Baby Bag

საქართველოში პირველად, მაღალტექნოლოგიური 3D ფიქსატორი „ნიუ ჰოსპიტალსშია“

საქართველოში პირველად, მაღალტექნოლოგიური 3D ფიქსატორი „ნიუ ჰოსპიტალსშია“

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში პოსტ ტრავმული მკურნალობის ულტრათანამედროვე მეთოდი - 3D ფიქსატორი დაინერგა.

მაღალტექნოლოგიური 3D ფიქსატორი გამოიყენება მოტეხილობების, ამოვარდნილობების, კუნთების და მყესების დაზიანების, ასევე პოსტ ოპერაციული ან თერაპიული მკურნალობისთვის. იგი რიგ შემთხვევებში ანაცვლებს თაბაშირს და მკურნალობის პროცესს უფრო მოსახერხებელს ხდის ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.

თანამედროვე ფიქსატორის დანიშნულება სხეულის დაზიანებული ნაწილის სასურველ პოზიციაში დაფიქსირება, ტკივილის შემცირება და კუნთების სტაბილიზაციის ხელშეწყობაა. მისი გამოყენება, ტრადიციულ საშუალებებთან შედარებით, ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და აღდგენით პროცესს 15-20% აჩქარებს.

3D ფიქსატორის დიზაინი შემუშავებულია ესთეტიური ფაქტორის გათვალისნებით და უზრუნველყოფს პაციენტის გამოცდილებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. 3D ფიქსატორი საკმაოდ მსუბუქია, რაც ამცირებს იმობილიზაციის საშუალებებთან დაკავშირებულ დისკომფორტს და მის გამოყენებას უფრო მოსახერხებელს ხდის. მისი ღიობები იმეორებს კიდურების ორგანულ ფორმებს და ამცირებს კანის გაღიზიანების ან ტკივილის რისკებს. მას არ გააჩნია წყალში გამოყენების შეზღუდვა, რაც შესაძლებელს ხდის წყალთან ნებისმიერი ტიპის შეხებას.

3D ფიქსატორის დამზადების პროცესი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური, მარტივი და სრულად ავტომატიზებულია - რამდენიმე წუთში ხდება სხეულის დაზიანებული ნაწილის 100%-მდე სიზუსტით სკანირება და 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით პერსონალური ფიქსატორის დამზადება.

3D ფიქსატორი პაციენტების მკურნალობისთვის გამოიყენება „მეიოს კლინიკასა“ და მსოფლიოს სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში. მისი წარმოების სრულ ჯაჭვს გააჩნია ISO ბიოთავსებადობის სტანდარტი. ასევე, სერტიფიცირებულია ევროპისა და აშშ-ის ორგანოების - Conformité Européenne (CE) და U.S. Food and Drug Administration (FDA) მიერ.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების მქონე, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომლის მიზანი უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, მაღალკვალიფიციური სამედიცინო გუნდის მუდმივი განვითარება და ინოვაციური სერვისების მიწოდებაა, რათა ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა.

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს პარტია საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, ბაზარზე არ არის,“- სურსათის უვნებლობის ექსპერტი მიხეილ ბეღელაძე

„ეს პარტია საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, ბაზარზე არ არის,“- სურსათის უვნებლობის ექსპერტი მიხეილ ბეღელაძე

სურსათის უვნებლობის ექსპერტმა მიხეილ ბეღელაძემ კომპანია „ფერეროს“ „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადთან დაკავშირებული სალმონელათი დაავადების შემთხვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა ევროკავშირში დაფიქსირდა:

„რაც შეეხება სალმონელაზე ამ კონკრეტულ შემთხვევას, პირველ რიგში, ის ევროკავშირში დაფიქსირდა. მათ აქვთ სწრაფი განგაშის სისტემა. როდესაც ხარვეზი ფიქსირდება ერთ კონკრეტულ ქვეყანაში, განგაშის სიგნალი ირთვება და ყველა ქვეყანას ეცნობება. ჩვენთან ამ კონკრეტულ პროდუქტზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო ინფორმაცია. ამ კონკრეტული პარტიის ნომერი იციან, იციან სადამდე აქვს ვადა, გამოშვების ნომერი და ა.შ. ამ კონკრეტულ პარტიაზე მოვიდა ინფორმაცია, რომ თუ არსებობს ბაზარზე, ბაზრიდან ამოიღეთ. სააგენტომ ეს ინფორმაცია მიაწოდა იმპორტიორებს. მათგან არაგეგმიური ინსპექტირებებიც ჩატარდა. ასეთ შემთხვევებზე ბიზნესი და სახელმწიფოც ერთად ზრუნავს, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.

ეს პარტია საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ბაზარზე არ არის. შემიძლია სრულად დავამშვიდო ამ ეტაპზე მომხმარებელი, რომ შეუძლია თავისუფლად იგრძნოს თავი. იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირდა, იქაც სავარაუდო შემთხვევა იყო და კვლევები მიმდინარეობს,“- აღნიშნულ საკითხზე მიხეილ ბეღელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად