როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„როდესაც ხდება ბავშვის ძილის რუტინის დარღვევა, გამოვლინდება საკმაოდ მძიმე მოვლენები,“ - პედიატრი თამარ ობგაიძე
პედიატრმა თამარ ობგაიძემ ბავშვის ძილის რეჟიმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის იძინებს ბავშვი:
„ადრეული ასაკის ბავშვების ძირითადი ნაწილი დროის დიდ ნაწილს ატარებს ძილში და იღვიძებს მხოლოდ კვებისთვის. რაც უფრო ასაკი მატულობს, მით უფრო მცირდება ძილის ეს პერიოდი. წინა სასკოლო პერიოდში დაახლოებით 14 საათი შეიძლება ეძინოს ბავშვს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდის ვიძინებთ, როდესაც ბავშვს ეხება საქმე, მით უფრო მნიშვნელოვანი. ძილის ჰორმონი გამომუშავდება საღამოს ცხრა საათიდან პირველ საათამდე შუალედში. სწორედ ამ ჰორმონის ხარჯზე ხდება სრულყოფილი ჩაძინება. 9-დან 12 საათამდე ჩაძინება ჯანმრთელი ძილის გარანტიაა.“
თამარ ობგაიძის თქმით, ძილის რუტინის დარღვევა ბავშვებში საკმაოდ მძიმე მოვლენებს იწვევს:
„თუ სტუმრიანობა ხშირია, ხმაურია, ხდება ძილის რუტინის დარღვევა და გამოვლინდება საკმაოდ მძიმე მოვლენები. პირველ რიგში, ეს არის ქცევის დარღვევები. დადგენილია, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც სისტემატურად აქვთ ძილის გადაცდენები და რეჟიმიდან ამოვარდნა, აქვთ მომატებული აგრესიულობა, ქცევის სხვადასხვა ტიპის დარღვევა, აქვთ ჰიპერაქტივობა, ყურადღების დეფიციტი.“
„8-9 წლის ასაკამდე ბუებად და ტოროლებად დაყოფა ძილის მხრივ არ გვაქვს. რა თქმა უნდა, განსხვავებული ტემპერამენტი არსებობს, მაგრამ რომ განვაზოგადოთ ასე არ არის. ბავშვზე ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ბუ და მოდი, არაუშავს, დაიძინოს ღამის სამ საათზე. არა! გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვთა ასაკში ძილი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, ამ დაყოფას ჩვენ არ ვეთანხმებით,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ ობგაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.