როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„არანაირი პრობლემა არ არის, რომ ბავშვმა ხოხვა გამოტოვა და პირდაპირ დაიწყო დგომა,“ - ბავშვთა ნევროლოგი სოფო ტატიშვილი
ბავშვთა ნევროლოგმა სოფო ტატიშვილმა ბავშვის განვითარებისთვის ხოხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხოხვის გამოტოვება ბავშვისთვის პრობლემას არ წარმოადგენს:
„არანაირი პრობლემა არ არის, როდესაც ხოხვა გამოტოვა და პირდაპირ დაიწყო დგომა ბავშვმა. მერე სიარულიც რომ დაიწყოს 10 თვის ასაკისთვის, აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის. არც დეფორმაცია იქნება, თუ უკვე ბავშვი მზად არის იმისთვის, რომ დაიწყოს დამოუკიდებლად სიარული.“
სოფო ტატიშვილის თქმით, არ არის აუცილებელი, რომ კონკრეტულ ასაკში მხოლოდ ასაკობრივად მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაზე ვიზრუნოთ:
„ისევ მიდგომებს რომ დავუბრუნდეთ და ინტერვენციას, აქაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადრე იყო მიდგომა, რომ აუცილებლად ნეიროგანვითარების ტექნიკები უნდა გამოგვეყენებინა. იერარქიულად რომელი უნარიც უწევდა, იმ უნარებზე უნდა გემუშავა აუცილებლად. კონკრეტული ასაკისთვის მხოლოდ თავის ჭერაზე უნდა გემუშავა, ექვსი თვის ასაკისთვის მხოლოდ ჯდომაზე. აღმოჩნდა, რომ ეს არაფერ გაუმჯობესებას არ გვაძლევს არც აქტივობებში და არც ჩართულობაში.“
„შეიძლება ბავშვი თავსაც ვერ იჭერდეს, მაგრამ მუშაობენ ერთდროულად ჯდომაზეც, გადაბრუნებაზეც, დგომაზეც და ა.შ. რა თქმა უნდა, ძალიან ფართო დიაპაზონს არ ვგულისხმობ. ყველა უნარზე მეტ-ნაკლებად მუშაობენ ერთდროულად. შესაბამისად, ის, რომ ბავშვმა ხოხვა გამოტოვა, ეს არანაირი პრობლემა არ არის. ისიც არ არის პრობლემა, რომ ათი თვის ასაკისთვის ბავშვი იწყებს სიარულს,“ – აღნიშნულ საკითხზე სოფო ტატიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.