Baby Bag

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

იაპონელების უნიკალური და ეფექტიანი მეთოდი ბავშვებს შორის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად

იაპონელების უნიკალური  და ეფექტიანი მეთოდი ბავშვებს შორის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად

ბავშვები ხშირად ჩხუბობენ ან კამათობენ. ეს ბავშვის განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ​ბავშვები სწავლობენ, თუ როგორ გადაჭრან კონფლიქტები. სწავლის პროცესში ვერბალური ან ფიზიკური ხასიათის კონფლიქტები გარდაუვალია. რა თქმა უნდა, ჩხუბი მისაღები ქცევა არ არის, რის გამოც მშობლები და მასწავლებლები ბავშვებს შორის კონფლიქტის სწრაფად ჩახშობას ცდილობენ.

იაპონელი მშობლები და მასწავლებლები ბავშვებს შორის კონფლიქტის გადაჭრას საკუთარი ორიგინალური მეთოდით ცდილობენ. აღნიშნული მეთოდი იაპონელ ბავშვებთან ეფექტიანია და ამართლებს, თუმცა ექსპერტები გადაჭრით ვერ ამბობენ, რამდენაც ეფექტიანი აღმოჩნდება ის სხვა ქვეყნებსა და კულტურებში.

იაპონურ მეთოდს „მიმამორი“ ეწოდება და ​ის ბავშვის ავტონომიურობის ზრდაზეა ორიენტირებული. მიმამორის პრაქტიკა საკმაოდ მარტივია. მასწავლებლები და მშობლები კონფლიქტის დროს ბავშვების ახლოს დგანან და მათ აკვირდებიან. ისინი ბავშვების კამათში არ ერევიან. მშობლები და მასწავლებლები არ ცდილობენ ბავშვებთან ერთად პრობლემის გაანალიზებას. ისინი ბავშვებს საშუალებას აძლევენ კონფლიქტი დამოუკიდებლად გადაწყვიტონ.

იაპონელი მშობლები და მასწავლებლები აღნიშნული მეთოდის მთავარ უპირატესობას იმაში ხედავენ, რომ ის ბავშვს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას აძლევს და პრობლემის გადაჭრის უნარს უვითარებს. როდესაც მშობლები კონფლიქტში ერევიან, ისინი ბავშვებს ხელს უშლიან კონფლიქტის მოგვარება თავად სცადონ და ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძინონ.

​კონფლიქტში მშობლის ჩარევა ხშირად იწვევს ბავშვებისთვის იარლიყების მიკერებას. ზოგიერთი ბავშვი დამნაშავედ ცხადდება, ზოგიერთი კი - უდანაშაულოდ. როდესაც მშობლები თავს იკავებენ კონფლიქტში ჩართვისგან, ბავშვები კარგ გაკვეთილს იღებენ. ისინი აცნობიერებენ, რომ კონფლიქტით პრობლემების მოგვარება არასწორია. ბავშვები მიღებული გამოცდილებიდან ბევრ რამეს სწავლობენ, რაც მათთვის ძალიან სასარგებლოა.

მომზადებულია ​moms.com - ის მიხედვით

წაიკითხეთ სრულად