როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
ახალი პოსტკოვიდური სიმპტომი, რომელიც ბევრ გამოჯანმრთელებულს აწუხებს - ფონიატრი ირინა ქაცარავა
ფონიატრმა ირინა ქაცარავამ კოვიდ-19-ის ხმოვან იოგებზე ნეგატიური ზემოქმედების შესახებ ისაუბრა:
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს დიდი ხნის გამოცდილება, მე ჩემი და ჩემი კოლეგების სტატისტიკა შემიძლია გაგიზიაროთ. ორი წლის განმავლობაში მე ვაკვირდები ასეთ პაციენტებს. თვეში დაახლოებით 20-30 პაციენტი მყავს პოსტკოვიდური მდგომარეობით. დისფონიით იმდენად არ მომმართავენ, რამდენადაც ხველით, სიმშრალის პრობლემით, იღვიძებენ ჩვეულებრივი ხმით და დღის განმავლობაში ხმა ეღლებათ.“
ირინა ქაცარავას თქმით, კოვიდი კუნთების სისუსტეს, ხორხისა და ხმოვანი იოგების შეშუპებას იწვევს:
„მე ჩემი დაკვირვება ვაწარმოე. ეს პაციენტები აღვრიცხე. კოვიდი იწვევს კუნთების სისუსტეს, ასევე ხორხისა და ხმოვანი იოგების შეშუპებას.“
„პრევენციისთვის საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი სუნთქვა. მნიშვნელოვანია სუნთქვითი ვარჯიშები. როდესაც ვიღვიძებთ დილას, ჯერ კარგად უნდა გამოვფხილზდეთ. მანამდე ხმა არ უნდა დავტვირთოთ. შემდეგ უნდა დავიწყოთ სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშები. ცხვირით ჩასუნთქვა, მუცლის გამობერვა არის კარგი. ამ დროს ფილტვებში შედის იმ რაოდენობით ჰაერი, რომელიც სჭირდება ხმოვან იოგებს, რომ მან მოახდინოს ვიბრაცია და სწორად მოხდეს ხმის წარმოქმნა,“ - აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.