როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
რომელმა ვირუსებმა შეიძლება მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე უარყოფითი ზეგავლენა? - მეან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი
მეან-გინეკოლოგმა მაკა ჩიქოვანმა ის ვირუსები დაასახელა, რომელიც ორსულებისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს:
„რაც შეეხება ვირუსებს, რომლებმაც ორსულობის მიმდინარეობაზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს, მედიცინაში ვიყენებთ ტერმინს TORCH ინფექციები. ეს აბრევიატურა მოიცავს იმ ძირითად წამყვან ვირუსებსა და ბაქტერიებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს ზეგავლენა ქალის ჯანმრთელობაზე და შემდგომ უკვე ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილობასა და ავადობაზე. მასში გაერთიანებულია, მაგალითად, ტოქსოპლაზმა, რომელიც განსხვავებული ტიპის მიკრობს წარმოადგენს. მასში შედის წითურა, ზიკა ვირუსი (ორი-სამი წლის წინ პანდემია იყო და ბრაზილიაში რეკომენდაციას იძლეოდნენ, რომ ცოტა ხანს ორსულობისგან თავი შეეკავებინათ, იმდენად ცუდი და სავალალო შედეგები იყო).
წითურას ვირუსი, ყველას მოეხსენება, რომ მნიშვნელოვნად არასასურველია ორსულებისთვის. TORCH ინფექციებში შედის ციტომეგალოვირუსი, რომელიც ყველაზე გავრცელებული ვირუსია დღეს. ასევე ჰერპეს ვირუსი, რომელიც ყველაზე გავრცელებულ სქესობრივი გზით გადამდებ ვირუსულ დაავადებას წარმოადგენს წყვილებს შორის,“ - მოცემულ საკითხზე მაკა ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.