როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„სჯობს, სარეცხი არ გარეცხოთ და სახლი არ დაალაგოთ და ეს გააკეთოთ,“- ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რეკომენდაცია მშობლებს
პანდემიის პირობებში მოზარდებს სახლში დროის უდიდესი ნაწილის გატარება უხდებათ, რაც მშობლებსა და შვილებს შორის დაძაბულობასა და კონფლიქტებს ზრდის. ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობელსა და შვილს შორის ნების ჭიდილის ან კონფლიქტური სიტუაციების დასაძლევად უფროსებს საინტერესო რჩევები მისცა:
„ჩვენ მშობლებს ვთავაზობთ ოჯახურ პერფორმანსებს. როდესაც ამის შესახებ ვთქვი, ჯერ მშობლები მიყურებდნენ, ფიქრობდნენ: „ეს ქალი ვერ არის, რა დროს პერფორმანსია?!“ ძალიან ეჭვის თვალით მიყურებდნენ. დავარწმუნე, ერთხელ ხომ შეიძლება სცადო?! მეუბნებოდნენ: „დაგვცინებენ ჩვენი შვილები, მით უმეტეს გარდატეხის ასაკის.“ შევიკრიბოთ და მოვილაპარაკოთ, რისი პერფორმანსი გვინდა: მუსიკალური, თეატრალური, კინოს. ფილმების გამოცნობანა ან ასეთი რაღაცები, სადაც ყველა ჩართული ვართ. სჯობს, სარეცხი არ გარეცხოთ და სახლი არ დაალაგოთ და ეს გააკეთოთ, გაპატიებენ ოჯახის წევრები.“
„ეს არის ისეთი სიხალისე, ისეთი შეკრულობის განცდა, რომ კონფლიქტური სიტუაციების დაძლევა ხდება შესაძლებელი. შეგიძლიათ შეთავაზება, რომ ერთობლივი რამ გავაკეთოთ თუნდაც Zoom-ში. ასეთი გამოგონებები, რომლებიც ჩვენ სოციალურ საჭიროებებს შეგვივსებს, არის აუცილებელი. შეიძლება ვიღაც მშობლებს ძალიან კარგი იდეები მოუვიდეთ და ეს იქნება ძალიან კარგი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კონფლიქტური სიტუაცია და მშობელსა და შვილს შორის ნების ჭიდილი შემცირდეს,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.