Baby Bag

რა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სიმაღლეში ზრდის შეფერხება და რა მეთოდებით ხდება დიაგნოზის დადგენა?

რა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სიმაღლეში ზრდის შეფერხება და რა მეთოდებით ხდება დიაგნოზის დადგენა?
რა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სიმაღლეში ზრდის შეფერხება და რა მეთოდებით ხდება დიაგნოზის დადგენა? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ენდოკრინოლოგი მაია რეხვიაშვილი.
- რა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს მოზარდის სიმაღლეში ზრდის შეფერხება და რა მიზეზები იწვევს ამ დაავადებებს?

​- სიმაღლეში ზრდა ბავშვთა და მოზარდთა ნორმალური ფიზიკური განვითარების ინდიკატორია. ბავშვთა ფიზიკური ზრდა-განვითარების შეფერხება საკმაოდ ხშირად გვხვდება ენდოკრინოლოგიურ პრაქტიკაში. ზრდაში ჩამორჩენა ასევე სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებათა მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ასეთებია: საკვების მონელება, შეწოვის დარღვევებით მიმდინარე ავადმყოფობები, გენეტიკური დარღვევები, ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოთა სისტემის, მაგალითად, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის თანდაყოლილი მანკები და ა.შ. ზრდის შეფერხება მიუთითებს, რომ ორგანიზმი იმყოფებოდა ან იმყოფება არახელსაყრელ პირობებში ინდივიდუალური გავითარების რომელიღაც ეტაპზე, დაწყებული ჯერ კიდევ საშვილოსნოს შიდა განვითარების პერიოდიდან. გასათვალისწინებელია დედის ქრონიკული დაავადებები და არასრულფასოვანი კვება, ალკოჰოლის ან ნიკოტინის გამოყენება (ორსულობის დროს), სამშობიარო გზებში განვითარებული ნაყოფის ტრავმული დაზიანებები და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფსიქო-სოციალური პრობლემებით გამოწვეულ ზრდაში ჩამორჩენას. აქედან გამომდინარე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი იყოს ის გარემო და ურთიერთობები, რომელშიც ბავშვი იზრდება – დედისა და ბავშვის, ბავშვისა და ოჯახის.

​- თუ არსებობს ისეთი სიმპტომები (ნიშნები), რომელთა არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ბავშვი მივიყვანოთ ბავშვთა ენდოკრინოლოგთან?

​- არსებობს მრავალი სიმპტომი, რომლის შენიშვნის შემდეგაც ბავშვმა უნდა გაიაროს ბავშვთა-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და თუ ეს საჭიროა, სპეციალური ლაბორატორიული თუ სხვა პარაკლინიკური გამოკვლევები. ესენია: ზრდის შეფერხება, ჭარბი წონა, მეორადი სასქესო ნიშნების ადრეული განვითარება ან სქესობრივი მომწიფების დაგვიანება. დროული დიაგნოსტიკა და საჭირო სამედიცინო ჩარევა ნაკლებ პრობლემებს უქმნის ბავშვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საბოლოო კარგი შედეგისთვის მნიშვნელოვან განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს.

​- რა მეთოდებით ხდება დიაგნოზის დადგენა და მკურნალობის პროცესი?

​- როგორც აღვნიშნე, ჩვენი მუშაობის ძირითადი მიზანი არის ზრდაში ჩამორჩენის მიზეზების დროული დაიგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. პაციენტის შეფასება ხდება მისი სიმაღლის, წონის, სხეულისი მასის ინდექსის, ძვლოვანი ასაკის დადგენის, გენეტიკური ანალიზის და ზრდის ჰორმონის კონცენტრაციის განმსაზღვრელი კვლევების ჩატარების შემდეგ. ხშირ შემთხვევაში საჭიროა სხვადასახვა ჰორმონული კვლევისა და თავის ტვინის კომპიუტერული გამოკვლევაც, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოკვლევის სქემა ინდივიდუალურად განისაზღვრება პაციენტის სუბიექტური და ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე. მას შემდეგ, რაც შესაბამისი კვლევებით დადასტურდება დიაგნოზი, იწყება შესაბამისი მკურნალობა ზრდის ჰორმონით. საქართველოში ორ დიაგნოზზე - ზრდის ჰორმონის დეფიციტსა და ტერნერის სინდრომზე, როგორც იშვიათ დაავადებებზე, მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მკურნალობა ზრდის ჰორმონით უფასოა. მკურნალობა ტარდება სამიზნე სიმაღლის მიღწევამდე, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება, ხოლო მედიკამენტის დოზირება ინიშნება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით.

​​ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

წაიკითხეთ სრულად