როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ - პედიატრის რჩევა, რომელიც ბავშვის გაკაჟებას უწყობს ხელს
პედიატრი, ყარამან ფაღავა საუბრობს, თუ რა უწყობს ხელს ბავშვის გაკაჟებას და რა დროს უშვებს მშობელი შეცდომას, როდესაც საქმე ბავშვის ავადობას ეხება.
,,სველი ტილოთი ტანის დაზელვა, ცივი შხაპი 3-4 წლის შემდგომ... მე 75 წლის გახლავართ. დაახლოებით, 40-50 წელია, სიცხე არ მქონია. რატომ? ყოველდღე ცივ წყალს ვიღებ, განა არ მეზარება - მეზარება, მაგრამ ამის შემდგომ თავს ისე კარგად ვგრძნობ. ჩვევაშიც მაქვს გადასული.
რასაკვირველია, არცერთ მშობელს აქვს სურვილი, რომ მისი შვილი ავად იყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. ძირითადად, რასაკვირველია, უცოდინრობის გამო - საკუთარი ქცევით ხელს უწყობენ იმას, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. თავიდან დავიწყოთ - ჩასახვის პერიოდში დედ-მამა რომ ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იქნებიან, რა გასაკვირია, რომ ბავშვი ავად იქნება. იგივეა, როცა ორსულობის დროს ქალი სიგარეტს ეწევა", - აღნიშნავს ყარამან ფაღავა.