როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ზედმეტი შექებისთვისაც ბოდიში მოვიხადოთ. უსაფუძვლო ქება-დიდებას არაფერი კარგი არ მოაქვს,“ - პაატა ამონაშვილი
ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვის თვითშეფასების ამაღლებისთვის მშობლის მხრიდან შვილთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„კარგი იქნება, დავფიქრდეთ, როგორ მიგვყავდა საუბარი ბავშვთან წლების განმავლობაში. მომწამლავი შეფასებები, კრიტიკა ბავშვის მიმართ ადრეული ასაკიდან შემდეგ თვითშეფასებაში გადადის. თვითშეფასების ცნებას უფრო გავაღრმავებდი. საკუთარი თავის რწმენაზე ხომ არ სჯობს ხანდახან ვილაპარაკოთ. რაც უფრო მეტია ბავშვში საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა, მით უფრო მეტ წარმატებებსაც მიაღწევს. ეს ძალიან ადრეულ ასაკში ყალიბდება ხოლმე.“
პაატა ამონაშვილის თქმით, ნეგატიური შეფასებები დაბლა სწევს ბავშვის თვითშეფასებას:
„ჩვენი შეფასებები: „რითი ფიქრობ? რა ვერ გააკეთე?“ დაბლა სწევს თვითშეფასებას უკვე მომავალში. თუ ეს მოხდა და ვგრძნობთ, რომ ჩვენი ბრალია, მე მოვიხდიდი ბოდიშს ბავშვის წინაშე. მოვუყვებოდი ბავშვს: როგორ კრიტიკულად გაფასებდი, როგორ ვერ ვხედავდი შენს შესაძლებლობებს, ნაკლები რწმენა მქონდა შენი, ახლა შემეცვალა ეს პოზიცია, ახლა სულ სხვანაირად ვხედავ, ახლა მჯერა შენი. ამ საუბარს ჩავატარებდი დასაწყისისთვის მაინც.“
„გავაკონტროლებდი ჩემს თავს, რომ ნაკლებად შემეფასებინა ბავშვი კრიტიკულად, უფრო მეტად წავახალისებდი. თუ ბევრი იყო კრიტიკა ბავშვის მიმართ ბავშვობაში, ამისთვის ვთხოვდი პატიებას. ზედმეტი შექებისთვისაც ბოდიში მოვიხადოთ. უსაფუძვლო ქება-დიდებას აზრი არ აქვს და არაფერი კარგი არ მოაქვს. ჰუმანური პედაგოგიკის ცნებაა: რწმენა ბავშვის შესაძლებლობებში. თუ ეს რწმენა გვაქვს, საფუძვლიანადაც გამოვხატავთ ამ რწმენას. გვექნებოდა განხილვა, რა არ გამოსდის ბავშვს. ვისაუბრებდით, როგორ გავაუმჯობესოთ ის, რასაც ვაკეთებთ, იმიტომ, რომ მჯერა შენი შესაძლებლობების. ბავშვის შესაძლებლობების რწმენა ჯერ მშობელში ჩნდება ხოლმე, შემდეგ გამოხატულია ურთიერთობებში და მერე შესაბამისად არის ბავშვშიც. სჯობს რეალობის აღქმა გვქონდეს, მაგრამ გვქონდეს რწმენა ჩვენი შესაძლებლობების," - აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.