Baby Bag

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს უეცრად წაუვიდა გული?

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს უეცრად წაუვიდა გული?

როგორ ვლინდება სინკოპე ე.წ. გულის წასვლა ბავშვებში და რა შეიძლება იყოს მიზეზი? ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე.

- რა არის სინკოპე და რა შეიძლება იყოს მისი მიზეზი?
- სინკოპე არის გონების ხანმოკლე კარგვა, ე.წ. გულის წასვლა. მისი საფუძველია თავის ტვინის სისხლ-და/ან ჟანგბადმომარაგების ხანმოკლე დარღვევა, რომლის შედეგადაც ბავშვი ან მოზრდილი ხანმოკლედ კარგავს გონებას. ეს შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, არტერიული წნევის დაქვეითების ფონზე, ან სხვადასხვა მიზეზით ორგანიზმის გაუწყლოების შემთხვევაში; შეიძლება ადგილი ჰქონდეს სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემას და ამის შედეგად დაირღვეს სისხლის ჟანგბადით გაჯერების პროცესი. სხვა მიზეზი შეიძლება იყოს გარემოში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება. სინკოპე ხშირად ვითარდება ძლიერი ტკივილის ან ემოციის ფონზე, ფიზიკური და ემოციური გადაღლის შემთხვევაში. ისევე, როგორც არსებობს სხვადასხვა სპეციფიკურ სიტუაციაში განვითარებული სინკოპე - მაგალითად, შარდვის, თმის ვარცხნის, ან კისრის მიდამოს სპეციფიკური გაღიზიანების საფუძველზე; ძალიან საყურადღებოა გულის ნორმალური რითმის დარღვევის ფონზე ტვინის სისხლმომარაგების გარდამავალი დარღვევა და ე.წ. კარდიალური სინკოპე - ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს შექცევადი, თუმცა პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშიც. შესაბამისად, სინკოპეს გარეგნული მსგავსების მიუხედავად, შეიძლება სრულიად კეთილსაიმედო, ან საკმარისად საყურადღებო გამოსავალი ჰქონდეს. საბედნიეროდ, ბავშვებში სინკოპეს შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა კარგი პროგნოზით ხასიათდება და უსაფრთხოა ბავშვის სიცოცხლის თუ ჯანმრთელობისთვის.
- როგორ ვლინდება სინკოპე ბავშვებში?
- სინკოპეს სიმპტომები მსგავსია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ბავშვებში სირთულე შეიძლება შექმნას კომუნიკაციამ. ანუ ასაკთან მიმართებით რამდენად მოახერხებენ ბავშვები თავად აღწერონ საკუთარი შეგრძნებები. მცირე ასაკში ეს უფრო რთულია ხოლმე. სინკოპეს შემთხვევაში, ერთი მხრივ, არის ნიშნები, რომლებსაც მხოლოდ პაციენტი გრძნობს და პარალელურად არის ნიშნები, რომლებიც შეიძლება შენიშნონ გარშემომყოფებმა. ყველაზე ხშირად პაციენტები აღწერენ საერთო სისუსტეს, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება, ეკარგებათ ძალა ფეხებში, შეიძლება ჰქონდეთ კიდურებში დაბუჟების შეგრძნება, შემცივნების, თავბრუსხვევის, თვალებში დაბნელების ან აჭრელების განცდა, ხმები თითქოს შორიდან ესმით და ამასობაში კარგავენ გონებას. პაციენტების უმრავლესობა ასწრებს, რომ გვერდით მყოფს სთხოვოს დახმარება, დაიჩივლოს რომ ცუდადაა, მოეჭიდოს რაიმეს, ვიდრე დაეცემა. გარშემომყოფები აღწერენ, რომ პაციენტი გაფითრდა, მოდუნდა და ჩაიკეცა. სიმპტომების ასეთი ეტაპობრივი და ნელი განვითარება არის ერთ-ერთი დამახასიათებელი სინკოპესთვის. პაციენტი თვალდახუჭულია, ფერმკრთალი, მოდუნებული, თუმცა იშვიათად, გამორიცხული არ არის კიდურებში ხანმოკლე დაჭიმვაც, ან ერთეული ბიძგისებრი მოძრაობები, უნებლიე შარდვაც, მათ შორის. ეს ფენომენები არ ცვლის და არ ამძიმებს პროგნოზს. სინკოპე იშვიათად გრძელდება ერთ წუთზე მეტხანს. პაციენტი სწრაფად მოდის გონს და შეუძლია აღწეროს გონების დაკარგვამდე განცდილი შეგრძნებები. ხშირად ხდება, რომ გარეგნულად გონდაკარგულ პაციენტს ბუნდოვნად, მაგრამ თურმე ესმოდა გარშემომყოფების ხმები.

​- თუ ბავშვს უეცრად წაუვიდა გული, როგორ დავეხმაროთ და რას ურჩევთ მშობლებს?
- პირველი რეკომენდაციაა, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვებშიც და მოზრდილებშიც, სინკოპეს შემთხვევების უმრავლესობა სრულიად უსაფრთხოა. ტრავმატიზაციის რისკიც უფრო ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გულყრების შემთხვევაში, რადგან ამ დროს გონების კარგვა ხდება ნელ-ნელა და პაციენტი ასწრებს ითხოვოს დახმარება, ან თვითონვე უშველოს თავის თავს, მოეჭიდოს რაიმეს, მოასწროს დაჯდომა ან დაწოლაც. დახმარების მიზნით აუცილებელია, რომ პაციენტი მოვათავსოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გვერდულად ან ზურგზე, სწორ და მყარ ზედაპირზე, ხოლო ქვედა კიდურები მოვუთავსოთ შემაღლებულ პოზიციაში. ზურგზე წოლის შემთხვევაში სასურველია, თავი ჰქონდეს გვერდით გადაბრუნებული, რადგან ღებინების რისკი გულყრასთან შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც არის. აუცილებელია შევუხსნათ მოჭერილი და მჭიდრო ტანისაცმელი, ქამარი და უზრუნველვყოთ სუფთა ჰაერის მიწოდება. ზრდასრულებსა და მოზარდებში შეიძლება გამოვიყენოთ მძაფრსუნიანი საშუალებები (მაგალითად, ნიშადური) გონზე მოსვლის დასაჩქარებლად. გონზე მოსვლის შემდეგ არ წამოაყენოთ პაციენტი სწრაფად. დაელოდეთ რომ სრულად აღდგეს ცნობიერება და წამოაჯინეთ ნელ-ნელა. წინააღმდეგ შემთხვევაში გონების კარგვა შეიძლება განმეორდეს. ისევე, როგორც გულყრების შემთხვევაში - დაუშვებელია პაციენტის ჯანჯღარი, თავდაყირა დაკიდება. არ არის საჭირო ენის დაჭერის მცდელობა. ასევე დაუშვებელია გონდაკარგული ადამიანისთვის დასალევად წყლის ან წამლის მიცემა. დაელოდეთ ცნობიერების აღდგენას და უკვე წამომჯდარ ადამიანს შესთავაზეთ წყალი ან წვენი. კარგად დაიმახსოვრეთ ეპიზოდის დროს მიმდინარე მოვლენები, რადგან დიაგნოსტიკის პროცესში ექიმისთვის უმნიშვნელოვანესია მათი ანალიზი და ინტერპრეტაცია. ვერცერთი გამოკვლევა ვერ შეცვლის ამ ინფორმაციას და ღირებულებას, სწორი დიაგნოზისთვის.
საკუთარი თავის დახმარება შეუძლიათ თვითონ პაციენტებსაც. მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე არ შეეშინდეთ და დროულად ითხოვონ დახმარება. მაშინვე ჩაიმუხლონ ან დაჯდნენ, თუნდაც იატაკზე. ეფექტურია ხოლმე, როდესაც ბავშვი ან მოზრდილი ჯდება წინ გადახრილი ისე, რომ თავი ჰქონდეს მუხლების დონეზე ან უფრო დაბლა პოზიციაში. ეს პოზიცია განსაკუთრებით კომფორტული და ეფექტურია სიმპტომების პირველივე წამებში და გონების სრულად დაკარგვამდე, მაგალითად, ქუჩაში, ტრანსპორტში, სადაც შეიძლება არ იყოს დაწოლის საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების დაწყებისთანავე პაციენტი დარჩეს ადგილზე და ისე ითხოვოს დახმარება, ანუ არ დაიწყოს სიარული, რადგან გონების კარგვის შემთხვევაში შეიძლება წაბორძიკდეს და მიიღოს ტრავმა. გონს მოსვლის შემდეგ ეცადოს, რომ დარჩეს ისევ დაწოლილ ან წინ გადახრილ მდგომარეობაში, ვიდრე ბოლომდე კარგად არ იგრძნობს თავს და შემდეგ ნელა გასწორდეს.
- როგორია სინკოპეს მკურნალობა?
- როგორც აღვნიშნეთ, სინკოპე ხანმოკლე ეპიზოდია და სპონტანურად სრულდება დაახლოებით ერთ წუთში. ის შეიძლება იყოს ერთჯერადი ეპიზოდი ადამიანის ცხოვრებაში, ან განმეორდეს სხვადასხვა ინტერვალით. ასევე, ერთი და იგივე პაციენტის ცხოვრებაში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. მკურნალობა და მართვის პრინციპები განისაზღვრება სწორედ გამომწვევი მიზეზებით. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ყველაზე საყურადღებოა ე.წ. კარდიალური სინკოპე. ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკაც და მართვაც კარდიოლოგების მჭიდრო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოხდეს. სინკოპეს სხვა ფორმები პროგნოზულად სრულიად კეთილსაიმედოა. მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ განწყობილმა პაციენტებმა დაიცვან გარკვეული წესები, მაგალითად, თავი აარიდონ მაპროვოცირებელ სიტუაციებს, დახუთულ და ცუდად ვენტილირებულ გარემოს, დაიცვან სითხის და საკვების მიღების რეჟიმი, რომ თავიდან აიცილონ გაუწყლოება. ეს ბავშვებთან მიმართებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უფრო სპეციფიკურ და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს უკვე ექიმი მიაწვდის პაციენტს და მისი ოჯახის წევრებს. 
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა ფაქტორები განაპირობებს საუბრის გვიან დაწყებას ბავშვებში და როგორ დავეხმაროთ პატარებს დროულად ამეტყველებაში?

​რა ფაქტორები განაპირობებს საუბრის გვიან დაწყებას ბავშვებში და როგორ დავეხმაროთ პატარებს დროულად ამეტყველებაში?

რა ფაქტორები განაპირობებს საუბრის გვიან დაწყებას ბავშვებში, როდის მივიჩნიოთ, რომ ეს დარღვევაა და როგორ დავეხმაროთ პატარებს დროულად ამეტყველებაში? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა კლინიკური ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი ანა ყარაულაშვილი.

- ქალბატონო ანა, ზოგიერთი ბავშვი გვიან იწყებს საუბარს. რა ასაკიდან მივიჩნიოთ, რომ დარღვევაა, თუ ჩვენი შვილი არ ლაპარაკობს?
- ბავშვის განვითარების ყველა უნარს აქვს თავისი ასაკობრივი შესაბამისობა, რომელიც შეიძლება არ ატარებდეს ძალიან მკაცრ ხასიათს, მაგრამ რომელთა გათვალიწინება ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, 1 წლის ასაკისთვის ბავშვი უნდა ამბობდეს ერთეულ, მარტივ ერთ-ორმარცვლიან სიტყვებს, ამბობდეს მათ მიზანმიმართულად, ანუ იყენებდეს მათ კომუნიკაციის მიზნით, ცდილობდეს სიტყვების განმეორებას, იცოდეს ორი-სამი საგნის დასახელება მაინც. 2 წლის ასაკისთვის ბავშვს უკვე უნდა შეეძლოს ორი სიტყვის გადაბმა წინადადებაში და მათი გამოყენება კომუნიკაციის მიზნით. ამ დროს, ის შეიძლება არ წარმოთქვამდეს სიტყვებს მართებულად და ჰქონდეს ბგერების სწორად წარმოთქმის გარკვეული სირთულეები.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აღიქვამს ბავშვი მისკენ მიმართულ მეტყველებას. 1 წლის ასაკამდე ის უნდა რეაგირებდეს საკუთარ სახელზე, ცოტა ხნით უნდა აქცევდეს ყურადღებას „მოსაუბრეს“. 1 წლის ასაკისთვის იწევდეს იმ სათამაშოსკენ, რომელსაც მას უსახელებენ, ნაცნობი სურათის დასახელებისას „აკვირდებოდეს“ მას, ასრულებდეს ერთსაფეხურიან მითითებებს. 2 წლის ასაკისთვის მას უნდა ესმოდეს გაცილებით მეტი სიტყვის მნიშვნელობა (სიტყვის გაგონებაზე იხსენებს, აჩვენებს და ა.შ. შესაბამის საგანს, სათამაშოს), მითითებების არეალი, რომელსაც ბავშვი ასრულებს, ფართოვდება. თუმცა, აქ აღსანიშნავია, რომ ეს მითითებები უნდა სცილდებოდეს ყოფით ცხოვრებაში მრავალჯერადად განმეორებულ ფრაზებს (მაგალითად, „აანთე შუქი“, „დაჯექი“ და ა.შ.).  ბავშვს უნდა შეეძლოს ამის შესრულება საგნების მანიპულირების დონეზე, მითითებების შესრულება, რომლებსაც ამბობენ გარკვეული პერეფრაზირებით (სხვა სიტყვებით).
მიმართული მეტყველების განვითარება კრიტიკული უნარია ბავშვის საუბრის დაწყების პროცესში. თუ ბავშვს არ ესმის, რას ეუბნებიან (შენახული სმენის სიმახვილის ფონზე), მას გაუჭირდება სიტყვების წარმოთქმაც.
არიან ბავშები, რომლებიც შედარებით გვიან იწყებენ საუბარს, მაგრამ ეს დაგვიანება არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. გავრცელებულია მოსაზრება დალოდების შესახებ - დაველოდოთ 3 წლამდე, დაველოდოთ 4 წლამდე და აუცილებად ალაპარაკდება. ამის დასტურად ხშირად მოჰყავთ ოჯახის წევრების ან ახლობლების მაგალითები, რომლებმაც გვიან დაიწყეს საუბარი და ზრდასრულ ასაკში არავითარი სირთულეები არა აქვთ. ეს მოსაზრებები საკმაოდ დიდი რისკის შემცველია. ჯერ ერთი, ე.წ. დალოდების პროცესში შეიძლება, დაიკარგოს ის „ოქროს“ დრო, როდესაც მცირედი დახმარებაც საკმარისია საიმისოდ, რომ არსებული სირთულე იქნას დაძლეული, რადგანაც ადრეული ასაკი კრიტიკული პერიოდია ენისა და მეტყველების განვითარებისთვის. დაგვიანებული ჩარევა, ერთი მხრივ, შეიძლება არ იყოს ისეთი ეფექტური და მოითხოვდეს, გაცილებით მეტ დროსა და ენერგიას. მეორე მხრივ, შეიძლება გაიზარდოს რისკი სამომავლოდ ენისა და მეტყველების უფრო გამოხატული სირთულეებისა, შემდგომში აკადემიური სირთულეების, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ემოციური და ქცევის მართვის სირთულეები ბავშებთან.
და მეორე, კი შეიძლება, რომ ოჯახის რომელიმე წევრმა გვიან დაიწყოს საუბარი, ამან არანაირად არ იმოქმედოს მის განვითარებაზე და მომავალზე, ასეთი შემთხვევეიც არის, მაგრამ აქაც ბევრი კითხვაა - არ საუბრობდა საერთოდ, თუ ჰქონდა ცალკეული სიტყვები, ესმოდა თუ არა მიმართული მეტყველება და რამდენად ასრულებდა მითითებებს, როგორ ამყარებდა კომუნიკაციას სხვა ადამიანებთან და ა.შ. მხოლოდ ამ ყველაფრის გათვალიწინებით შეიძლება, ვისაუბროთ გარკვეულ პროგნოზებზე, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ეს ინფორმაცია არ გაგვაჩნია და ძალიან დიდი რისკია, დავრჩეთ მხოლოდ იმის იმედად, რომ ოჯახის რომელიმე წევრმა გვიან დაიწყო საუბარი.
ჩემი, როგორც სპეციალისტის მოსაზრება არის - ვამჩნევთ თუ არა გარკვეულ სირთულეებს ბავშვის საუბარში, რაღაცა არ მოგვწონს, ჩვენ, მშობლებს, ან ამაზე მიგვითითებს ბავშვის პედიატრი, ოჯახის ექიმი, აღმზრდელი საბავშვო ბაღში, აჯობებს, მივიყვანოთ შესაბამის სპეციალისტთან (ენისა და მეტყველების თერაპევტი, ნეიროფსიქოლოგი) შეფასებაზე. მათ მიერ გაწეული კონსულტაცია და მოცემული რჩევები ნებისმირ შემთხვევაში სასარგებლოა და ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას.
- შესაძლოა თუ არა ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მიუთითებდეს და რა შეიძლება იყოს მეტყველების შემაფერხელებელი ფაქტორი?
- ენისა და მეტყველების განვითარებაზე გავლენას ახდენს ძალიან ბევრი ფაქტორი, რომლებიც შეიძლება ორ დიდ ჯგუფად გავაერთიანოთ. ეს არის ბიოლოგიური ფაქტორები და სოციალური ფაქტორები. თითოეული მათგანი კიდევ მრავალს მოიცავს. არ გავჩერდები მათ განხილვაზე, ვიტყვი ერთს, თითოეული ჩვენგანი იბადება ძლიერი და სუსტი მხარეებით, რომლებსაც გარკვეული ბიოლოგიური პრედისპოზიცია განაპირობებს, მაგრამ თუ ჩვენ მოვხვდით, ჩვენთვის არახელსაყრელ პირობებში (მაგალითად, გარკვეული ცხოვრების სიტუაციები, სოციალური, ემოციური დეპრივაცია, შეზღუდავა, სტრესი), ამან შეიძლება გაამძაფროს არსებული სუსტი მხარეები და ხელი არ შეუწყოს ძლიერი მხარეების განვითარებას.
ჩვენს დროში, სამწუხაროდ, ყველა განვიცდით ცოცხალი ურთიერთობების, კომუნიკაციის ნაკლებობას და ჩვენი ცხოვრება ზედმეტად გახდა დამოკიდებული ტექნიკაზე. არადა, ბავშვის განვითარება, ენისა და მეტყველების განვითარება, სწორედ ურთიერთობის და კომუნიკაციის პროცესში ხდება.
- როგორ დავეხმაროთ პატარას დროულად ამეტყველებაში და რა გზები არსებობს პრობლემის თავიდან ასარიდებლად?
- პირველ რიგში, უნდა მოვაცილოთ ბავშვი ნებისმიერ ტექნიკას (ტელეფონი, ტელევიზორი, პლანშეტი). უკვე არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც მიუთითებს „ეკრანის“ უარყოფით გავლენაზე ბავშვის განვითარების პროცესში. „ეკრანზე“ დამოკიდებულება არ არის სირთულეების გამომწვევი მიზეზი, მაგრამ მან შეიძლება გააღრმავოს არსებული სუსტი მხარე. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეს ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, არ არის ერთგვაროვანი და ცალსახა, ცალკე მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს.
ყველაზე მნიშვნელოვანია - კომუნიკაცია ჩვენს შვილებთან. კომუნიკაცია, რომელიც ეფუძნება ცოცხალ, ემოციებზე დაფუძნებულ პოზიტიურ ურთიერთობას. პატარა ბავშვებთან ეს ხშირად არის თამაში, ფიზიკური კონტაქტი. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მოფერება, რომელსაც თან ახლავს ბავშვის სახელის წარმოთქმა, მარტივი თამაშები „ჩიტას“ ან „ლოლ-ა-ლოლიას“ სახით. მნიშვნელოვანია ბავშვთან კონტაქტის დამყარება, მისი მზერის „დაჭერა“ და საპასუხო რეაქციის მიღება. ამ დროს მნიშვნელოვანია ჩვენი სახის გამომეტყველება, მზერა, ტონი, ხმის ტემბრი, რომლებიც უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, რადგანაც ბავშვები, პატარა ბავშვებიც კი, მაშინვე გრძნობენ შეუსაბამობას და რეაგირებენ ამაზე ჭირვეულობით, განრიდებით, ნეგატივიზმით. მაგალითად, თუ ჩვენ ვეფერებით ბავშვს, ვეძახით მას, მაგრამ ამავე დროს ვიყურებით სადღაც სხვაგან, ან ვამბობთ ამას მექანიკურად.
პატარა ბავშები სწავლობენ თამაშის პროცესში, ამიტომ უნდა ვეთამაშოთ ჩვენს შვილებს. ამ დროს სასურველია, მივყვეთ ბავშვის ინტერესებს და ვეთამაშოთ ის თამაშები, რომლებიც მას სიამოვნებს, მოსწონს, უყვარს და არა მხოლოდ ის თამაშები, რომლებიც ჩვენი აზრით შეიძლება „სასარგებლო“ იყოს ბავშვის განვითარებისთვის. ძალიან კარგია ამ კუთხით ე.წ. იმიტაციური თამაშები, როლური თამაშები. აქაც მნიშვნელოვანია გულწრფელი ჩართულობა თამაშის პროცესში და არა უბრალოდ „მოვალეობის შესრულება“.
ენისა და მეტყველების განვითარება ხდება ყოველდღიური აქტივობების განხორციელების ფარგლებშიც, რუტინის შესრულების პროცესში, მაგალითად, ჩაცმის დროს, სამზარეულოში ფუსფუსის დროს, ეზოში სეირნობის დროს და ა.შ. ჩვენ ვუხმოვანებთ ბავშვს ყველაფერს, რაც ხდება ჩვენ ირგვლივ. ამ დროს ვიყენებთ მოკლე წინადადებებს, შესაბამის ლექსიკას.
ძალიან ხშირად მშობლები აიძულებენ ბავშვს ბგერების კოპირებას ან საგნების დასახელებას. მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, როგორც უკვე აღვნიშნე, ვასწავლოთ ბავშვს სიტყვების მნიშვნელობის გაგება - ეს არის სიტყვების წარმოთქმის გასაღები. გახმოვანებასთან ერთად, დაუსვით კითხვა, გააკეთეთ პაუზა. კითხვები, უნდა იყოს ასაკის და სიტუაციის შესაბამისი. ნუ ეცდებით მის მაგივრად პასუხის გაცემას მაშინვე, დაელოდეთ ცოტა ხანი.

​აქვე მინდა აღვნიშნო, ბოლო პერიოდში გახშირებული შემთხვევები ჩემი პრაქტიკიდან, როდესაც მშობლებს მოჰყავთ ბავშვები შეფასების მიზნით, არა რაიმე არსებული სირთულის დადგენის მიზნით, არამედ მისი ძლიერი და სუსტი მხარეების (რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია) გამოყოფის მიზნით. მოჰყავთ ბავშები, რომლებსაც არა აქვთ შეხება ტექნიკასთან და რომლებიც იზრდებიან ზუსტად ამ ცოცხალი კომუნიკაციის ატმოსფეროში, ძალიან მინიმალური მატერიალური დანახარჯის პირობებში და უნდა ითქვას, რომ ამ ბავშვების კოგნიტური და ემოციური განვითარება უმრავლეს შემთხვევაში უსწრებს ასაკს, რაც მე ძალიან მახარებს.
- ამბობენ, რომ ბიჭები უფრო გვიან იწყებენ საუბარს. რამდენად მართალია და თუ ასეა, რატომ?
- კი, ნამდვილად არის გავრცელებული ეს მოსაზრება, რომ ბიჭები უფრო გვიან ვითარდებიან გოგოებთან შედარებით. ამას საფუძვლად უდევს მრავალი დაკვირვება, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტს. მეორეა, თუ რა უდევს ამას საფუძლად? ყველაზე დამაჯერებლად ამას ხსნიან კვლევები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ გოგოების და ბიჭების თავის ტვინის განვითარება ოდნავ სხვანაირად მიმდინარეობს, კერძოდ, გოგონებთან ადრეულ ასაკში მეტად არის განვითარებული თავის ტვინის მარცხენა ჰემისფერო, რომელიც, ასევ ვთქვათ, პასუხისმგებელია მეტყველების განვითარებაზე.

​თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს სხვაობა ენისა და მეტყველების განვითარებაში გოგონებთან და ბიჭებთან არ უნდა ატარებდეს მნიშვნელოვან ხასიათს. არსებობს გარკვეული ნორმები, რომლებიდან მნიშვნელოვანი აცდენა უკვე საყურადღებოა და საჭიროებს დამატებით დაკვირვებას, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

​და ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა გამავახვილო ყურადღება ორ მნიშვნელოვან ფაქტორზე, კომუნიკაციის აუცილებლობაზე ჩვენს შვილებთან (რაც შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ რეალობა აჩვენებს, რომ ზუსტად ეს გვჭირდება და გვაკლია ჩვენ, ყველას) და ადრეული ჩარევის აუცილებლობაზე, რომლის ქვეშ იგულისხმება არა მხოლოდ სპეციალისტების მიზანმიმართული მუშაობა, არამედ მშობლების კონსულტირება და მათთვის დახმარების გაწევა ბავშვების განვითარების სტიმულირების ხელშეწყობის და ბავშების ემოციების და ქცევის პოზიტიური სტრატეგიების გამოყენების სწავლების მხრივ.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად