Baby Bag

რას მოიცავს მენსტრუალური ციკლის დარღვევა და რა შეიძლება იყოს მიზეზი?

რას მოიცავს მენსტრუალური ციკლის დარღვევა და რა შეიძლება იყოს მიზეზი?
რას მოიცავს მენსტრუალური ციკლის დარღვევა და რა შეიძლება იყოს მიზეზი? ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-სთან მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა დიანა ჭანუყვაძემ ისაუბრა.
- რა არის მენსტრუალური ციკლი?
- Მენსტრუალური ციკლი - ეს არის ქალის ორგანიზმში მიმდინარე რთული ფიზიოლოგიური პროცესი. Პირველი მენსტრუაცია ანუ მენარხე იწყება 11-13 წლის ასაკში. შემთხვევათა 5-12%-ში ეს ხდება 11 წლამდე, ხოლო 15-16 წლის შემდეგ მენსტრუაციის დაწყების შემთხვევაში,  ვსაუბრობთ დაგვიანებულ მენარხეზე. Ნორმალური მენსტრუალური ციკლი მოიცავს 21-35 დღეს, Საშუალოდ 28 დღე, Სისხლიანი გამონადენი გრძელდება 3-7 დღე, სისხლის დანაკარგის რაოდენობა - 50-150 მლ.
Რას მოიცავს მენსტრუალური ციკლის დარღვევა?
  • ციკლი, რომელიც იწყება 21 დღეზე ნაკლები და 35 დღეზე მეტი ინტერვალით;
  • Მენსტრუალური გამონადენის გახანგრძლივება 7 დღეზე მეტ ხანს;
  • Წელიწადში სამი ან მეტი ციკლის გამოტოვება;
  • Მენსტრუალური გამონადენი, რომელიც უფრო ჭარბია ან მცირე, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებში;
  • Მენსტრუაცია, რომელსაც ახლავს ძლიერი ტკივილი, სპაზმი, გულისრევა, ღებინება;
  • სისხლიანი გამონადენი Მენსტრუაციათა შორის, მენოპაუზის და სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ.
მენსტრუალური ციკლის დარღვევის ტიპები:

ამენორეა - არის მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობით, მენარხის არარსებობა 15-16 წლისთვის.
 ამენორეა ფიზიოლოგიურია ორსულობის, ლაქტაციის და მენოპაუზის დროს;
ოლიგომენორეა - არის არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, როდესაც ციკლებს შორის ინტერვალი 35 დღეზე მეტია, ან ქალბატონს აქვს წელიწადში 6-8 ციკლი;
დისმენორეა - არის მტკივნეული მენსტრუაცია. Მცირე დისკომფორტი ციკლის დროს ნორმად შეიძლება ჩაითვალოს.
Საშვილოსნოდან პათოლოგიური სისხლდენა - 
პოლიმენორეა - ჭარბი, გახანგრძლივებული მენსტრუაცია რეგულარული და არარეგულარული მენსტრუალური ციკლის დროს.
რა შეიძლება იყოს Მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი?
- Მენსტრუალური ციკლის დარღვევის მრავალი მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება იყოს როგორც სტრესი, ასევე სამედიცინო დარღვევებით გამოწვეული.
Სამედიცინო დარღვევებს მიეკუთვნება:
  • ენდომეტრიოზი: ენდომეტრიოზი არის პათოლოგია, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილი იზრდება სხვა ორგანოებში: საკვერცხეებში, საშვილოსნოს მილებზე, მცირე მენჯის სხვა ორგანოებზე. იშვიათად ვითარდება ფილტვების, თვალის, თავის ტვინის ენდომეტრიოზი. ენდომეტრიოზს ახასიათებს მტკივნეული მენსტრუაცია, მენსტრუალური სისხლდენის დარღვევა (მაგალითად, ყავისფერი გამონადენი ციკლამდე და ციკლის შემდეგ);
  • მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები: გამოწვეულია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით. ძირითადი კლინიკური ნიშნებია - ჭარბი, უსიამოვნო გამონადენი საშოდან, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ტკივილი მცირე მენჯის არეში;
  • პოლიცისტოზური საკვერცხეების სინდრომი - ამ სინდრომის ძირითადი 3 კრიტერიუმია: 
1) მენსტრუალური ციკლის დარღვევა/ანოვულაცია; 
2) ანდროგენების, ანუ მამაკაცის ჰორმონების მატება/ჰიპერანდროგენიზმის ნიშნები, როგორებიცაა: პათოლოგიური თმიანობა, აკნე;
 3) ულტრაბგერითი კვლევით საკვერცხეების მოცულობის მატება და მათში მრავლობითი ფოლიკულების არსებობა. ამ სინდრომის დროს ხშირია ჭარბი წონა და ინსულინრეზისტენტობა.
  • საკვერცხეების ნაადრევი განლევა - პათოლოგია ვლინდება ახალგაზრდა ქალებში საკვერცხეებში ფოლიკულების რაოდენობის შემცირებით და ჰორმონალური დარღვევებით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც გენეტიკურად განპირობებული, ასევე საკვერცხეებზე ჩატარებული ოპერაციების, ქიმიო და სხივური თერაპიების შემდეგ;
  • ჰიპერპროლაქტინემია - პროლაქტინი ეს არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება თავის ტვინში - ადენოჰიპოფიზში. მისი მაღალი მაჩვენებელი ფიზიოლოგიურია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. სხვა შემთხვევებში მისი მაღალი დონე იწვევს მენსტუალური ციკლის დარღვევას და ზოგჯერ ამენორეას;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები - მისი ფუნქციის დაქვეითება ან გაძლიერება (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი);
  • საშვილოსნოს ფიბროიდები: 
Საშვილოსნოს მიომა - განსაკუთრებით სუბმუკოზური მდებარეობით (ენდომეტრიუმში ჩაზრდით);
 საშვილოსნოს ღრუს პოლიპები, რომელიც ხშირად იწვევს სისხლდენას ან ჭარბ მესტრუაციას.
  • საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • ჭარბი მენსტრუაცია ასევე ვითარდება ზოგიერთი ჰემატოლოგიური პათოლოგიების დროს.
ცხოვრების წესი და მენსტრუალური ციკლის დარღვევა:
ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილებებმა და გარემო ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მენსტრუალურ ციკლზე. ასეთებია მაგალითად:
  • სტრესი
  • წონის მნიშვნელოვანი მატება ან დაკლება
  • ინტენსიური ვარჯიში, რომელიც იწვევს სხეულის ცხიმის შემცირებას (მორბენალები, მოცეკვავეები, ტანმოვარჯიშეები)
  • ვირუსული ინფექცია ან სხვა დაავადებები
  • ალკოჰოლის, ნიკოტინის, ტოქსიური ნივთიერებების ჭარბად მოხმარება
მენსტრუალური ციკლის დარღვევის სხვა მიზეზები:
მედიკამენტები: ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (არასწორად მიღება, აბის გამოტოვება. მათი მიღების დროს შეიძლება იყოს მენსტრუალური გამონადენის შემცირება ან ციკლის გამოტოვებაც), სტეროიდები, ანტიკოაგულანტები, ანტიდეპრესანტები;
იატროგენული მიზეზი: Ზოგიერთი არაადეკვატური ოპერაციული ჩარევა ქალის სასქესო ორგანოებზე;
ორსულობის დარღვევები: ორსულობის შეწყვეტა ან საშვილოსნოს გარე ორსულობა.
მენსტრუალური ციკლის დარღვევის დიაგნოსტირება და მკურნალობა
მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი ხშირად შეიძლება იყოს რამდენიმე ერთდროულად, ამიტომ მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევისთვის აუცილებელია მიზეზის დადგენა.
Მნიშვნელოვანია პაციენტის სრულყოფილი ანამნეზის შეკრება: კვების რეჟიმი და ცხოვრების წესი, სხეულის მასის ინდექსი, გადატანილი და ქრონიკული დაავადებების არსებობა. უნდა განისაზღვროს ჰორმონალური და ინფექციური სტატუსი. ინსტრუმენტული მეთოდებიდან საჭიროა ჩატარდეს ულტრაბგერითი გამოკვლევა მცირე მენჯის ღრუს ორგანეობის, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლების, თირკმლეზედა ჯირკვლების გამოკველევის მიზნით. ზოგიერთ შემთხვევებში გვესაჭიროება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება, მცირე მენჯის და თავის თვინის ორგანული პათოლოგიის გამოსარიცხად (ჰიპოფიზის ადენომა და სხვა კეროვანი დაზიანება).

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ