როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ეს არის ძალიან ძველი გურულების რეცეპტი, რომლის მიღების შემდეგ ბავშვები საერთოდ არ ავადობენ,“- ენდოკრინოლოგი ნინო ვაშაკიძე
ტრადიციული მედიცინის წარმომადგენელმა, ენდოკრინოლოგმა ნინო ვაშაკიძემ იმუნიტეტის გასაძლიერებლად საინტერესო რეცეპტი შემოგვთავაზა, რომელსაც „გურულების რეცეპტი“ ეწოდება:
ნინო ვაშაკიძემ დეტალურად აგვიხსნა, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ გურულების რეცეპი:
„დიდი ქართული ლიმონი თუ გვაქვს, ათი კვერცხისთვის ათი ცალი დაგვჭირდება. კვერცხი უნდა იყოს აუცილებლად სოფლის და არა ქარხნის. ორი კვირის შემდეგ ეს კვერცხი ფრთხილად უნდა ამოიღოთ. ამ კვერცხს უკვე ნაჭუჭი არ აქვს. ამ კვერცხებიდან დაგვჭირდება ხუთი კვერცხის გული. ვაკეთებთ გემრიელ გოგლი-მოგლს. გვჭირდება 200 გრამი შაქარი, 200 გრამი თაფლი, შემდეგ ემატება ყველაზე მთავარი ინგრედიენტი: კვერცხის ნაჭუჭი უკვე გამდნარ მდგომარეობაში, ლიმონი და 200 გრამი კონიაკი.“
„ეს არის ძალიან ძველი, გურიაში მიღებული რეცეპტი. მითხრეს, რომ ცნობილი „პაჭკორიას წამალი“ ამ რეცეპტის საფუძველზე კეთდება. კვერცხის ნაჭუჭში მიკროელემენტების თანაფარდობა იგივეა, რაც ჩვენს ორგანიზმში. თუ ორგანიზმში რამე გაკლიათ, ის შეიწოვება და არა ის, რაც არ გჭირდებათ. როდესაც ყველაფერი გამზადდება, დღეში ორჯერ 50 გრამი ჭამამდე 20 წუთით ადრე უნდა მიიღოთ. ბავშვები საერთოდ არ ავადობენ. მე ვიწყებდი ოჯახში ოქტომბერში, ვამთავრებდი მარტში. ეს რეცეპტი განკუთვნილია სამი წლის ასაკიდან ბავშვებისთვის,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ვაშაკიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.