Baby Bag

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ აისახება ბავშვზე მშობლის გადაჭარბებული ყურადღება? - ფსიქოლოგი გვირჩევს

როგორ აისახება ბავშვზე მშობლის გადაჭარბებული ყურადღება? - ფსიქოლოგი გვირჩევს

რატომ არის არასასურველი მშობლების მხრიდან შვილებზე გადაჭარბებული მზრუნველობა და როგორ აისახება ის ბავშვზე - საკითხის შესახებ ფსიქოლოგმა, მარინა კაჭარავამ გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა საქართველო" ისაუბრა.

,,ყველას გვაქვს გავლენა და შეცდომებიც დაგვიშვია შვილებთან მიმართებით. ჩვენ შეიძლება, ვიყოთ ტოქსიკურები როგორც შექების დროს, ასევე მაშინ, როცა ვაფასებთ უარყოფითად. ზოგადად, შეფასება ძალიან სახიფათოა. შესაძლოა, დადებითი შეფასებით ბავშვს არაადეკვატურობა ჩამოვუყალიბოთ. ისევე - როგორც, მხოლოდ უარყოფითით. ამ დროს მას უჩნდება განცდა, რომ ჩვენს ყურადღებას მიიქცევს მხოლოდ მაშინ, როდესაც ცუდად იქცევა. დიდი ზომიერებაა საჭირო.

ტოქსიკურობა არის ჰიპერმეურვეობა, ზრუნვა არ არის ნეგატიური, მეურვეობა ძალიან ნეგატიურია, როდესაც ადამიანი შენ ნაცვლად ცხოვრობს, წყვეტს, აკეთებს არჩევანს... შეცდომის დაშვების შესაძლებლობა უნდა მიეცეს ადამიანს, რადგან თუ არ დაუშვებს, ვერც ისწავლის. ძალიან ხშირად ჩვენს ბავშვებს ვაპროგრამებთ ნეგატიურად - შენგან არაფერი გამოვა. საერთოდ, ლინგვისტურ ველს აქვს ძალიან დიდი ძალა. რას ვეუბნებით, ზოგჯერ ამაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვეუბნებით.

კარგია, თუ ჩვენ, მშობლები გავათვითცნობიერებთ, რომ მხოლოდ სიყვარული არ კმარა, ბავშვს პატივისცემა სჭირდება, ზოგჯერ შეიძლება, დაახრჩო ადამიანი შენი სიყვარულით, ზრუნვით, მეურვეობით... უნდა მივცეთ საშუალება, წაიქცეს, შეეშალოს, ადგეს. შემდეგ დიდ ცხოვრებაში ძალიან ეტკინება. რა თქმა უნდა, მშობელს ძალიან უჭირს, უყუროს საკუთარი შვილის გაჭირვებას, როდესაც ის ავად არის ან ჩაგრავენ. ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო საკუთარ თავთან და შემდეგ უკვე ბავშვთან - პატივისცემა, გულწრფელობა, მიღება მოსმენა. ტოქსიკურობასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია წამოძახება - როდესაც მშობელსა და შვილს შორის არის რაიმე კონფლიქტი, ეს თემა იქვე უნდა დაიხუროს", - აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

წყარო: ,,დილა მშვიდობისა საქართველო"

წაიკითხეთ სრულად