როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
რომელი ასაკი ითვლება ოპტიმალურად ორსულობისა და მშობიარობისთვის? - მეან-გინეკოლოგი გიორგი თევდორაშვილი
მეან-გინეკოლოგმა გიორგი თევდორაშვილმა მშობიარობისთვის ოპტიმალური ასაკის შესახებ ისაუბრა:
„მშობიარობიდან შემდგომში ორსულობამდე ინტერვალი რომ იყოს გამოყოფილი, სასურველია, იყოს ორი წელი მაინც შუალედი. სამწუხაროდ, ჩვენ ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც თუნდაც საკეისრო კვეთის შემდეგ მომავალ წელს ისევ ორსულდება და ესეც გარკვეული დიდი რისკ-ფაქტორია ამ შემთხვევაში.
პირველი ორსულობა ოცი წლის ასაკიდან ითვლება უფრო ოპტიმალურად. 19 წლამდე არის ე.წ. მოზარდთა ორსულობა. სასურველია, რომ ორსულობებს შორისაც გარკვეული ინტერვალი იყოს დაცული, რათა ჯანმრთელი თაობები მივიღოთ და არ ჰქონდეთ პრობლემები მშობიარობის დროს. მშობიარობა ნამდვილად არ არის საშიში, თუ სწორად იქნება წარმართული ორსულობა და სწორად იქნება წარმართული მშობიარობა. ასევე თუ გავითვალისწინებთ კვების რეჟიმსაც ორსულობის დროს, ეს ძალიან წაადგება ყველა ორსულს და არამარტო ორსულებს, არამედ მათ შვილებს, ახალშობილებს. ნამდვილად გაგიადვილდებათ შემდეგ ახალშობილების გაზრდა,“ - მოცემულ საკითხზე გიორგი თევდორაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.