშვნელოვანია, რამდენად ხარისხიანია თქვენი თამაში შვილთან. რას მოვიაზრებთ ხარისხიან თამაშში? თუ დღის განმავლობაში 20 წუთს მაინც უთმობთ სრულად თქვენს შვილს, ეს ხარისხიანი, ემოციურად და ფიზიკურად ჩართული 20-წუთიანი დრო, შეიძლება აკომპენსირებდეს მთელი დღის განმავლობაში ბავშვთან ყოფნას, თუ ჩვენ თან ვალაგებთ, საჭმელს ვაკეთებთ და ოთახის მეორე ბოლოდან ვეკონტაქტებით ბავშვს. ეს არ არის ხარისხიანი დროის გატარება მასთან ერთად,“- მოცემულ საკითხზე ლიკა ქურციკიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად