როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„პირველი ორი წლის განმავლობაში არასწორი მიჯაჭვულობა გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს,“ - პედიატრი ქეთევან ნემსაძე
პედიატრმა ქეთევან ნემსაძემ მიჯაჭვულობისა და დემიჯაჭვულობის სწორად განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ მიჯაჭვულობის კარგად განხორციელება, არამედ დემიჯაჭვულობის სწორად განხორციელებაც. „დედიკოს ბიჭის“ ფენომენი არასწორი მიჯაჭვულობისა და არასწორი დემიჯაჭვულობის განხორციელების შედეგია. ვაჟებისთვის 10-14 წელი გახლავთ კრიტიკული პერიოდი, როდესაც ის ახდენს იდენტიფიკაციას მამასთან. მამა, როგორც მოდელი უნდა გახდეს მისთვის. მანამდე ის უფრო დედასთან არის მიჯაჭვული. აუცილებელია, რომ პედიატრებმა ამ პროცესს მიაქციონ ყურადღება, თუ არ მოხდა ეს იდენტიფიკაცია.“
ქეთევან ნემსაძემ არაადეკვატური დემიჯაჭვულობისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჩამოთვალა:
„რა არის დამახასიათებელი არაადეკვატური დემიჯაჭვულობისთვის? ეს არის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უუნარობა. იტალიური ფილმია ასეთი. ზემოდან ჩამოდის დედა, ვაჟს ეუბნება ქალზე, ცოლად არ შეირთოო და ესეც უჯერებს. ასევე არაადეკვატურ დემიჯაჭვულობას ახასიათებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ნორმალური ურთიერთობის პრობლემები. სამწუხაროდ, ეს არის ასევე საქართველოს პრობლემა.“
„პირველი ორი წლის განმავლობაში არასწორი მიჯაჭვულობა გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს. საქართველოში ეს მიჯაჭვულობა ნამდვილად ძლიერია და ამაზე საყვედური ჩვენი დედებისადმი არ გვეთქმის. რა არის ის ფაქტორები, რომლებიც მიჯაჭვულობას არღვევს? ეს არის დედის ანემია, დედის სოციალური სტატუსი. კვლევებში შედარებულია ორი ჯგუფი: ქალბატონები, რომლებსაც ჰქონდათ ანემია და არ იღებდნენ რკინის პრეპარატებს, ქალბატონები, რომლებსაც არ ჰქონდათ ანემია და იღებდნენ რკინის პრეპარატებს. ამ შემთხვევაში სწორად ხორციელდებოდა მიჯაჭვულობა, ამიტომ ჯანმრთელობასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არაადეკვატური მიჯაჭვულობა მოზრდილობაში სუსტი ჯანმრთელობის შეუქცევადი რისკ-ფაქტორია. ნულიდან ორ წლამდე დედა-შვილის ურთიერთობა შესაძლებელია გახდეს 40 წლის ასაკში რიგი დაავადებების საფუძველი,“ - აღნიშნა ქეთევან ნემსაძემ.