როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
სოლარიუმის გამოყენების კატასტროფულ შედეგებზე დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„სოლარიუმის გამოყენებისას ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ახალგაზრდები, ასევე ადამიანები 1 და 2 ტიპის კანით (Fitzpatrick's Skin Types).
სტატისტიკის თანახმად, ავსტრალიაში, ევროპასა და აშშ-ში ყოველწლიურად ფიქსირდება - 10 000 მელანომის + 450 000 არამელანომური კანის კიბოს შემთხვევა (Wehner MR, et al. - Systematic Review and Meta-Analysis).
რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში იწყებს ადამიანი სოლარიუმის გამოყენებას, მით უფრო მეტია კანის კიბოს რისკი:
1. <35 წელზე - მელანომის რისკი 60% (Banial M, et al.) 2. <25 წელზე - ბრტყელუჯრედოვანი კიბო - 102%, ბაზალურუჯრედოვანი კიბო - 40% (Wehner MR, et al.)
ასევე სხვა სახის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელსაც იწვევს ულტრაიისფერი სხივები, მათ შორის სოლარიუმი: 1. კატარაქტა, 2. იმუნოსუპრესია (იმუნიტეტის დაქვეითება), 3. დამწვრობა, 4. კანის ადრეული დაბერება, 5. სხვადასხვა შინაგანი ორგანოების დაზიანებები, 6. ეპიგენეტიკური ინფორმაცია გადაეცემა მომავალ თაობას ანუ არამარტო იმ ადამიანისთვის მატულობს კანის კიბოს განვითარების რისკი ვინც ხშირად დადის სოლარიუმში, არამედ მისი მომავალი შვილებისთვისაც
აუცილებელია, რომ მოვერიდოთ ბუნებრივ ულტრაიისფერ სხივებსაც და გამოვიყენოთ მზისდამცავი საშუალებები (მნიშვნელოვანია მათი სწორი შერჩევა კანის ტიპის მიხედვით, შემადგენლობის გათვალისწინებით, ასევე სწორი მოხმარების უნარ-ჩვევები).
რა თქმა უნდა, ულტრაიისფერი სხივები, კერძოდ, ვიწროტალღოვანი B სხივი (UVB - 311nm.) ერთ-ერთი ეფექტური მკურნალობის მეთოდია სხვადასხვა დერმატოლოგიური პრობლემის სამკურნალოდ და ამ შემთხვევაში მის რისკებთან დაკავშირებით მტკიცებულება არ არსებობს.
ასე რომ, უარი თქვით სოლარიუმის გამოყენებაზე კანის გარუჯვის მიზნით, გამოიყენეთ მზისდამცავი საშუალებები მზეზე გასვლის წინ 30 წუთით ადრე, რადგან ულტრაიისფერი სხივები მავნებელია.
P.S. დაახლოებით 10-30 წუთის განმავლობაში (მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებისათვის უფრო მეტი) მზის ულტრაიისფერი სხივების სახის კანთან კონტაქტით კვირაში 3-ჯერ გამომუშავდება D ვიტამინის ადეკვატური რაოდენობა (NIH, RDA - 400-800IU - ასაკის მიხედვით).