Baby Bag

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?

„სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ“ - რა შემთხვევაში უნდა დავწიოთ ტემპერატურა?
პედიატრი ნანა რურუა ვირუსების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, ის უნდა დავწიოთ მხოლოდ მაშინ, როცა არაკომფორტული ხდება:

„როცა ბავშვს ხელ-ფეხი ცივი აქვს, ის უნდა დაათბუნოთ, რადგან ძალიან უსიამოვნოა ამ დროს გახდა. როცა მაქსიმუმზე ავა ტემპერატურა, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გახადოთ, დაზილოთ ოთახის ტემპერატურის, შედარებით ნელ-თბილი წყლით, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს. ბავშვს როცა ხელები და ფეხები გაუთბება, გავარვარდება ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურა ავიდა. ერთ რაღაცას მინდა, ხაზი გავუსვა. ვირუსს ძალიან ვუმკურნალებთ თუ ცოტას ვუმკურნალებთ (გაურთულებელ შემთხვევაში), ის ერთსა და იმავე დროში დამთავრდება. შესაბამისად, ზედმეტი მკურნალობა საჭირო არ არის. მხოლოდ სიმპტომური მკურნალობაა საჭირო.“

პედიატრმა სიცხის დამწევებს შორის შუალედებზეც ისაუბრა:

„პარაცეტამოლსა და პარაცეტამოლს შორის 4 საათი უნდა იყოს შუალედი. იბუპროფენის მიღების შემთხვევაში, საშუალოდ 6-8 საათი. ზოგადად, სიცხეს არ უნდა ვებრძოლოთ, არ უნდა მოვერიოთ. იმიტომ, რომ სიცხით თავს იცავს ორგანიზმი. ტემპერატურა მაშინ უნდა დავწიოთ, როდესაც ის არაკომფორტულია. ასევე არ არის აუცილებელი, რომ 36,6-მდე დავწიოთ. როდესაც ცხელება არის 39 ან 39,5, მას თუ 38-მდე ჩამოწევთ, უკვე საკმარისია.“

წყარო: ,,შუად​ღე''

შეიძლება დაინტერესდეთ

ხშირი გაციება ბავშვებში: როგორ მოვაგვაროთ პრობლემა? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

ხშირი გაციება ბავშვებში: როგორ მოვაგვაროთ პრობლემა? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში დაინტერესებული მშობლის კითხვას უპასუხა. დედა ღელავდა ბავშვის ხშირი ავადობის გამო და აღნიშნავდა, რომ მის 11 თვის შვილს გაციება და ბრონქიტი ხშირად აწუხებდა. ევგენი კომაროვსკის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

​გაციება დაავადებაა, რომელიც ჰიპოთერმიასთან არის დაკავშირებული. ჩვილი ბავშვები, როგორც წესი, ჰიპოთერმიის რისკის წინაშე ნაკლებად არიან, შესაბამისად მათი ხშირი ავადობა გაციებასთან კავშირში არ არის. მათ როგორც წესი, ინფექციური ხასიათის ბრონქიტი ემართებათ. შესაძლოა, ინფექცია სახლში ბაღიდან დაბრუნებულმა უფროსმა ბავშვმა მოიტანოს.

ბავშვებში ხშირია მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები. ვირუსულ ინფექციებს არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა უმკურნალოთ ანტიბიოტიკებით. ნორმალური მკურნალობის შემთხვევაში მწვავე რესპირაციული დაავადებების ნუ შეგეშინდებათ. ყველაზე დიდი ზეწოლა ორგანიზმზე რესპირაციული ვირუსული ინფექციების წამლებით მკურნალობისას მოდის. ვირუსული ინფექციების მკურნალობისას მთავარია ​ბავშვს შეუქმნათ პირობები, რათა მან მინიმალური დანაკარგებით მოახერხოს დაავადებასთან გამკლავება. ბავშვს უნდა მიაწოდოთ ნაკლები საკვები და მეტი სითხე, სახლში შეინარჩუნოთ ზომიერი ჰაერის ტემპერატურა და გამოიყენოთ მარილიანი წყლის სავლები ცხვირისთვის. 

სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში, ​ბავშვების უდიდესი ნაწილი 4-5 დღეში გამოჯანმრთელდება. თუ მოთმინება და გონიერება გეყოფათ, რომ ბავშვებში მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს წამლებით არ უმკურნალოთ, სხვა არაფრის გაკეთება საჭირო არ არის. თუ ყოველი ინფიცირების დროს ბავშვს ანტიბიოტიკებს მისცემთ, მაშინ ნამდვილად დაგჭირდებათ დახმარება.

ნუ მიხვალთ იმუნოლოგებთან და ნუ მისცემთ ბავშვს ანტიბიოტიკს. თუ ექიმთან შეთანხმებას ვერ ახერხებთ, თავად იკითხეთ, გაეცანით ინფორმაციას, რა ტიპის დაავადებები არსებობს და როგორია მათი მკურნალობის წესი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად