როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
როგორ ვაკონტროლოთ ბავშვების სიმაღლე და წონა ? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამაზ კორძახია საუბრობს.
,,ბავშვის სიმაღლის პრობლემები არა მარტო მშობელს, პედიატრსაც არ უნდა გამოეპაროს. თუკი რამე გადახრა შენიშნა პედიატრმა, იქ ჩაერთვება ენდოკრინოლოგი ან ნევროლოგი, გააჩნია თუ რას ჩათვლის პედიატრი ჩამორჩენის მიზეზად. რენტგენი იძლევა საშუალებას გაირკვეს, განაგრძობს თუ არა ბავშვი სიმაღლეში ზრდას, თუ რენტგენოგრაფაზე ნათელი უბნებს (ზრდის უბნები) ვხედავთ, ე.ი ზრდის რესურსი ჯერ არ ამოწურულა. თუ ნათელი უბნები აღარ არის, რაც არ უნდა ზომები მივიღოთ, შეიძლება დაგვიანებული იყოს ჩარევა. ნათელი უბნების დახურვა ხდება დაახლოებით 25 წლის მერე.''
პედიატრი ასევე საუბრობს, თუ რა დაავადებები უშლის ხელს სიმაღლეში ზრდას