Baby Bag

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს უეცრად წაუვიდა გული?

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს უეცრად წაუვიდა გული?

როგორ ვლინდება სინკოპე ე.წ. გულის წასვლა ბავშვებში და რა შეიძლება იყოს მიზეზი? ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე.

- რა არის სინკოპე და რა შეიძლება იყოს მისი მიზეზი?
- სინკოპე არის გონების ხანმოკლე კარგვა, ე.წ. გულის წასვლა. მისი საფუძველია თავის ტვინის სისხლ-და/ან ჟანგბადმომარაგების ხანმოკლე დარღვევა, რომლის შედეგადაც ბავშვი ან მოზრდილი ხანმოკლედ კარგავს გონებას. ეს შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, არტერიული წნევის დაქვეითების ფონზე, ან სხვადასხვა მიზეზით ორგანიზმის გაუწყლოების შემთხვევაში; შეიძლება ადგილი ჰქონდეს სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემას და ამის შედეგად დაირღვეს სისხლის ჟანგბადით გაჯერების პროცესი. სხვა მიზეზი შეიძლება იყოს გარემოში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება. სინკოპე ხშირად ვითარდება ძლიერი ტკივილის ან ემოციის ფონზე, ფიზიკური და ემოციური გადაღლის შემთხვევაში. ისევე, როგორც არსებობს სხვადასხვა სპეციფიკურ სიტუაციაში განვითარებული სინკოპე - მაგალითად, შარდვის, თმის ვარცხნის, ან კისრის მიდამოს სპეციფიკური გაღიზიანების საფუძველზე; ძალიან საყურადღებოა გულის ნორმალური რითმის დარღვევის ფონზე ტვინის სისხლმომარაგების გარდამავალი დარღვევა და ე.წ. კარდიალური სინკოპე - ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს შექცევადი, თუმცა პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშიც. შესაბამისად, სინკოპეს გარეგნული მსგავსების მიუხედავად, შეიძლება სრულიად კეთილსაიმედო, ან საკმარისად საყურადღებო გამოსავალი ჰქონდეს. საბედნიეროდ, ბავშვებში სინკოპეს შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა კარგი პროგნოზით ხასიათდება და უსაფრთხოა ბავშვის სიცოცხლის თუ ჯანმრთელობისთვის.
- როგორ ვლინდება სინკოპე ბავშვებში?
- სინკოპეს სიმპტომები მსგავსია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ბავშვებში სირთულე შეიძლება შექმნას კომუნიკაციამ. ანუ ასაკთან მიმართებით რამდენად მოახერხებენ ბავშვები თავად აღწერონ საკუთარი შეგრძნებები. მცირე ასაკში ეს უფრო რთულია ხოლმე. სინკოპეს შემთხვევაში, ერთი მხრივ, არის ნიშნები, რომლებსაც მხოლოდ პაციენტი გრძნობს და პარალელურად არის ნიშნები, რომლებიც შეიძლება შენიშნონ გარშემომყოფებმა. ყველაზე ხშირად პაციენტები აღწერენ საერთო სისუსტეს, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება, ეკარგებათ ძალა ფეხებში, შეიძლება ჰქონდეთ კიდურებში დაბუჟების შეგრძნება, შემცივნების, თავბრუსხვევის, თვალებში დაბნელების ან აჭრელების განცდა, ხმები თითქოს შორიდან ესმით და ამასობაში კარგავენ გონებას. პაციენტების უმრავლესობა ასწრებს, რომ გვერდით მყოფს სთხოვოს დახმარება, დაიჩივლოს რომ ცუდადაა, მოეჭიდოს რაიმეს, ვიდრე დაეცემა. გარშემომყოფები აღწერენ, რომ პაციენტი გაფითრდა, მოდუნდა და ჩაიკეცა. სიმპტომების ასეთი ეტაპობრივი და ნელი განვითარება არის ერთ-ერთი დამახასიათებელი სინკოპესთვის. პაციენტი თვალდახუჭულია, ფერმკრთალი, მოდუნებული, თუმცა იშვიათად, გამორიცხული არ არის კიდურებში ხანმოკლე დაჭიმვაც, ან ერთეული ბიძგისებრი მოძრაობები, უნებლიე შარდვაც, მათ შორის. ეს ფენომენები არ ცვლის და არ ამძიმებს პროგნოზს. სინკოპე იშვიათად გრძელდება ერთ წუთზე მეტხანს. პაციენტი სწრაფად მოდის გონს და შეუძლია აღწეროს გონების დაკარგვამდე განცდილი შეგრძნებები. ხშირად ხდება, რომ გარეგნულად გონდაკარგულ პაციენტს ბუნდოვნად, მაგრამ თურმე ესმოდა გარშემომყოფების ხმები.

​- თუ ბავშვს უეცრად წაუვიდა გული, როგორ დავეხმაროთ და რას ურჩევთ მშობლებს?
- პირველი რეკომენდაციაა, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვებშიც და მოზრდილებშიც, სინკოპეს შემთხვევების უმრავლესობა სრულიად უსაფრთხოა. ტრავმატიზაციის რისკიც უფრო ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გულყრების შემთხვევაში, რადგან ამ დროს გონების კარგვა ხდება ნელ-ნელა და პაციენტი ასწრებს ითხოვოს დახმარება, ან თვითონვე უშველოს თავის თავს, მოეჭიდოს რაიმეს, მოასწროს დაჯდომა ან დაწოლაც. დახმარების მიზნით აუცილებელია, რომ პაციენტი მოვათავსოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გვერდულად ან ზურგზე, სწორ და მყარ ზედაპირზე, ხოლო ქვედა კიდურები მოვუთავსოთ შემაღლებულ პოზიციაში. ზურგზე წოლის შემთხვევაში სასურველია, თავი ჰქონდეს გვერდით გადაბრუნებული, რადგან ღებინების რისკი გულყრასთან შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც არის. აუცილებელია შევუხსნათ მოჭერილი და მჭიდრო ტანისაცმელი, ქამარი და უზრუნველვყოთ სუფთა ჰაერის მიწოდება. ზრდასრულებსა და მოზარდებში შეიძლება გამოვიყენოთ მძაფრსუნიანი საშუალებები (მაგალითად, ნიშადური) გონზე მოსვლის დასაჩქარებლად. გონზე მოსვლის შემდეგ არ წამოაყენოთ პაციენტი სწრაფად. დაელოდეთ რომ სრულად აღდგეს ცნობიერება და წამოაჯინეთ ნელ-ნელა. წინააღმდეგ შემთხვევაში გონების კარგვა შეიძლება განმეორდეს. ისევე, როგორც გულყრების შემთხვევაში - დაუშვებელია პაციენტის ჯანჯღარი, თავდაყირა დაკიდება. არ არის საჭირო ენის დაჭერის მცდელობა. ასევე დაუშვებელია გონდაკარგული ადამიანისთვის დასალევად წყლის ან წამლის მიცემა. დაელოდეთ ცნობიერების აღდგენას და უკვე წამომჯდარ ადამიანს შესთავაზეთ წყალი ან წვენი. კარგად დაიმახსოვრეთ ეპიზოდის დროს მიმდინარე მოვლენები, რადგან დიაგნოსტიკის პროცესში ექიმისთვის უმნიშვნელოვანესია მათი ანალიზი და ინტერპრეტაცია. ვერცერთი გამოკვლევა ვერ შეცვლის ამ ინფორმაციას და ღირებულებას, სწორი დიაგნოზისთვის.
საკუთარი თავის დახმარება შეუძლიათ თვითონ პაციენტებსაც. მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე არ შეეშინდეთ და დროულად ითხოვონ დახმარება. მაშინვე ჩაიმუხლონ ან დაჯდნენ, თუნდაც იატაკზე. ეფექტურია ხოლმე, როდესაც ბავშვი ან მოზრდილი ჯდება წინ გადახრილი ისე, რომ თავი ჰქონდეს მუხლების დონეზე ან უფრო დაბლა პოზიციაში. ეს პოზიცია განსაკუთრებით კომფორტული და ეფექტურია სიმპტომების პირველივე წამებში და გონების სრულად დაკარგვამდე, მაგალითად, ქუჩაში, ტრანსპორტში, სადაც შეიძლება არ იყოს დაწოლის საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების დაწყებისთანავე პაციენტი დარჩეს ადგილზე და ისე ითხოვოს დახმარება, ანუ არ დაიწყოს სიარული, რადგან გონების კარგვის შემთხვევაში შეიძლება წაბორძიკდეს და მიიღოს ტრავმა. გონს მოსვლის შემდეგ ეცადოს, რომ დარჩეს ისევ დაწოლილ ან წინ გადახრილ მდგომარეობაში, ვიდრე ბოლომდე კარგად არ იგრძნობს თავს და შემდეგ ნელა გასწორდეს.
- როგორია სინკოპეს მკურნალობა?
- როგორც აღვნიშნეთ, სინკოპე ხანმოკლე ეპიზოდია და სპონტანურად სრულდება დაახლოებით ერთ წუთში. ის შეიძლება იყოს ერთჯერადი ეპიზოდი ადამიანის ცხოვრებაში, ან განმეორდეს სხვადასხვა ინტერვალით. ასევე, ერთი და იგივე პაციენტის ცხოვრებაში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. მკურნალობა და მართვის პრინციპები განისაზღვრება სწორედ გამომწვევი მიზეზებით. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ყველაზე საყურადღებოა ე.წ. კარდიალური სინკოპე. ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკაც და მართვაც კარდიოლოგების მჭიდრო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოხდეს. სინკოპეს სხვა ფორმები პროგნოზულად სრულიად კეთილსაიმედოა. მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ განწყობილმა პაციენტებმა დაიცვან გარკვეული წესები, მაგალითად, თავი აარიდონ მაპროვოცირებელ სიტუაციებს, დახუთულ და ცუდად ვენტილირებულ გარემოს, დაიცვან სითხის და საკვების მიღების რეჟიმი, რომ თავიდან აიცილონ გაუწყლოება. ეს ბავშვებთან მიმართებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უფრო სპეციფიკურ და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს უკვე ექიმი მიაწვდის პაციენტს და მისი ოჯახის წევრებს. 
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF

შეიძლება დაინტერესდეთ

10 რამ, რაც ახალბედა დედამ ძუძუთი კვების შესახებ უნდა იცოდეს

10 რამ, რაც ახალბედა დედამ ძუძუთი კვების შესახებ უნდა იცოდეს
ძუძუთი კვების შესახებ ორსულ ქალბატონებსა და ახალბედა დედებს ძალიან ბევრი რამ სმენიათ. ნებისმიერი გამოცდილი ქალბატონი თვლის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ცოდნა აქვს და ცდილობს თავისი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს, თუმცა ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხებიც არსებობს, რომელთა შესახებ ქალბატონებმა ძალიან ცოტა რამ იციან. თუ თქვენ პატარას ელოდებით ან ახალბედა დედა ხართ და ბავშვის ძუძუთი გამოკვება გსურთ, ჩვენს ​სტატიაში შემოთავაზებულ ინფორმაციას ყურადღებით გაეცანით. ახალი ცოდნის შეძენის შემდეგ ჩვილის გამოკვებას გაცილებით კომფორტულად და მშვიდად შეძლებთ.

თავის ტკივილი
ზოგიერთ იღბლიან ქალბატონს ძუძუთი კვების აღნიშნული გვერდითი ეფექტი ნაკლებად აწუხებს. ძუძუთი კვება ქალის ორგანიზმში ჰორმონალურ ფონს ცვლის. გარკვეულ ჰორმონთა გამომუშავების ზრდა ან კლება თავის ტკივილის მიზეზი ხდება. დედებმა, რომლებსაც მსგავსი პრობლემა ხშირად აწუხებთ, კარგად იციან, რომ პერმანენტული თავის ტკივილი ყოველდღიურ ყოფას გაუსაძლისს ხდის. ქალბატონებს, რომლებიც თავის ტკივილს ხშირად უჩივიან, ბავშვის მოვლა ძალიან უჭირთ. თუ გრძნობთ, რომ ძუძუთი კვების პარალელურად თავის ტკივილები ხშირად გაწუხებთ, აუცილებლად მიაკითხეთ მკურნალ ექიმს. ტკივილის მდუმარედ ატანა სავალდებულო სულაც არ არის. ექიმი სათანადო დანიშნულებას მოგცემთ, რაც ბავშვის მოვლას გაგიადვილებთ.
ბავშვის ორგანიზმისთვის მოტანილი სარგებელი
ძუძუთი კვებას ბავშვის ორგანიზმისთვის უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია. დედის რძე ჩვილს არამხოლოდ ანაყრებს, ის მის იმუნურ სისტემასაც მნიშვნელოვნად აძლიერებს. ძუძუთი კვება ჩვილთა უეცარი გარდაცვალების სინდრომის პრევენციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება. დედის რძე ბავშვის ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს. მის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ელემენტი ძილისმომგვრელია, რაც ღამით კვებას მეტად უსაფრთხოსა და კომფორტულს ხდის. პატარები, რომლებსაც დედები ძუძუთი კვებავენ, ღამით ჭამის შემდეგ მარტივად იძინებენ. კვლევებით დასტურდება, რომ დედის რძე ძუძუთი კვების პირველ სამ თვეში თავის ტვინის თეთრი ნივთიერების წილს 20-30%-ით ზრდის.
დედის ორგანიზმისთვის მოტანილი სარგებელი
ალბათ, ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ძუძუთი კვება არამხოლოდ ჩვილისთვის, არამედ დედისთვისაც ძალიან სასარგებლოა. როდესაც თქვენს შვილს ძუძუთი კვებავთ, თქვენს ორგანიზმში ორი ჰორმონი: პროლაქტინი და ოქსიტოცინი გამომუშავდება. ორივე მათგანი თქვენს ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს. მათი დახმარებით მშობიარობის შემდეგ ძალების აღდგენაც გაგიმარტივდებათ. ძუძუთი კვების დახმარებით მშობიარობის შემდეგ გადიდებული საშვილოსნო ნორმალურ ზომას სწრაფად უბრუნდება.
ეკონომიურობა
ძუძუთი კვება საკმაოდ ეკონომიურია და ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ. დედები, რომლებიც პატარებს ფორმულით კვებავენ, ბავშვთა კვებაზე გაცილებით მეტ თანხას ხარჯავენ, ვიდრე ის ქალბატონები, რომლებიც პატარას მხოლოდ დედის რძეს აძლევენ. თუმცა, დედებმა, რომლებიც პატარებს ძუძუთი კვებავენ, აუცილებელია, ყოველდღიურად დიდი რაოდენობით სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტები მიიღონ.
ურთიერთკავშირი
ძუძუთი კვება დედასა და ბავშვს შორის მტკიცე ურთიერთკავშირის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. კანის კანთან ყოველდღიური და ხშირი შეხებით ჩვილსა და მშობელს შორის განსაკუთრებული სიახლოვე ყალიბდება. ძუძუთი კვების დროს დედის ორგანიზმი დიდი რაოდენობის სიყვარულის ჰორმონს გამოიმუშავებს, რაც არამხოლოდ დედას, არამედ ბავშვსაც სიმშვიდით ავსებს. დედების უმეტესობა თვლის, რომ ძუძუთი კვების დროს შექმნილი ურთიერთკავშირი და სიახლოვე ყველაზე საოცარი გრძნობაა, რომელიც ცხოვრების მანძილზე განუცდიათ.
სპეციფიკური უნარების განვითარება
ბევრი ადამიანი თვლის, რომ ძუძუთი კვებას განსაკუთრებული უნარები არ სჭირდება და რომ ბავშვის გამოკვების ნიჭი ყველა ქალს ბუნებრივად თანდაყოლილი აქვს, თუმცა ეს სიმართლე არ არის. ძუძუთი კვება სპეციალურ ტექნიკასა და სწორ მიდგომას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ახალბედა დედებს თავდაპირველად ბავშვის გამოკვება უჭირთ. აუცილებელია, ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით თავიდანვე რეალისტური მოლოდინები გქონდეთ. კვების სპეციალური ტექნიკების შესასწავლად, შესაძლოა, თქვენ და თქვენს პატარას რამდენიმე დღე, კვირა ან თვეც დაგჭირდეთ.
კომფორტულობა
ძუძუთი კვება დედას დიდ დროს ართმევს, მაგრამ ის საოცრად კომფორტულია. თუ ბავშვს ფორმულას აჭმევთ, ბოთლის გამუდმებული რეცხვა, სტერილიზაცია და საჭმლის წინასწარ მომზადება დაგჭირდებათ, რაც დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. გარდა ამისა, თუ ბავშვს მოულოდნელად მოშივდება, ფორმულის მომზადება ექსტრემალურ პირობებში მოგიწევთ. ძუძუთი კვება კი საოცრად კომფორტულია. თქვენ არაფერს ამზადებთ, ბავშვს საკვების მოლოდინში გუნება-განწყობა არ უფუჭდება და არც ბოთლის სტერილიზაციაზე გეხარჯებათ დრო.
ბოთლით კვება
ძუძუთი კვება ადამიანების წარმოდგენაში დედის სურათ-ხატს ქმნის, რომელიც ბავშვს ძუძუს აჭმევს, თუმცა დედების გარკვეულ ნაწილს ურჩევნია ჩვილს დედის რძე ბოთლის გამოყენებით მიაწოდოს. ასე ძირითადად ისეთი მშობლები იქცევიან, რომლებიც მუშაობენ და იძულებულები არიან ბავშვისთვის დედის რძე ბოთლში შეინახონ.
შერეული კვება
ფორმულასა და დედის რძეს შორის კატეგორიული არჩევანის გაკეთება აუცილებელი სულაც არ არის. თუ რძე არ გყოფნით ან მუშაობთ და ბავშვთან მთელ დღეს ვერ ატარებთ, შეგიძლიათ შერეულ კვებას მიმართოთ. მითი იმის შესახებ, რომ ფორმულის გამოყენება დედის რძის რაოდენობას ამცირებს, არ უნდა დაიჯეროთ. შერეული კვება მოსახერხებელიცაა და სასარგებლოც. თუ ბავშვს ფორმულასაც აწვდით და დედის რძესაც, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან თქვენი პატარა საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს სრულად იღებს.
თავის მოვლა
დედები, რომლებიც ბავშვებს ძუძუთი კვებავენ, საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდნენ. აუცილებელია, რომ ჯანსაღად იკვებებოდნენ და სტრესისგანაც დაცულები იყვნენ. დედა, რომელიც პატარას ძუძუთი კვებავს, საკუთარ თავზე უნდა ზრუნავდეს, კარგად ეძინოს, რელაქსაციისთვის სპეციალურ ვარჯიშებს იყენებდეს. როგორც წესი, ორსულ ქალბატონებს და შემდგომში ახალბედა დედებს საკუთარი თავისთვის დრო ნაკლებად რჩებათ, თუმცა, როდესაც ქალი აცნობიერებს, რომ ის თავისი პატარასთვის საკვების ერთადერთი წყაროა, იძულებული ხდება, თავს მეტად გაუფრთხილდეს, რაც ძუძუთი კვების კიდევ ერთი დადებითი მხარეა.
ავტორი: ია ნაროუშვილი
ამავე თემაზე:
წაიკითხეთ სრულად