როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ბავშვი სამ წლამდე გამოიმუშავებს კვების რეჟიმს: რასაც მიაჩვევთ სამ წლამდე, ისე იქნება მთელი ცხოვრება,“ - პედიატრი ეკა უბერი
პედიატრმა ეკა უბერმა ბავშვებში უჭმელობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლები უჭმელად თვლიან ბავშვს, რომელსაც შერჩევითი უმადობა აქვს:
„თუ ბავშვი არის უჭმელი, ამ ტერმინის ქვეშ, როგორც წესი, იგულისხმება შერჩევითი უმადობა. ბავშვი იღებს ძალიან ბევრ ნახშირწყალს, ცომეულს და არ ჭამს იმას, რაც უნდა ჭამოს. ამაში, ალბათ, რაღაც წილი მშობლების დანაშაულიც არის. მშობლებს ეჩქარებათ ახალი კერძების მიწოდება ბავშვისთვის. ყველას უნდა, რომ ჩვენი ნაციონალური, უგემრიელესი ხაჭაპური გაასინჯოს ბავშვს, მისცეს კანფეტები, გაანებივროს ნამცხვრებით. რა თქმა უნდა, როდესაც ბავშვი დააგემოვნებს ამ პროდუქტს, აღარ უნდა სხვა პროდუქტები.“
ეკა უბერის თქმით, 3 წლამდე ასაკის ბავშვმა შოკოლადი არ უნდა გასინჯოს:
„ბავშვისთვის შოკოლადი ზაფხულის პერიოდში პრაქტიკულად აკრძალულია. სამ წლამდე, სასურველია, რომ საერთოდ არ დააგემოვნოს ბავშვმა შოკოლადი. სამ წლამდე არის ყველაზე სათუთი პერიოდი, როდესაც ყალიბდება ორგანიზმის მეტაბოლური და ნივთიერებათა ცვლის მომენტები. სამ წლამდე გამოიმუშავებს ბავშვი კვების რეჟიმს. რასაც მიაჩვევთ სამ წლამდე, ისე იქნება მთელი ცხოვრება.“
„ექვს თვემდე შესაძლებელია, რომ ბავშვი სრულ ბუნებრივ კვებაზე იყოს. ის არანაირ დამატებას არ საჭიროებს, თუ ბავშვი კარგად იმატებს წონაში. ექვსი თვის შემდეგ ოპტიმალურია ბოსტნეულის პიურეს პირველი დამატებითი კვების შეტანა. შემდგომში უკვე თანდათანობით ყველა კომპონენტის დაგემოვნება,“ - აღნიშნულ თემაზე ეკა უბერმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS” ისაუბა.