Baby Bag

,,ძაღლის, კატის ან სხვა ნებისმიერი ცხოველის ნაკბენი ან ნაკაწრი ყოველთვის არის საფრთხის შემცველი, მათ შორის უკვე არსებულ ჭრილობაზე ცხოველის ნერწყვის მოხვედრა''

,,ძაღლის, კატის ან სხვა ნებისმიერი ცხოველის ნაკბენი ან ნაკაწრი ყოველთვის არის საფრთხის შემცველი, მათ შორის უკვე არსებულ ჭრილობაზე ცხოველის ნერწყვის მოხვედრა''

რა შემთხვევაში წარმოადგენს ცხოველის ნაკბენი საფრთხეს? - აღნიშნულ თემაზე MomsEdu.ge-ს რაბიოლოგი მანანა პაპავა ესაუბრა. 

რა შემთხვევაში წარმოადგენს საფრთხეს ძაღლის ან კატის ნაკბენი (თუნდაც ნაკაწრი) ბავშვისთვის?

ძაღლის, კატის ან სხვა ნებისმიერი ცხოველის ნაკბენი ან ნაკაწრი ყოველთვის არის საფრთხის შემცველი, მათ შორის უკვე არსებულ ჭრილობაზე ცხოველის ნერწყვის მოხვედრა. ძაღლის ან კატის ნაკბენი, განსაკუთრებით საშიშია თუ ცხოველი აუცრელია, იმყოფება სხვა მიუსაფარ ცხოველებთან კონტაქტში და როდესაც ვერ ვაკვირდებით (არის მიუსაფარი).

ხშირად, როდესაც მშობლები მომმართავენ და ვიცი, რომ დაზიანება ცხოველის მიერ არის მიყენებული, მეუბნებიან რომ სახლის ძაღლმა ან კატამ უკბინა ბავშვს და თვლიან რომ აცრა არ სჭირდება. ძირითადად, აღმოჩნდება რომ ძაღლი არის ეზოში და აქვს კონტაქტი სხვა მიუსაფარ ცხოველებთან. ეს ფაქტი გასათვალისწინებელია, ვინაიდან მშობლები ასეთ დროს არ მიმართავენ ექიმს, არ იღებენ რჩევებს და უშვებენ შეცდომას.

ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს ცხოველის მოვლის საკითხს. ხშირად, ოჯახს არ აქვს ცხოველის პასპორტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ჩანაწერები ცოფზე ჩატარებულ იმუნიზაციაზე. აღნიშნულის არსებობა ექიმს დაეხმარება გამორიცხოს საფრთხეები.

- პირველ რიგში, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, საფრთხის თავიდან ასაცილებლად?

უპირველესად, რაც უნდა გააკეთონ მშობლებმა, ეს არის ნაკბენის, ნაკაწრის, ან დადორბლილი ჭრილობის ჩამობანვა გამდინარე წყლით და გასუფთავება სარეცხი საშუალებით - საპონით (ყველაზე კარგია, სარეცხის საპონი 72%-ანი), ამის შემდეგ, ანტისეპტიკური ხსნარები, წყალბადის ზეჟანგი, ბეტადინის ხსნარი და მიმართონ ქირურგ-რაბიოლოგს.

- უფრო რომ დაგვიკონკრეტოთ, თუ გაკაწრულ ადგილზე ცხოველის ნერწყვი მოხვდა ბავშვს, ასეთ დროს როგორ ვიქცევით?

როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ისეთივე საფრთხეს წარმოაგდენს, როგორსაც ნაკბენი, იმ შემთხვევაში, თუ გაკაწრული ნაწილი ღია, ანუ ახალ ჭრილობას წარმოადგენს, ხოლო თუ ეს უკვე ძველი ჭრილობაა, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველი არ არის.

- აქვე მინდა გკითხოთ, შეიძლება თუ არა გართულება მოჰყვეს ლურსმნებით ან მსგავსი ნივთებით სხეულის ნაწილის დაზიანებას?

ნებისმიერი დაზიანება, რომელიც იწვევს კანის ზედაპირის მთლიანობის დარღვევას და განსაკუთრებით, ნაჩხვლეტი ჭრილობები, მათ შორის ლურსმანით მიყენებული, მიწით დაბინძურებული წარმოადგენს საფრთხეს, რადგან შეიძლება იყოს ტეტანუსის განვითარების მიზეზი. ბავშვები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ გეგმიური განრიგის მიხედვით აცრები, არ საჭიროებენ ტეტანუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციას. აუცილებელია მშობელმა მიმართოს ექიმსს, ვინაიდან ექიმი იღებს გადაწყვეტილებას თითოეულ პაციენტთან, ინდივიდუალურად, მრავალი ფაქტორების გათვალისწინებით.

ესაუბრა მარიამ ჩოქური


შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება მადა, რომელიც მისი განვითარებისთვის სრულიად საკმარისია“ - მოზარდებში არადაბალანსებული კვების თემაზე ექიმი ნანა საპანაძე საუბრობს

„ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება მადა, რომელიც მისი განვითარებისთვის სრულიად საკმარისია“ - მოზარდებში არადაბალანსებული კვების თემაზე ექიმი ნანა საპანაძე საუბრობს
მოზარდი შვილების უჭმელობის საკითხი არაერთი მშობლისთვის ნაცნობი და პრობლემურია. რას იწვევს არადაბალანსებული კვება, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა რაოდენობის და რა სახეობის პროდუქტები უნდა მიიღოს მოზარდმა? - ამ და სხვა თემებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.

- ქალბატონო ნანა, მშობლებისთვის დიდი პრობლემაა მოზარდი შვილების უჭმელობის საკითხი. არიან ბავშვები, რომლებიც, ფაქტობრივად, არ იკვებებიან, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მშობელი?

​ჩვილი ბავშვების უმადობასთან დაკავშირებით უკვე გესაუბრეთ, როგორც აღმოჩნდა, მშობლებისთვის არანაკლები პრობლემაა მოზარდი შვილების უჭმელობის საკითხი. მათი გადმოცემით, ბავშვი, ფაქტობრივად, არ იკვებება და თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, ამ შემთხვევაში, მისთვის დილემას წარმოადგენს.

თავდაპირველად შევჩერდეთ უმადობის მიზეზებზე, რაც ძირითადად, ერთნაირია. კერძოდ:

მოზარდი დაკავებულია თავისი „საქმით“, (თამაშობს კომპიუტერთან, უყურებს მისთვის საინტერესო ფილმს, და ა.შ.) იღვიძებს გვიან, ვერ ასწრებს მოშიებას, ან რაიმე მიზეზის გამო ძალიან აგზნებულია იმისთვის, რომ დრო დაუთმოს კვებას;

არარაციონალური კვებათაშორისი წახემსება. მოზარდი იღებს რთულად მოსანელებელ და ზედმეტად კალორიულ საკვებს, (ნამცხვარი, შოკოლადი, სწრაფი კვების პროდუქტები) ნაცვლად ჯანსაღი წასახემსებელი პროდუქტებისა (ხილი, ბოსტნეული), ე.წ. შეუმჩნეველი კვება, მოზარდი იკვებება ტელევიზორის ყურებისას, კომპიუტერთან თამაშისას წასახემსებელი საკვებით, შესაბამისად,  საკვების მიღების დროს მას უკვე აღარ შია;

ბავშვი არ ჭამს ავადმყოფობისას. მადის დაქვეითება ამ დროს ხშირია, მშობლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ბავშვის ორგანიზმის სითხეებით უზრუნველყოფაზე და არა ძალით კვებაზე.

- მშობლები ხშირად ამბობენ, რომ მათ შვილს რამდენიმე სახეობის საკვები პროდუქტის გარდა, არაფერი აქვს გასინჯული. რამდენად ნორმალურია ეს მოზარდობის პერიოდში?

- ზოგადად, ბავშვებს შერჩევითი მადა აქვთ. ეს ძირითადად ასახავს გარკვეულ პროდუქტებზე ორგანიზმის მოთხოვნილებას. ჩვილობის ასაკში, განსაკუთრებით, სიცოცხლის პირველ წელს ეს ნორმალურია, თუმცა შემდგომ პერიოდში შერჩევითი მადა შეიძლება უკვე ჩამოყალიბებული ჩვევის შედეგი იყოს და რაც უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, მით უფრო გაღრმავდება.

- როდესაც ბავშვი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი სახეობის საკვებს ჭამს, არ აქვს გასინჯული ხილის და ბოსტნეულის ძირითადი ნაწილი, რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ამან მოზარდებში?

- დაბალანსებული და ჯანსაღი საკვები ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების მთავარი წყაროა. თუ საკვები რაციონი ღარიბია ვიტამინებით და მინერალებით, შესაძლებელია, განვითარდეს ჰიპო და ავიტამინოზი, და შედეგად გამოიწვიოს: საერთო სისუსტე, მოთენთილობა, ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება, ზოგჯერ ადვილად გაღიზიანება, ცალკეულ შემთხვევებში აგრესიული განწყობაც კი, ასევე შეიძლება განვითარდეს კბილების კარიესი, ანემია, კანის სიმშრალე, ყაბზობა, სხეულის მასის არაჯანსაღი ცვლილებები (ძალიან მცირე, ან პირიქით, ჭარბი წონა), ასევე სიმაღლეში ზრდის შეფერხება.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ შემთხვევაში?

- თავდაპირველად უნდა დავადგინოთ, ხომ არ არის უმადობის მიზეზი რაიმე პათოლოგიური პროცესი, მაგალითად, მწვავე ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული), ჰელმინთოზი, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგია, რადგანაც როგორც ადრე გესაუბრეთ, ცენტრალური ნერვული სისტემა შიმშილისა და დანაყრების შეგრძნებათა მთავარი მარეგულირებელია, მონაწილეობს გასტრონომიული გემოვნების ჩამოყალიბებაში, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, მონელებისთვის საჭირო ნივთიერებების გამოყოფას. როცა მისი ფუნქცია დარღვეულია, ბავშვი მადას კარგავს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა, რათა უმადობის ობიექტური მიზეზი აღმოიფხრას

დანარჩენ შემთხვევებში:

უპირველეს ყოვლისა, უნდა გადახედოთ ბავშვის კვების რეჟიმს. რამდენად ხშირად იღებს იგი კვებათა შორის „სასუსნავებს“? ტკბილეულის ორცხობილების, შოკოლადის სახით, ცომეული ე.წ. მარილიანი ჩხირები, კრეკერები, თხილი, მიწის თხილი, ეს თითქოს უწყინარი ჩვევა ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას, და ხელს უწყობს უმადობას. ნუ შექმნით ოჯახში დაძაბულ სიტუაციას, ბავშვის უმადობის გამო, არ კვებოთ ბავშვი ძალით, ეს უარყოფით ემოციასა და შესაბამისად, მადის დაქვეითებას იწვევს.

ორგანიზმი ჯანსაღი საკვების მცირე ულუფასაც კი სრულფასოვნად ითვისებს. ნუ შეავსებთ თეფშს „ნორმირებული“ საკვებით. მოთხოვნილება საკვებზე ინდივიდუალურია.

- რა რაოდენობის და რამდენნაირი სახეობის ბოსტნეული, ხილი უნდა მიიღოს მოზარდმა?

- ეს არის ჯანსაღი კვების პირამიდა, რომელიც 1992 წელს ჰარვარდის ჯანმრთელობის ცენტრში შეიმუშავეს, მრავალ ქვეყანაშია მიღებული. პროდუქტები, რომლიებც პირამიდის ფუძეშია, უფრო ხშირად უნდა იყოს გამოყენებული დღის განმავლობაში, ხოლო პროდუქტები მწვერვალზე, უნდა შეიზღუდოს. 
კვების პირამიდის პროდუქტები იყოფა ექვს ძირითად ჯგუფად:
 პროდუქტების ყოველი ჯგუფიდან განსაზღვრული რაოდენობის ულუფების მოხმარებისას, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ დღის განმავლობაში თქვენ უზრუნველყავით ორგანიზმი ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.

თითქმის ყველა სახის ხილი და ბოსტნეული ითვლება დღიურ პორციად, ამით რეკომენდებული შედეგის მიღწევა უფრო მარტივი ხდება, ვიდრე თქვენ გგონიათ.

არ არის აუცილებელი, რომ ხილი და ბოსტნეული იყოს ცოცხალი, რათა პორციად ჩაითვალოს. ასევე არ არის აუცილებელი მათი ცალკე მირთმევა, ხილი და ბოსტნეული შეიძლება ნებისმიერი კერძის მეშვეობით მივიღოთ.

ხილის ან ბოსტნეულის ერთ ულუფაში იგულისხმება, დაახლოებით, ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

  • ერთი დიდი ზომის ხილი, მაგალითად, ვაშლი, მსხალი, ბანანი, ფორთოხალი, ნესვის მოზრდილი ნაჭერი;
  • ორი მცირე ზომის ხილი, მაგალითად, ქლიავი, კივი, მანდარინი და ა.შ. ერთი ჭიქა მცირე ხილისა, როგორებიცაა: ყურძენი, მარწყვი, ჟოლო, ბალი, ალუბალი და ა.შ;
  • ერთი სუფრის კოვზი გამომშრალი ხილი. ერთი ჭიქა (150 მლ.) გამოწურული წვენი;
  • დაახლოებით სამი სუფრის კოვზი ბოსტნეული;
  • სახამებლიანი საკვები უნდა შეადგენდეს კვების რაციონის მესამედ ნაწილს.
ეცადეთ, მოზარდს შეძლებისდაგვარად შესთავაზოთ მთლიანი და გაუცრელი, გაღვივებული, ან დაღერღილი ხორბლის ან ჭვავის ფქვილისგან გამომცხვარი პური, თუნდაც მათგან დამზადებული მაკარონი. ასევე, ამ ჯგუფის შესანიშნავი წარმომადგენელია კარტოფილი.

ხორცი, თევზი, კვერცხი და პარკოვანი კულტურები - ცილების შემცველი საკვები. ყველა ეს პროდუქტი საკმაოდ კარგი წყაროა ცილების მისაღებად, რაც მოზარდის ორგანიზმს სჭირდება ზრდისა და რეგენერაციისთვის. ეს პროდუქტები ასევე გვევლინება გარკვეული ვიტამინების და მინერალების წყაროდ. რძესა და რძის პროდუქტებში მოიაზრება მხოლოდ ხაჭო, მაწონი, ყველი და რძე, ანუ შედარებით ნაკლებცხიმიანი პროდუქტები, ხოლო ნაღები, არაჟანი და კარაქი შეყვანილია შემდეგ ჯგუფში. რძე და რძის პროდუქტები ხასიათდება ცილების საკმაოდ კარგი შემცველობით, ასევე მდიდარია კალციუმით, რაც აუცილებელია ძვლების და კბილების ჯანმრთელობისთვის. ცხიმები და შაქარი ორგანიზმის ენერგიის წყაროა, რაც აუცილებელია მოზარდისთვის, მაგრამ მათმა ჭარბად და არარაციონალურად მიღებამ შესაძლებელია, წონის დარღვევები გამოიწვიოს.

ნაჯერი ცხიმები გვხვდება ყველში, ძეხვეულში, ხორცის პროდუქტებში, კარაქში. უჯერი ცხიმების წყაროა: თევზის ქონი, თხილი, კაკალი, მზესუმზირა, ავოკადო, ზეითუნი და სხვადასხვა მცენარეული ზეთი. ტრანსცხიმები დაბალი შემცველობით გვხვდება ბუნებრივად ზოგიერთ საჭმელში, როგორებიცაა ცხოველური საკვები (ხორცისა და რძის პროდუქტების ჩათვლით) და ასევე შესაძლოა შეგვხვდეს ჰიდროგენიზებულ მცენარეულ ცხიმებშიც.

შაქარი ბუნებრივად გვხვდება ხილსა და რძეში. მიუხედავად იმისა, რომ შაქრის დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი და აუცილებლად უნდა შევამციროთ ჩვენს რაციონში, ეს რჩევა არ ეხება ბუნებრივად შაქრის შემცველი პროდუქტების მიღებას. უნდა შევამციროთ ხელოვნურად დამატებული შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება, კერძოდ კი ტკბილი გაზიანი სასმელების (ლიმონათის, კოკა-კოლას…), ნამცხვრების, ბისკვიტების, შოკოლადის, ნაყინის, მურაბების და ა.შ.

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ყოველ ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება მადა, რომელიც მისი განვითარებისთვის სრულიად საკმარისია. კვების რაციონის სწორი ორგანიზებით, თქვენ ძალიან კარგად შეძლებთ სრულყოფილად უზრუნველყოთ თქვენი მოზარდი განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებებით, მთავარია თქვენი ძალისხმევა და საკითხისადმი მშვიდი, გაწონასწორებული მიდგომა. მაგრამ მიუხედავად მცდელობისა, თუ მადა ვერ დავუბრუნეთ, შეგვიძლია, მადის სტიმულატორები და ვიტამინების კომპლექსი გამოვიყენოთ. ასეთი პრეპარატები ურეცეპტოდ გაიცემა, მაგრამ თვითნებურად მაინც ნუ მისცემთ ბავშვს, უმჯობესია, მედიკამენტები ექიმთან შეთანხმებით მისცეთ.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად