Baby Bag

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს უეცრად წაუვიდა გული?

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს უეცრად წაუვიდა გული?

როგორ ვლინდება სინკოპე ე.წ. გულის წასვლა ბავშვებში და რა შეიძლება იყოს მიზეზი? ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე.

- რა არის სინკოპე და რა შეიძლება იყოს მისი მიზეზი?
- სინკოპე არის გონების ხანმოკლე კარგვა, ე.წ. გულის წასვლა. მისი საფუძველია თავის ტვინის სისხლ-და/ან ჟანგბადმომარაგების ხანმოკლე დარღვევა, რომლის შედეგადაც ბავშვი ან მოზრდილი ხანმოკლედ კარგავს გონებას. ეს შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, არტერიული წნევის დაქვეითების ფონზე, ან სხვადასხვა მიზეზით ორგანიზმის გაუწყლოების შემთხვევაში; შეიძლება ადგილი ჰქონდეს სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემას და ამის შედეგად დაირღვეს სისხლის ჟანგბადით გაჯერების პროცესი. სხვა მიზეზი შეიძლება იყოს გარემოში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება. სინკოპე ხშირად ვითარდება ძლიერი ტკივილის ან ემოციის ფონზე, ფიზიკური და ემოციური გადაღლის შემთხვევაში. ისევე, როგორც არსებობს სხვადასხვა სპეციფიკურ სიტუაციაში განვითარებული სინკოპე - მაგალითად, შარდვის, თმის ვარცხნის, ან კისრის მიდამოს სპეციფიკური გაღიზიანების საფუძველზე; ძალიან საყურადღებოა გულის ნორმალური რითმის დარღვევის ფონზე ტვინის სისხლმომარაგების გარდამავალი დარღვევა და ე.წ. კარდიალური სინკოპე - ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს შექცევადი, თუმცა პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშიც. შესაბამისად, სინკოპეს გარეგნული მსგავსების მიუხედავად, შეიძლება სრულიად კეთილსაიმედო, ან საკმარისად საყურადღებო გამოსავალი ჰქონდეს. საბედნიეროდ, ბავშვებში სინკოპეს შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა კარგი პროგნოზით ხასიათდება და უსაფრთხოა ბავშვის სიცოცხლის თუ ჯანმრთელობისთვის.
- როგორ ვლინდება სინკოპე ბავშვებში?
- სინკოპეს სიმპტომები მსგავსია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ბავშვებში სირთულე შეიძლება შექმნას კომუნიკაციამ. ანუ ასაკთან მიმართებით რამდენად მოახერხებენ ბავშვები თავად აღწერონ საკუთარი შეგრძნებები. მცირე ასაკში ეს უფრო რთულია ხოლმე. სინკოპეს შემთხვევაში, ერთი მხრივ, არის ნიშნები, რომლებსაც მხოლოდ პაციენტი გრძნობს და პარალელურად არის ნიშნები, რომლებიც შეიძლება შენიშნონ გარშემომყოფებმა. ყველაზე ხშირად პაციენტები აღწერენ საერთო სისუსტეს, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება, ეკარგებათ ძალა ფეხებში, შეიძლება ჰქონდეთ კიდურებში დაბუჟების შეგრძნება, შემცივნების, თავბრუსხვევის, თვალებში დაბნელების ან აჭრელების განცდა, ხმები თითქოს შორიდან ესმით და ამასობაში კარგავენ გონებას. პაციენტების უმრავლესობა ასწრებს, რომ გვერდით მყოფს სთხოვოს დახმარება, დაიჩივლოს რომ ცუდადაა, მოეჭიდოს რაიმეს, ვიდრე დაეცემა. გარშემომყოფები აღწერენ, რომ პაციენტი გაფითრდა, მოდუნდა და ჩაიკეცა. სიმპტომების ასეთი ეტაპობრივი და ნელი განვითარება არის ერთ-ერთი დამახასიათებელი სინკოპესთვის. პაციენტი თვალდახუჭულია, ფერმკრთალი, მოდუნებული, თუმცა იშვიათად, გამორიცხული არ არის კიდურებში ხანმოკლე დაჭიმვაც, ან ერთეული ბიძგისებრი მოძრაობები, უნებლიე შარდვაც, მათ შორის. ეს ფენომენები არ ცვლის და არ ამძიმებს პროგნოზს. სინკოპე იშვიათად გრძელდება ერთ წუთზე მეტხანს. პაციენტი სწრაფად მოდის გონს და შეუძლია აღწეროს გონების დაკარგვამდე განცდილი შეგრძნებები. ხშირად ხდება, რომ გარეგნულად გონდაკარგულ პაციენტს ბუნდოვნად, მაგრამ თურმე ესმოდა გარშემომყოფების ხმები.

​- თუ ბავშვს უეცრად წაუვიდა გული, როგორ დავეხმაროთ და რას ურჩევთ მშობლებს?
- პირველი რეკომენდაციაა, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვებშიც და მოზრდილებშიც, სინკოპეს შემთხვევების უმრავლესობა სრულიად უსაფრთხოა. ტრავმატიზაციის რისკიც უფრო ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გულყრების შემთხვევაში, რადგან ამ დროს გონების კარგვა ხდება ნელ-ნელა და პაციენტი ასწრებს ითხოვოს დახმარება, ან თვითონვე უშველოს თავის თავს, მოეჭიდოს რაიმეს, მოასწროს დაჯდომა ან დაწოლაც. დახმარების მიზნით აუცილებელია, რომ პაციენტი მოვათავსოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გვერდულად ან ზურგზე, სწორ და მყარ ზედაპირზე, ხოლო ქვედა კიდურები მოვუთავსოთ შემაღლებულ პოზიციაში. ზურგზე წოლის შემთხვევაში სასურველია, თავი ჰქონდეს გვერდით გადაბრუნებული, რადგან ღებინების რისკი გულყრასთან შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც არის. აუცილებელია შევუხსნათ მოჭერილი და მჭიდრო ტანისაცმელი, ქამარი და უზრუნველვყოთ სუფთა ჰაერის მიწოდება. ზრდასრულებსა და მოზარდებში შეიძლება გამოვიყენოთ მძაფრსუნიანი საშუალებები (მაგალითად, ნიშადური) გონზე მოსვლის დასაჩქარებლად. გონზე მოსვლის შემდეგ არ წამოაყენოთ პაციენტი სწრაფად. დაელოდეთ რომ სრულად აღდგეს ცნობიერება და წამოაჯინეთ ნელ-ნელა. წინააღმდეგ შემთხვევაში გონების კარგვა შეიძლება განმეორდეს. ისევე, როგორც გულყრების შემთხვევაში - დაუშვებელია პაციენტის ჯანჯღარი, თავდაყირა დაკიდება. არ არის საჭირო ენის დაჭერის მცდელობა. ასევე დაუშვებელია გონდაკარგული ადამიანისთვის დასალევად წყლის ან წამლის მიცემა. დაელოდეთ ცნობიერების აღდგენას და უკვე წამომჯდარ ადამიანს შესთავაზეთ წყალი ან წვენი. კარგად დაიმახსოვრეთ ეპიზოდის დროს მიმდინარე მოვლენები, რადგან დიაგნოსტიკის პროცესში ექიმისთვის უმნიშვნელოვანესია მათი ანალიზი და ინტერპრეტაცია. ვერცერთი გამოკვლევა ვერ შეცვლის ამ ინფორმაციას და ღირებულებას, სწორი დიაგნოზისთვის.
საკუთარი თავის დახმარება შეუძლიათ თვითონ პაციენტებსაც. მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე არ შეეშინდეთ და დროულად ითხოვონ დახმარება. მაშინვე ჩაიმუხლონ ან დაჯდნენ, თუნდაც იატაკზე. ეფექტურია ხოლმე, როდესაც ბავშვი ან მოზრდილი ჯდება წინ გადახრილი ისე, რომ თავი ჰქონდეს მუხლების დონეზე ან უფრო დაბლა პოზიციაში. ეს პოზიცია განსაკუთრებით კომფორტული და ეფექტურია სიმპტომების პირველივე წამებში და გონების სრულად დაკარგვამდე, მაგალითად, ქუჩაში, ტრანსპორტში, სადაც შეიძლება არ იყოს დაწოლის საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების დაწყებისთანავე პაციენტი დარჩეს ადგილზე და ისე ითხოვოს დახმარება, ანუ არ დაიწყოს სიარული, რადგან გონების კარგვის შემთხვევაში შეიძლება წაბორძიკდეს და მიიღოს ტრავმა. გონს მოსვლის შემდეგ ეცადოს, რომ დარჩეს ისევ დაწოლილ ან წინ გადახრილ მდგომარეობაში, ვიდრე ბოლომდე კარგად არ იგრძნობს თავს და შემდეგ ნელა გასწორდეს.
- როგორია სინკოპეს მკურნალობა?
- როგორც აღვნიშნეთ, სინკოპე ხანმოკლე ეპიზოდია და სპონტანურად სრულდება დაახლოებით ერთ წუთში. ის შეიძლება იყოს ერთჯერადი ეპიზოდი ადამიანის ცხოვრებაში, ან განმეორდეს სხვადასხვა ინტერვალით. ასევე, ერთი და იგივე პაციენტის ცხოვრებაში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. მკურნალობა და მართვის პრინციპები განისაზღვრება სწორედ გამომწვევი მიზეზებით. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ყველაზე საყურადღებოა ე.წ. კარდიალური სინკოპე. ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკაც და მართვაც კარდიოლოგების მჭიდრო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოხდეს. სინკოპეს სხვა ფორმები პროგნოზულად სრულიად კეთილსაიმედოა. მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ განწყობილმა პაციენტებმა დაიცვან გარკვეული წესები, მაგალითად, თავი აარიდონ მაპროვოცირებელ სიტუაციებს, დახუთულ და ცუდად ვენტილირებულ გარემოს, დაიცვან სითხის და საკვების მიღების რეჟიმი, რომ თავიდან აიცილონ გაუწყლოება. ეს ბავშვებთან მიმართებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უფრო სპეციფიკურ და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს უკვე ექიმი მიაწვდის პაციენტს და მისი ოჯახის წევრებს. 
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF

შეიძლება დაინტერესდეთ

„დაღლილი რომ მოდის მშობელი, ნერვები რომ არ ჰყოფნის, უჭირს, რომ ბევრი დრო დაუთმოს ბავშვს,“ - თამარ გაგოშიძე

„დაღლილი რომ მოდის მშობელი, ნერვები რომ არ ჰყოფნის, უჭირს, რომ ბევრი დრო დაუთმოს ბავშვს,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს ბავშვთან წარმატებული კომუნიკაციისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და გარკვეული ჩარჩოების დაწესება ურჩია:

„მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი არ არის ჩამოყალიბებული პიროვნება, ​ის არის უნიკალური ინდივიდი, რომელსაც აქვს თავისუფალი ნება. ნებისყოფა ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ თავისუფალი ნება აქვს. აქ არის ხოლმე სერიოზული დილემა. ხშირად მშობლები ვერ ხვდებიან, რა სტრატეგია უნდა აირჩიონ. ერთია, რომ ვცემ ჩემს შვილს პატივს, ამიტომ ყველაფრის უფლებას ვაძლევ. ძირითადად არის გავრცელებული ასეთი შეხედულება. ბავშვის განვითარებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა არ გულისხმობს უჩარჩოო სიტუაციას და ყველაფრის უფლების მიცემას.“

თამარ გაგოშიძის თქმით, მცირეწლოვან ბავშვებთან მნიშვნელოვანია არავერბალური კომუნიკაციის წესების ცოდნა:

„რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ჩვენს არა მეტყველებით, არამედ არავერბალურ კომუნიკაციას. იმისთვის, რომ ჩვენმა ინფორმაციამ მიაღწიოს ბავშვთან სწორად, მნიშვნელოვანია, როგორ ვეტყვით მას რამეს, რას ვეტყვით, ეს ნაკლებად. მნიშვნელოვანია ბავშვის სპეციფიკაც. ნულიდან ათ წლამდე არის ძალიან დიდი ინტერვალი. ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან. ერთი სტადიიდან გადადიან მეორეზე. განვითარების ორი ტიპი არსებობს: ფსიქო-სოციალური და მორალური. ​მორალური განვითა​რების თვალსაზრისით ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგანსხვადასხვა ასაკში. პირველ საფეხურზე ბავშვისთვის მთავარია, რომ თავი აარიდოს უსიამოვნო, ნეგატიურ ემოციას და მოსალოდნელ დასჯას. მან არ იცის რა არის მისაღები და მიუღებელი. აქ საუბარი არ არის მორალზე. ეს ეხება თვრამეტ თვემდე ასაკის ბავშვებს. ამ შემთხვევაში ბავშვთან მორალის კითხვას და ახსნა განმარტებებს აზრი არ აქვს.“

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ სკოლამდელ ასაკში ბავშვი მისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებას ანგარიშს უწევს:

„მეორე საფეხურზე ბავშვი ჯილდოს ითხოვს წესების შესრულებისთვის. მისი მიზანია, რომ რაც შეიძლება ბევრი სასიამოვნო შედეგი მიიღოს. ამ სასიამოვნო შედეგის მოლოდინში ის ანგარიშს უწევს სხვა ადამიანს. ეს არის სკოლამდელი ასაკი, ექვს წლამდე ასაკის ბავშვები. ​ექვსი წლიდან ბავშვი უკვე ანგარიშს უწევს მისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებას. მისთვის მნიშვნელოვანი ხდება ახლო ადამიანებთან ურთიერთობა. ბავშვს უნდა, რომ მათთვის იყოს კარგი გოგო ან ბიჭი.მას უნდა, რომ სხვების სიყვარულს, მოწონებას და აღიარებას მიაღწიოს. ის ცდილობს თავიდან აიცილოს სხვების განაწყენება და იმედგაცრუება.“

თამარ გაგოშიძის თქმით, თვრამეტ თვემდე ასაკის ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კომფორტული გარემოს შექმნა:

„თვრამეტ თვემდე ბავშვთან ჩვენი მოლაპარაკება გულისხმობს იმას, რომ მას შევუქმნათ კომფორტული გარემო. თუ ერთ ოთახში ხართ, იქაც მას უნდა ჰქონდეს თავისი კუთხე, პატარა ფარდაგი, სათამაშოები. ბავშვი აქედანვე ეჩვევა მოწესრიგებულ გარემოს. სიტყვა ამ შემთხვევაში არ არის წამყვანი ბავშვისთვის და აზრი არ აქვს არც ახსნა-განმარტებებს და არც ჩხუბს. ​სამ წლამდე ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლობის მიღწევას. დამოუკიდებლობა ბავშვის მომავალი პიროვნების და ნებელობის ჩამოყალიბებისთვის არის მთავარი. როდესაც ბავშვი ცდილობს ყველაფერი თვითონ გააკეთოს, მშობლებს ზოგჯერ ეჩქარებათ, ეშინიათ, რომ ბავშვი ყველაფერს კარგად ვერ გააკეთებს, შესაბამისად ეს ხაზი წყდება. მას რაღაც ასაკში აღარ აქვს ავტონომიის სურვილი. ის დამოკიდებული ხდება მშობელზე. ჩვენ ეს ეტაპი არ უნდა გავუშვათ.“

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ მშობლებს ბავშვთან კომუნიკაცია მონოლოგის რეჟიმში წარმოუდგენიათ, რაც არასწორია:

„კომუნიკაცია არ არის მონოლოგი. როგორც წესი, მშობლები მონოლოგის პოზაში ვართ ხოლმე. არ ვუსმენთ და არ ვუყურებთ ბავშვს. ​ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნა, შესაბამისად ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ისმის კითხვა, არ უნდა წავუყენოთ მოთხოვნები ჩვენს შვილებს? ბავშვს ყველაფრის უფლებას უბრალოდ ვერ მისცემ. ბავშვს თავისუფალი ნება აქვს და არჩევანის თავისუფლება გააჩნია. ყველაფრის უფლება არ არის არჩევანის შესაძლებლობა. ის ვეღარ იყენებს ამ არჩევანს. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ და შევხედოთ ჩვენს შვილს. ჩვენ არც ერთმანეთს ვუსმენთ. შევხედოთ ჩვენს გარშემო რა ხდება. საზოგადოებაში ერთმანეთს არ ვუსმენთ, ოჯახში ერთმანეთს არ ვუსმენთ, მით უმეტეს, ბავშვს არ ვუსმენთ. ვიღაც იკითხავს, ორი წლის ბავშვს რა უნდა მოვუსმინოო. მნიშვნელოვანია, რომ კარგად შევხედოთ ორი წლის ბავშვს, გავიგოთ, რა არის მისი ქცევა. შეიძლება სიტყვით არა, მაგრამ ქცევით გამოხატავს ბავშვი თავის სათქმელს, რაც უფრო მცირეწლოვანია ის.“

„მთავარი რამ გვრჩება ყურადღების მიღმა, ბავშვს არ ვუსმენთ. საკუთარი ემოციის გასაკონტროლებლად სამი რამ არსებობს. ერთი, რომ ბავშვს დავაცადოთ, თვითონ გვითხრას, რა აწუხებს, გამოვიწვიოთ ის საუბარში. დამოუკიდებლობის ხარისხი მივცეთ ბავშვს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თვითონ. ერთად გავაკეთოთ ჩვენი ემოციების ვენტილაცია. ბავშვმა რა განიცადა დღის განმავლობაში და მე რა განვიცადე, ერთმანეთს უნდა გავუცვალოთ. მართალია ჩვენ ვთხოვთ მშობლებს, რომ ბავშვისთვის გამოყონ დრო, მაგრამ ეს დრო შეიძლება იყოს 10 წუთი, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ან ნახევარი საათი, ორი საათი. მთავარია, რომ ეს იყოს თქვენი სრულფასოვანი ეგზისტენცია ბავშვებთან, სრული ჰარმონიის პირობებში. მშობლებს ხშირად უთქვამთ: „ბავშვი მეუბნება, რომ დადე ტელეფონი და ისე მეთამაშე.“ ძალიან კარგად ვიცით, რომ მშობლები დაკავებულები არიან. ​დაღლილი რომ მოდის მშობელი, ნერვები რომ არ ჰყოფნის, უჭირს, რომ ამდენი დრო დაუთმოს კიდევ ბავშვს. ნახევარი საათი რომ დაუთმო ბავშვს სრულფასოვნად ყოველდღიურად, ოღონდ მოთხოვნების გარეშე, უბრალოდ საუბარი და დიალოგი, ეს არის ოპტიმალური ვარიანტი. შენ უბრალოდ უსმენ ბავშვს, არ ეუბნები ,რომ „ეს რა სისულელე გააკეთე.“ მოსმენა არის უნიკალური ფენომენი,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად