როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ხსენს პირველ აცრასაც უწოდებენ, იმდენად მნიშვნელოვანია მასში იმუნური სხეულების რაოდენობა,“ - პედიატრი მაია ხერხეულიძე
პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ახალბედა დედებს ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა:
„ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ სამშობიარო სახლში პატარას დაბადების შემდეგ კანით კანთან კონტაქტი, როდესაც ახალშობილს დედის სხეულზე აწვენენ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ხსნის პატარასთვის სტრესს. ბავშვს ესმის დედის გულისცემის სიხშირე და თუნდაც ძალიან მტირალი მშვიდდება. დედის სხეული პატარას სითბოს სთავაზობს და მას გადაციებისგან იცავს.“
მაია ხერხეულიძის თქმით, ძუძუთი კვება ჩვილისთვის საუკეთესო საჩუქარია:
„რაც შეგვიძლია ყველაზე საუკეთესო გავაკეთოთ სიცოცხლის პირველი დღეებიდან, ეს ძუძუთი კვებაა. ის აძლევს ბავშვის იმუნოლოგიურ სისტემას მომწიფების საშუალებას, ხელს უწყობს ბავშვის დაცვას და განვითარებას. სამშობიარო სახლში პირველივე საათში უნდა განხორციელდეს პირველი ძუძუთი კვება. ეს ხელს უწყობს იმას, რომ დედას არ განუვითარდეს მშობიარობის შემდგომი სისხლდენა, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში სიკვდილობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია მელოგინეებში. ხსენს პირველ აცრასაც უწოდებენ, იმდენად მნიშვნელოვანია მასში იმუნური სხეულების რაოდენობა.“
„კანის ჰიგიენა, საფენის ხშირი გამოცვლა, კანის დატენიანება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უამრავი პრობლემა ავიცილოთ თავიდან. ბავშვი ხელში ავიყვანოთ ნაზად, დავარწიოთ ხელში, არ შევანჯღრიოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ახალშობილის ხელში აყვანა, იმიტომ, რომ ესეც განვითარების სტიმულია. ბავშვთან ურთიერთობა და თამაში ამ ასაკიდან იწყება,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ „TV პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ისაუბრა.