როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ბავშვებს აფრთხობთ საკვებში ერთბაშად ბევრი კომპონენტი და არეული გემო,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე
ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ იმ შეცდომების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მშობლები ბავშვების კვების დროს ხშირად უშვებენ. მან აღნიშნა, რომ ბავშვის ოჯახის წევრებისგან განცალკევებით კვება ხშირად მას საკვებისადმი ნეგატიურად განაწყობს:
„ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ბავშვისთვის საჭმელი კეთდება ცალკე. ბავშვი კვების დროს გამოცალკევებულია. ჯერ ბავშვს უნდა ვაჭამო და მერე უცებ მე უნდა შევჭამო. თუ ბავშვი ხედავს, რომ თქვენც მიირთმევთ იმ საკვებს, რომელსაც მას სთავაზობთ, ის უფრო განწყობილია, რომ ეს კარგია, სასარგებლოა და საჭიროა. ის წაბაძვით მაინც მიიღებს ამ საკვებს. კარგია, თუ ბავშვს ვასადილებთ ჩვენთან ერთად. რაც შეეხება ხილს და წახემსებებს, ამას შეიძლება ნაწილობრივ თამაშის სახე მივცეთ. კვებებს შორის ვითომ პიკნიკი მოვაწყოთ სადმე თოჯინების და ოჯახის წევრების მონაწილეობით.“
თამარ ედიბერიძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს კვების რეჟიმი მაქსიმალურად მოუწესრიგონ:
„მაქსიმალურად რეგულარული ჭამის რეჟიმი უნდა გვქონდეს. ერთსა და იმავე დროს ვაჭამოთ ბავშვს. ბავშვებს აფრთხობთ საკვებში ერთბაშად ბევრი კომპონენტი და არეული გემო. ვიღაცას შეიძლება ჭრელი სალათი მოეწონოს, მაგრამ ვიღაც ამით დაფრთხეს. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ერთკომპონენტიანი, ორკომპონენტიანი კერძებით დავიწყოთ და თანდათან შევამატოთ სხვადასხვა გემო.“
„ჩვენ გვაქვს ხოლმე მეორე შეცდომა. თუ ბავშვს არასასურველ საკვებს პირდაპირ მისცემთ მთლიან თეფშს, ბავშვი გადაირევა. მან იცის, რომ ერთ ლუკმას ძლივს ყლაპავს და იქ არის ასი ლუკმა. შეიძინეთ ახალი ჭურჭელი, ერთი კოვზი დათუნიას ვაჭამოთ, ერთი ბავშვს. დაიწყეთ ძალიან ცოტა ულუფებით. ეშმაკურად შეიძლება თითო-თითო კოვზის მიმატება. ამას უნდა მოთმინება, გაძლება და პრინციპულობა. ნერვიულობას და ტირილს ამ დროს სჯობს, რომ რაღაც სტიმული მივცეთ ბავშვებს. არა ის, რომ პანიკა ავტეხოთ და შევქმნათ პრობლემა, რომ უჭმელია, წახალისების პრინციპი შეიძლება შევქმნათ. ყველა ლუკმა შეიძლება იყოს თითო ვარსკვლავი, როდესაც ვარკვლავების რაღაც რაოდენობა დაგროვდება, მივდივართ ზოოპარკში. სამი წლის ასაკიდან ეს უკვე შეიძლება,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ ედიბერიძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS-ზე“ ისაუბრა.