Baby Bag

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს უეცრად წაუვიდა გული?

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს უეცრად წაუვიდა გული?

როგორ ვლინდება სინკოპე ე.წ. გულის წასვლა ბავშვებში და რა შეიძლება იყოს მიზეზი? ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე.

- რა არის სინკოპე და რა შეიძლება იყოს მისი მიზეზი?
- სინკოპე არის გონების ხანმოკლე კარგვა, ე.წ. გულის წასვლა. მისი საფუძველია თავის ტვინის სისხლ-და/ან ჟანგბადმომარაგების ხანმოკლე დარღვევა, რომლის შედეგადაც ბავშვი ან მოზრდილი ხანმოკლედ კარგავს გონებას. ეს შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, არტერიული წნევის დაქვეითების ფონზე, ან სხვადასხვა მიზეზით ორგანიზმის გაუწყლოების შემთხვევაში; შეიძლება ადგილი ჰქონდეს სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემას და ამის შედეგად დაირღვეს სისხლის ჟანგბადით გაჯერების პროცესი. სხვა მიზეზი შეიძლება იყოს გარემოში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება. სინკოპე ხშირად ვითარდება ძლიერი ტკივილის ან ემოციის ფონზე, ფიზიკური და ემოციური გადაღლის შემთხვევაში. ისევე, როგორც არსებობს სხვადასხვა სპეციფიკურ სიტუაციაში განვითარებული სინკოპე - მაგალითად, შარდვის, თმის ვარცხნის, ან კისრის მიდამოს სპეციფიკური გაღიზიანების საფუძველზე; ძალიან საყურადღებოა გულის ნორმალური რითმის დარღვევის ფონზე ტვინის სისხლმომარაგების გარდამავალი დარღვევა და ე.წ. კარდიალური სინკოპე - ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს შექცევადი, თუმცა პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშიც. შესაბამისად, სინკოპეს გარეგნული მსგავსების მიუხედავად, შეიძლება სრულიად კეთილსაიმედო, ან საკმარისად საყურადღებო გამოსავალი ჰქონდეს. საბედნიეროდ, ბავშვებში სინკოპეს შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა კარგი პროგნოზით ხასიათდება და უსაფრთხოა ბავშვის სიცოცხლის თუ ჯანმრთელობისთვის.
- როგორ ვლინდება სინკოპე ბავშვებში?
- სინკოპეს სიმპტომები მსგავსია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ბავშვებში სირთულე შეიძლება შექმნას კომუნიკაციამ. ანუ ასაკთან მიმართებით რამდენად მოახერხებენ ბავშვები თავად აღწერონ საკუთარი შეგრძნებები. მცირე ასაკში ეს უფრო რთულია ხოლმე. სინკოპეს შემთხვევაში, ერთი მხრივ, არის ნიშნები, რომლებსაც მხოლოდ პაციენტი გრძნობს და პარალელურად არის ნიშნები, რომლებიც შეიძლება შენიშნონ გარშემომყოფებმა. ყველაზე ხშირად პაციენტები აღწერენ საერთო სისუსტეს, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება, ეკარგებათ ძალა ფეხებში, შეიძლება ჰქონდეთ კიდურებში დაბუჟების შეგრძნება, შემცივნების, თავბრუსხვევის, თვალებში დაბნელების ან აჭრელების განცდა, ხმები თითქოს შორიდან ესმით და ამასობაში კარგავენ გონებას. პაციენტების უმრავლესობა ასწრებს, რომ გვერდით მყოფს სთხოვოს დახმარება, დაიჩივლოს რომ ცუდადაა, მოეჭიდოს რაიმეს, ვიდრე დაეცემა. გარშემომყოფები აღწერენ, რომ პაციენტი გაფითრდა, მოდუნდა და ჩაიკეცა. სიმპტომების ასეთი ეტაპობრივი და ნელი განვითარება არის ერთ-ერთი დამახასიათებელი სინკოპესთვის. პაციენტი თვალდახუჭულია, ფერმკრთალი, მოდუნებული, თუმცა იშვიათად, გამორიცხული არ არის კიდურებში ხანმოკლე დაჭიმვაც, ან ერთეული ბიძგისებრი მოძრაობები, უნებლიე შარდვაც, მათ შორის. ეს ფენომენები არ ცვლის და არ ამძიმებს პროგნოზს. სინკოპე იშვიათად გრძელდება ერთ წუთზე მეტხანს. პაციენტი სწრაფად მოდის გონს და შეუძლია აღწეროს გონების დაკარგვამდე განცდილი შეგრძნებები. ხშირად ხდება, რომ გარეგნულად გონდაკარგულ პაციენტს ბუნდოვნად, მაგრამ თურმე ესმოდა გარშემომყოფების ხმები.

​- თუ ბავშვს უეცრად წაუვიდა გული, როგორ დავეხმაროთ და რას ურჩევთ მშობლებს?
- პირველი რეკომენდაციაა, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვებშიც და მოზრდილებშიც, სინკოპეს შემთხვევების უმრავლესობა სრულიად უსაფრთხოა. ტრავმატიზაციის რისკიც უფრო ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გულყრების შემთხვევაში, რადგან ამ დროს გონების კარგვა ხდება ნელ-ნელა და პაციენტი ასწრებს ითხოვოს დახმარება, ან თვითონვე უშველოს თავის თავს, მოეჭიდოს რაიმეს, მოასწროს დაჯდომა ან დაწოლაც. დახმარების მიზნით აუცილებელია, რომ პაციენტი მოვათავსოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გვერდულად ან ზურგზე, სწორ და მყარ ზედაპირზე, ხოლო ქვედა კიდურები მოვუთავსოთ შემაღლებულ პოზიციაში. ზურგზე წოლის შემთხვევაში სასურველია, თავი ჰქონდეს გვერდით გადაბრუნებული, რადგან ღებინების რისკი გულყრასთან შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც არის. აუცილებელია შევუხსნათ მოჭერილი და მჭიდრო ტანისაცმელი, ქამარი და უზრუნველვყოთ სუფთა ჰაერის მიწოდება. ზრდასრულებსა და მოზარდებში შეიძლება გამოვიყენოთ მძაფრსუნიანი საშუალებები (მაგალითად, ნიშადური) გონზე მოსვლის დასაჩქარებლად. გონზე მოსვლის შემდეგ არ წამოაყენოთ პაციენტი სწრაფად. დაელოდეთ რომ სრულად აღდგეს ცნობიერება და წამოაჯინეთ ნელ-ნელა. წინააღმდეგ შემთხვევაში გონების კარგვა შეიძლება განმეორდეს. ისევე, როგორც გულყრების შემთხვევაში - დაუშვებელია პაციენტის ჯანჯღარი, თავდაყირა დაკიდება. არ არის საჭირო ენის დაჭერის მცდელობა. ასევე დაუშვებელია გონდაკარგული ადამიანისთვის დასალევად წყლის ან წამლის მიცემა. დაელოდეთ ცნობიერების აღდგენას და უკვე წამომჯდარ ადამიანს შესთავაზეთ წყალი ან წვენი. კარგად დაიმახსოვრეთ ეპიზოდის დროს მიმდინარე მოვლენები, რადგან დიაგნოსტიკის პროცესში ექიმისთვის უმნიშვნელოვანესია მათი ანალიზი და ინტერპრეტაცია. ვერცერთი გამოკვლევა ვერ შეცვლის ამ ინფორმაციას და ღირებულებას, სწორი დიაგნოზისთვის.
საკუთარი თავის დახმარება შეუძლიათ თვითონ პაციენტებსაც. მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე არ შეეშინდეთ და დროულად ითხოვონ დახმარება. მაშინვე ჩაიმუხლონ ან დაჯდნენ, თუნდაც იატაკზე. ეფექტურია ხოლმე, როდესაც ბავშვი ან მოზრდილი ჯდება წინ გადახრილი ისე, რომ თავი ჰქონდეს მუხლების დონეზე ან უფრო დაბლა პოზიციაში. ეს პოზიცია განსაკუთრებით კომფორტული და ეფექტურია სიმპტომების პირველივე წამებში და გონების სრულად დაკარგვამდე, მაგალითად, ქუჩაში, ტრანსპორტში, სადაც შეიძლება არ იყოს დაწოლის საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების დაწყებისთანავე პაციენტი დარჩეს ადგილზე და ისე ითხოვოს დახმარება, ანუ არ დაიწყოს სიარული, რადგან გონების კარგვის შემთხვევაში შეიძლება წაბორძიკდეს და მიიღოს ტრავმა. გონს მოსვლის შემდეგ ეცადოს, რომ დარჩეს ისევ დაწოლილ ან წინ გადახრილ მდგომარეობაში, ვიდრე ბოლომდე კარგად არ იგრძნობს თავს და შემდეგ ნელა გასწორდეს.
- როგორია სინკოპეს მკურნალობა?
- როგორც აღვნიშნეთ, სინკოპე ხანმოკლე ეპიზოდია და სპონტანურად სრულდება დაახლოებით ერთ წუთში. ის შეიძლება იყოს ერთჯერადი ეპიზოდი ადამიანის ცხოვრებაში, ან განმეორდეს სხვადასხვა ინტერვალით. ასევე, ერთი და იგივე პაციენტის ცხოვრებაში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. მკურნალობა და მართვის პრინციპები განისაზღვრება სწორედ გამომწვევი მიზეზებით. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ყველაზე საყურადღებოა ე.წ. კარდიალური სინკოპე. ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკაც და მართვაც კარდიოლოგების მჭიდრო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოხდეს. სინკოპეს სხვა ფორმები პროგნოზულად სრულიად კეთილსაიმედოა. მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ განწყობილმა პაციენტებმა დაიცვან გარკვეული წესები, მაგალითად, თავი აარიდონ მაპროვოცირებელ სიტუაციებს, დახუთულ და ცუდად ვენტილირებულ გარემოს, დაიცვან სითხის და საკვების მიღების რეჟიმი, რომ თავიდან აიცილონ გაუწყლოება. ეს ბავშვებთან მიმართებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უფრო სპეციფიკურ და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს უკვე ექიმი მიაწვდის პაციენტს და მისი ოჯახის წევრებს. 
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0YnF

შეიძლება დაინტერესდეთ

ენურეზი (შარდის შეუკავებლობა) ბავშვებში - რა გავითვალისწინოთ და როდის მივმართოთ ექიმს?

ენურეზი (შარდის შეუკავებლობა) ბავშვებში - რა გავითვალისწინოთ და როდის მივმართოთ ექიმს?
ენურეზი გავრცელებული პრობლემაა, რაც მშობლებს და შვილებს ძალიან აწუხებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასაკის მატებასთან ერთად რჩება. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს და არის თუ არა დაკავშირებული რაიმე სახის სამედიცინო პრობლემასთან? ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი მაკა ლომიძე.

​- ქალბატონო მაკა, რა შემთხვევაშია ენურეზი საყურადღებო 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და არის თუ არა დაკავშირებული რაიმე სამედიცინო ან სხვა სახის პრობლემასთან?

​- ბავშვებში შარდის შეუკავებლობა ხშირი პრობლემაა. მოკლედ რომ განვიხილოთ: 4 წლისათვის ბავშვები უკვე სწავლობენ მოშარდვის კონტროლს დღის მანძილზე (ანუ სიფხიზლის დროს); ძილის დროს შარდის ბუშტის ნებითი კონტროლის უნარის გამომუშავებას კი უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდება და 5-7 წლის შუალედში ყალიბდება.

​5 წლის ასაკისათვის ბავშვების 90-95% თითქმის სრულად ახერხებს, დარჩეს მშრალი (ანუ შეუძლია ნებითად გააკონტროლოს შარდის შეკავების უნარი) დღის მანძილზე და 80-85%-ს ძილის დროსაც. ენურეზად განიხილება შარდის შეუკავებლობის ეპიზოდები მხოლოდ ძილის დროს და მხოლოდ იმ ბავშვებში, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 5 წელი, რადგან ასაკის გათვალისწინებით მათ უკვე შეიძლება ჰქონდეთ მოშარდვის ნებითი კონტროლის უნარი.

​განარჩევენ პირველად (ენურეზის მქონე ბავშვთა 75-90%) ენურეზს, როცა ხანგრძლივი დროის მანძილზე (მინიმუმ 6 თვე) ბავშვი არასდროს ყოფილა მშრალი ძილის დროს და მეორად ენურეზს (10-25%), როცა ბავშვი რჩებოდა მშრალი ძილის დროს რამდენიმე თვე (მინიმუმ 6 თვე), ვიდრე კვლავ გამოვლინდა ენურეზი.

​მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ენურეზის მქონე ბავშვების 75%-ს პრობლემა აღენიშნება მხოლოდ ძილის დროს. ამ ბავშვებს, როგორც წესი, არ აქვთ, არც შარდის შეუკავებლობა დღის მანძილზე და არც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. ეს ე.წ. მონოსიმპტომური ენურეზია და ენურეზის შემთხვევათა უმრავლესობა, სწორედ ამ ტიპისაა. პირველადი, მონოსიმპტომური ენურეზი ორჯერ უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში და ყოველი წლის მატებასთან ერთად დაახლოებით 15%-ში თავისთავად გაივლის.

​ენურეზი საყურადღებოა, როცა შარდის შეუკავებლობის ეპიზოდები არის არა მარტო ძილის, არამედ სიფხიზლის დროსაც და/ან თან ახლავს, ქვედა საშარდე გზების მხრივ, სხვა სიმტომებიც - მოშარდვის უეცარი მოთხოვნილება, მოშარდვის სიხშირის ცვლილება, გაძნელებული (ჭინთვით) შარდვა, შარდის სუსტი ნაკადი, ტკივილი შარდვისას... ეს არამონოსიმპტომური ენურეზია. ასეთი დიფერენცირება გასათვალისწინებელია, რადგან სწორედ იმ ბავშვებს, რომლებსაც ენურეზთან ერთად აღენიშნებათ დღის შეუკავებლობა, სხვა ჩივილებთან ერთად მოსალოდნელია, ჰქონდეთ ქვედა საშარდე სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები და ასეთ შემთხვევებში ექიმთან მიმართვა აუცილებელია.

​დიაბეტი, საშარდე გზების ინფექციები, ყაბზობა, ენკოპრეზი (განავლის შეუკავებლობა), ენტერობიაზი („ჭიები“), თირკმლის ქრონკული დაავადება, გულყრა და ძილის დარღვევები (მაგ: ძილის აპნოე) ის სამედიცინო პრობლემებია, რომლებიც შეიძლება ხელს უწყობდეს ენურეზს. ამ მდგომარეობების იდენტიფიკაცია არ არის რთული და ცხადია, ასეთ დროს მთავარი ამოცანა ძირითადი მიზეზის სწორი მართვაა.

​ისიც გასათვალისწინებელია, რომ ენურეზი შეიძლება ასოცირებული იყოს ნეიროგანვითარების დარღვევებთანაც, მათ შორის: გონებრივი განვითარების შეფერხება, აუტიზმის სპექტრის დარღვევები, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი.

​ფიზიკური ან ემოციური პრობლემები იშვიათად ხდება პირველადი ენურეზის მიზეზი.

​- თუ ასაკის მატებასთან ერთად ენურეზი რჩება, რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

​- როგორც აღვნიშნეთ, 5 წლის ასაკის შემდეგ, ყოველი წლის მატებასთან ერთად, მოსალოდნელია პირველადი, მონოსიმპტომური ენურეზი თავისთავად მოწესრიგდეს, მაგრამ თუ პრობლემა რჩება, ცხადია, ექიმის ჩარევა და სრულყოფილი შეფასება აუცილებელია. ექიმი გაარკვევს ჩივილის ისტორიას (ანამნეზი), გასინჯავს ბავშვს, შეაფასებს შარდის საერთო ანალიზს და აუცილებლად გირჩევთ ე.წ „მოშარდვის დღიურის“ (დღიურში უნდა დაფიქსირდეს დღის მანძილზე მოშარდვის დრო და სიხშირე, შარდის მოცულობა, ყოველი მოშარდვის დროს მიღებული სითხის ოდენობა, სხვა სიმტომების არსებობა: ჭინთვის საჭიროება შარდვის დროს, შარდის ნაკადი ხომ არ არის წყვეტილი? ცლის თუ არა ბოლომდე შარდის ბუშტს და სხვა) წარმოებას, რის საფუძველზეც გადაწყვეტს შემდეგი კვლევების და/ან მკურნალობის საჭიროებას.

​- ხშირად პატარები ისჯებიან ასეთ დროს. რამდენად მართებულია ეს მშობლების მხრიდან?

​- ენურეზი ემოციური სტრესია, როგორც ბავშვის, ისე მშობლების და ოჯახის სხვა წევრებისათვის. ბავშვებს სირცხვილის და განცდის გამო დაბალი თვითშეფასება უყალიბდებათ, რამაც შეიძლება, სავალალო გავლენა იქონიოს თანატოლებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობებზე, ცხოვრების ხარისხზე, სწავლაზე. ბავშვები ერიდებიან და არ რჩებიან მეგობრებთან წვეულებებზე, ან რაიმე ტიპის შეკრებებზე, სადაც ღამით დარჩენა მოუწევთ.

​მშობლებს მუდმივად უწევთ სველი თეთრეულის შეცვლა, რეცხვა-მოწესრიგება, რამაც შეიძლება ისინი გააღიზინოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ენურეზი არ არის ბავშვის დანაშაული და მას არ შეუძლია ამის გაკონტროლება. ოჯახის წევრებმა და სხვა ახლობლებმა არასოდეს არ უნდა შეარცხვინონ ან დასაჯონ ბავშვი ენურეზის გამო. სწორი იქნება ექიმთან ერთად განიხილონ პრობლემა და სცადონ გააცნობიერონ მიზეზები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაგეგმონ და დასახონ დახმარების გზები.


​​ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად