Baby Bag

„მწეველის ხველა“ თუ პროგრესირებადი დაავადება? - ინტერვიუ პულმონოლოგ მირანდა ჩაგუნავასთან

„მწეველის ხველა“ თუ პროგრესირებადი დაავადება? - ინტერვიუ პულმონოლოგ მირანდა ჩაგუნავასთან

სტვენის მსგავსი, ხმაურიანი და გაძნელებული სუნთქვა, ქრონიკული ხველა ნახველით, დაღლილობა და წონაში კლება - ბევრმა არ იცის, რომ ეს სიმპტომები ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთანაა დაკავშირებული, მისი გამომწვევი კი შემთხვევათა 90%-ში თამბაქოს მოხმარებაა.

მაღალი რისკ ჯგუფი ძირითადად 35 წელს გადაცილებული პაციენტებია, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობის დიაგნოსტიკა 50 წლამდე არ ხდება. დაავადების მქონე პირთა დიდი ნაწილი ექიმთან არ მიდის, რადგან სიმპტომების არსებობას „მწეველის ხველას“ მიაწერენ.

უყურადღებობითა და დაავადების გამწვავებით არსებობს შრომისუნარიანობის დაქვეითების საშიშროება. დაავადება პროგრესირებადია, მაგრამ მისი პრევენცია და მართვა შეიძლება.

​MOMSEDU.GE-მ თემის ირგვლივ „ნიუ ჰოსპიტალსის“ პულმონოლოგ ​მირანდა ჩაგუნავასთან ერთად სასარგებლო ინფორმაცია მოგიმზადათ:

- რა არის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და რა იწვევს მას?

მირანდა ჩაგუნავა: „ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება სასუნთქი გზების შევიწროებით მიმდინარე დაავადებაა, რომელსაც სასუნთქ გზებზე და/ან ალვეოლებზე გარემოდან შესუნთქული მავნე ნაწილაკებისა და აირების ზემოქმედება იწვევს.

თამბაქოს მოხმარება დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზია, შემთხვევათა 90% სწორედ სიგარეტის მოწევასთანაა დაკავშირებული, დანარჩენი 10%-ში კი პასიური მწეველობა, გამონაბოლქვი და მტვერი, ჰაერის დაბინძურება და გენეტიკური წინასწარგანწყობა (დაავადების მიმართ არსებობს იშვიათი გენეტიკური წინასწარგანწყობა, რომელსაც ალფა-1-ანტიტრიფსინის ცილის დეფიციტი ეწოდება) შედის.

თამბაქო ბრონქების ეპითელიუმს აღიზიანებს და ანთებას იწვევს. ხანგრძლივი ანთებითი პროცესის შედეგად კი შეუქცევად ცვლილებებს ვიღებთ - სასუნთქი გზების კედლები სქელდება, რადგან ლორწოს გამომყოფი ჯირკვლებისა და უჯრედების ზომა და რაოდენობა მატულობს. დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფით იხშობა ბრონქების სანათური, ასევე ითრგუნება მისი დამცველობითი ფუნქცია, რაც ბაქტერიული ინფექციების განვითარებისთვისაც ხელსაყრელი გარემოა. ამასთან, თამბაქოს ბოლით ზიანდება ალვეოლების კედლები, ის სტრუქტურული ერთეული, სადაც აირთა ცვლა მიმდინარეობს, შედეგად კი ფილტვები ელასტიურობას კარგავს. მუდმივი ზემოქმედება იწვევს სასუნთქი გზების რემოდელირებას, ნაწიბურდება და ვიწროვდება მცირე ზომის ჰაერგამტარი გზები, რაც აღდგენას არ ექვემდებარება.“

- როგორ ხდება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დიაგნოსტირება?

მირანდა ჩაგუნავა: „დაავადების დროული დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სწრაფად მოხდეს მკურნალობის დაწყება და დაავადების პროგრესირების შეფერხება. ექიმის რეკომენდაციით, პაციენტს სხვადასხვა რადიოლოგიური თუ ლაბორატორიული კვლევა უტარდება:

გულმკერდის რენტგენოგრაფია - მისი მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს აქვს თუ არა პაციენტს ფილტვის სხვა დაავადებები.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ფილტვის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის ხელმისაწვდომია უახლესი თაობის, ​სრულად ციფრული რენტგენოგრაფი, რომელსაც გააჩნია ტომოსინთეზის ფუნქცია - ნებისმიერი სისტემის შრეობრივი რენტგენოგრაფია, რაც საეჭვო უბნის დეტალურად გამოსახვას გულისხმობს.

ოქროს სტანდარტია სპირომეტრია - ფილტვების ფუნქციონირების შესაფასებლად ტარდება სუნთქვის ტესტი, ამ დროს სპეციალურ მოწყობილობაში, სპირომეტრში ჩასუნთქვისას სხვადასხვა მაჩვენებლით იზომება პაციენტის მიერ ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა და სიჩქარე.

სისხლის ანალიზი - ვადგენთ სიმპტომები გამოწვეულია თუ არა ანემიით.

ამასთან, პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს კარდიოლოგიური კვლევების - ექოკარდიოგრაფიის ან ელექტროკარდიოგრაფიის ჩატარება. ზოგ შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფიაა რეკომენდებული, ასევე ტარდება ნახველის ნიმუშის ტესტირება.“

- როგორ ხდება ფილტვის ობსტრუქციული დაავადების მკურნალობა?

მირანდა ჩაგუნავა: „დაავადების მკურნალობა გულისხმობს დაავადების პროგრესირების შენელებას და არა სრულად განკურნებას. მკურნალობის კურსი უმეტესად მედიკამენტოზურია, გამონაკლის შემთხვევაში შესაძლოა ქირურგიულ ჩარევას მივმართოთ.

კვლევებით დადგენილია, რომ თუ დამხმარე პრეპარატების პარალელურად, პაციენტი თამბაქოს მოხმარებას წყვეტს ან ამცირებს გამონაბოლქვთან კონტაქტს, მკურნალობის ეფექტურობა უფრო მაღალია.

პრევენციისთვის კი თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა დაავადების რისკის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური გზაა.“

ცნობისთვის, ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა, რომლის ფარგლებშიც, მირანდა ჩაგუნავა უფასოდ მიიღებს პაციენტებს ნოემბერში, ორშაბათობით. ჩასაწერად შეგიძლიათ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ცხელ ხაზს დაუკავშირდეთ : +995 322 190 190

R. 

საქართველოში პირველად, მარცხენა წინაგულის ყურის დახურვის თანამედროვე პროცედურა „ნიუ ჰოსპიტ...
„ნიუ ჰოსპიტალსში“ მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმის მქონე პაციენტს ინსულტის რისკის შემცირების თანამედროვე ჩარევა ჩაუტარდა. მარცხენა წინაგულის ყურის დახურვის პროცედურა საქართველოში პირველად „ნიუ ჰოს...

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის დასასვენებლად წაყვანის შემთხვევაში გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო გაითვალისწინონ:

„გარემოსთან ადაპტაცია დიდსაც და ბავშვსაც ესაჭიროება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე, როდესაც ბავშვი იცვლის გარემოს, იცვლის საკვებს, წყალს და ა.შ. ამ გარემოსთან შეგუებას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე ესაჭიროება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს იმ გარემოდან რაღაც სარგებელი, ეს შეეხება ჰავის ცვლილებას, თუ მის ფსიქო-ემოციურ შეწყობას იმ გარემოსთან, თუ ის 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში.

ბავშვს ორი კვირით თუ წავიყვანთ დასასვენებლად, ეს დანაშაული არ არის, რა თქმა უნდა. სასურველია, თუ იქნება 20-30 დღე. ადაპტაციის დღეების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც იყოს 2 კვირა, რომ 7 დღე იყოს ადაპტაცია, შემდეგ 7 დღე მიიღებს გარემოს და დაბრუნდებით სახლში. აუცილებელი არ არის ჩარჩო, რომ 20 დღე იყოთ დასასვენებლად და 21-ე დღეს წამოხვიდეთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად