Baby Bag

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

არსებობს თუ არა იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები? - იმუნოლოგ-ალერგოლოგი დავით თელია

არსებობს თუ არა იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები? - იმუნოლოგ-ალერგოლოგი დავით თელია

არსებობს თუ არა იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები? - ამ თემაზე იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, თსსუ-ს პროფესორმა დავით თელიამ ისაუბრა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ბუნებაში არ არსებობს ასეთი პრეპატარი, რომელიც იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, იმუნურ პასუხს აძლიერებს. ვინაიდან ასეთი არავითარი მტკიცებულება არ არის, მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, სავსეა ლიტერატურა და მათ შორის, სოციალური ქსელები სხვადასხვა რეკომენდაციით. დღეს მედიცინაში არსებობს ერთი მთავარი პრობლემა - სარწმუნო სამედიცინო ინფორმაცია. სარწმუნო რეკომენდაციების მოძიება უფასო რესურებში ძალიან რთულია. ძალიან ხშირად არის გამოხატული ინტერესთა კონფლიქტები და სამწუხაროდ, პაციენტებს ძალიან ხშირად სჯერათ და იყენებენ და კიდევ უფრო სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ ზოგჯერ ასეთი საშუალებების გამოყენება იძლევა გაცილებით უარეს შედეგს. 

იმუნური სისტემის მობილიზაციის და მისი ნორმალური ფუნქციონირების გარანტიის ერთადერთი საშუალება გახლავთ ადამიანის ცხოვრების წესი - ნორმალური კვება, ფიზიკური აქტივობა და ა.შ. თუ გვინდა იმუნური სისტემა იყოს ფორმაში, მაქსიმალურად უნდა შევეცოთ, რომ ვიყოთ ბუნებაში, ძალიან კარგია ცხოველებთან ურთიერთობა, ესეც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.

​რასაკვირველია, არ არის საჭირო გამოკეტვა, მუდმივი შიში, რომ რაღაც ინფექცია დაგვემართება. რაც უფრო მეტ ინფექციას ხვდება ადამიანი, მისი იმუნური სისტემა მით უფრო ვარჯიშობს. ძალიან ხშირად პაციენტები მოდიან ჩივილით, განსაკუთრებით მშობლები, რომ მათი შვილები წელიწადში 4-5-ჯერ ცივდებიან ვირუსული ინფექციებით. მე მინდა დავამშვიდო, რომ 6-7 და ზოგიერთი მონაცემებით 8 ინფექცია, ჩვეულებრივი ვირუსული სახადი ინფექცია, არის მისაღები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის იმუნუდეფიციტური მდგომარეობა არის, პირიქით ეს ყველაფერი აძლიერებს იმუნურ სისტემას, მას ასტიმულირებს. პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება - ვიტამინები და ა.შ. სამწუხაროდ, არ აძლიერებს იმუნიტეტს, კარგი იქნებოდა, რომ ასეთი საშუალებები ყოფილიყო, მაგრამ დღესდღებით ასეთი საშუალებები არ არსებობს“, - მოცემულ საკითხზე დავით თელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა. 

წყარო: „პირადი ​ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად