Baby Bag

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რას გრძნობს მუცლადმყოფი ბავშვი, როდესაც ორსული დედა სევდიანია და ტირის?

რას გრძნობს მუცლადმყოფი ბავშვი, როდესაც ორსული დედა სევდიანია და ტირის?

მუცლადმყოფი ბავშვის განცდები მჭიდრო კავშირშია ორსული დედის განცდებსა და შეგრძნებებთან. თქვენი შვილი მუცელში სწორედ იმას განიცდის, რასაც თქვენ გრძნობთ და მისი განცდების ინტენსივობა თქვენი განცდების ინტენსივობის ტოლფასია. თუ თქვენ სევდიანი ხართ და ტირით, მუცლადმყოფი ბავშვიც სევდიანია.

გესტაციურ პერიოდში ბავშვი დაბადებისთვის ემზადება. მზადების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია შეტყობინებები, რომელსაც ის დედისგან იღებს. კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დედის ემოციური მდგომარეობა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე დაბადებამდე და მის შემდეგ. კვლევით დადგინდა, რომ საშვილოსნოში მყოფი ბავშვი საკუთარი განვითარების პროცესის აქტიური მონაწილეა. ის დაბადების შემდგომ სიცოცხლეზე ინფორმაციას აგროვებს. კვლევით დადასტურდა, რომ მუცლადმყოფი ბავშვი დედის ემოციურ მდგომარეობას გრძნობს და განიცდის.

ბავშვი ზრდასთან ერთად აქტიურად იღებს შეტყობინებებს დედისგან და ეს არ არის მხოლოდ მისი გულისცემა ან მუსიკა, რომელსაც დედა უსმენს. ბავშვი პლაცენტის მეშვეობით სიგნალებს იღებს, რომელიც მას დედის ემოციურ მდგომარეობაზე ინფორმაციას აწვდის. თუ დედა ძალიან სევდიანია ან დეპრესიაშია, ბავშვი ამას გრძნობს და განიცდის. დედის ემოციური მდგომარეობა ბავშვის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. გრძელვადიან პერსპექტივაში დედის დეპრესიულმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ნევროლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემები.

ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც დედას გესტაციური პერიოდის განმავლობაში შეუძლია, არის ემოციური წონასწორობის შენარჩუნება და სიმშვიდე, რადგან ეს ბავშვს სწორად განვითარების შესაძლებლობას მისცემს. დედის განწყობის მუდმივი ცვალებადობა ბავშვზე ძალიან ზემოქმედებს. ბედნიერების ხანმოკლე ეპიზოდების მწუხარებითა და სევდით ხშირი ჩანაცვლება ბავშვს თავს დაუცველად აგრძნობინებს. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვზე დედის აზრებიც ახდენს გავლენას. ის გრძნობს, როდესაც დედისთვის არასასურველი შვილია, რაც მომავალში ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის.

მნიშვნელოვანია, რომ ორსული თავს მშვიდად გრძნობდეს. ეცადეთ, ორსულობისას მაქსიმალურად აიცილოთ თავიდან სტრესი და ნეგატიური განცდები. შეგიძლიათ ამ მიზნით მიმართოთ იოგას, მედიტაციასა და განტვირთვის ვარჯიშებს. დაიხმარეთ ახლობლები და მეგობრები, რათა შფოთვისა და სევდიანი განწყობის დაძლევა შეძლოთ.

წყარო: ​youaremom.com

წაიკითხეთ სრულად