Baby Bag

„ბევრი ადამიანი ღელავს მწერის ნაკბენის გამო. ძირითადად ეს ნერვიულობა უკავშირდება დაავადებას, რომელსაც ჰქვია ბორელიოზი“ - მაია ბუწაშვილი

„ბევრი ადამიანი ღელავს მწერის ნაკბენის გამო. ძირითადად ეს ნერვიულობა უკავშირდება დაავადებას, რომელსაც ჰქვია ბორელიოზი“ - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მწერის ნაკბენთან დაჯავშირებით წერს, როგორც ექიმი აღნიშნავს, ბევრი ადამიანი ღელავს მწერის ნაკბენის გამო. „ძირითადად ეს ნერვიულობა უკავშირდება დაავადებას, რომელსაც ჰქვია ბორელიოზი (ლაიმის დაავადება). კარგია, რომ გაიზარდა ამ საკითხზე ინფორმირებულობა, მაგრამ ხშირად ამ დაავადებასთან დაკავშირებული შფოთვა გადაჭარბებულია ხოლმე.
ხშირად ნებისმიერი მწერის ნაკბენზე ხდება ეჭვის მიტანა ბორელიოზზე და ზოგჯერ არასაჭირო კვლევები და მკურნალობაც კი.
ბორელიოზის გადამტანია ტკიპა. ზოგჯერ ეჭვი მიაქვთ ძაღლის ტკიპის კბენის შემთხვევაშიც, თუმცა ძაღლის ტკიპა ბორელიოზის გადამტანი არ არის (ზოგიერთი სხვა ინფექციის გადამტანი შეიძლება იყოს). ძაღლის ტკიპა ზომით ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ბორელიოზის გადამტანი ტკიპები, რომელთა ზომა არაუმეტეს 3 მმ-ია და შავი ფერისაა. ეს ტკიპები ძირითადად ტყიან და მცენარეებით მდიდარ გარემოში გვხვდება, ხოლო ძაღლის ტკიპა არ საჭიროებს ამ პირობებს.
გარეთ, ბუნებაში სეირნობის შემდეგ სასურველია შხაპის მიღება და კანის დათვალიერება, განსაკუთრებით ბავშვის, რომ არ გაგვეპაროს ტკიპის კანში ჩაჯდომის ფაქტი და დროულად მოხდეს მოცილება.
ტკიპის მოცილება ხდება პინცეტით, კარგად უნდა მოეჭიდოს კანთან ახლოს და ფრთხილად ამოვიღოთ, შემდეგ კანი და ხელები დავიმუშავოთ სპირტით. ტკიპა არ გავჭყლიტოთ.
არ არის საჭირო ტკიპის ამოსაღებად სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა.
ბორელიოზზე ანალიზის გაკეთებას ტკიპის კბენისთანავე აზრი არა აქვს, 2 კვირა მაინც ჭირდება ანტისხეულების გამომუშავებას.
ბორელიოზის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს კბენიდან 3-30 დღის განმავლობაში. იშვიათად შეიძლება უსიმპტომოდაც წარიმართოს. ყველაზე ხშირი სიმპტომია ე.წ. მიგრირებადი ერითემა, ანუ კანზე წითელი ლაქა, რომელიც გარშემო ფერმკრთალია და შემდეგ წითელი რკალით არის გარშემორტყმული. შეიძლება განვითარდეს სხეულის სხვადასხვა ადგილას (ანუ არ არის აუცილებელი ნაკბენის ადგილზე).
როგორც წესი, ბორელიის გამონაყარს არ ახასითებს ტკივილი და ქავილი.
სხვა შესაძლო სიმპტომებია ცხელება, შემცივნება, კუნთების და სახსრების ტკივილი.
არანამკურნალევ შემთხვევებში შესაძლებელია შორეული გართულებები, ძირითადად ნერვული სისტემის მხრივ.

ნებისმიერი მწერის ნებისმიერი ნაკბენი არ საჭიროებს ბორელიოზზე მკურნალობას!“ - აღნიშნავს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

შილაკი - საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის

შილაკი - საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის

ქალბატონების უმეტესობას მოვლილი და ლამაზი ფრჩხილები ძალიან მოსწონს, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ფრჩხილის ლაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალტერნატივა ჯანმრთელობის პოტენციურ რისკებს შეიცავს. ქალბატონების უმრავლესობა ფრჩხილის მოვლას ყოველდღიური რუტინის ნაწილად მიიჩნევს. შილაკით გატაცებულ ადამიანებს ექსპერტები მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან თვლიან, რომ ლაქის აღნიშნული ნაირსახეობა ჯანმრთელობის ფარულ საფრთხეებს შეიცავს.

შილაკი თანამედროვე ქალბატონებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მისი საფარი ფრჩხილზე ხანგრძლივად ნარჩუნდება, წასმისას სწრაფად შრება და განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩევა. ცნობილია, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები დაბერების პროცესს აჩქარებს და სიმსივნის გამომწვევ ერთ-ერთ პოტენციურ ფაქტორადაც გვევლინება. შილაქის გაშრობისა და პოლიმერიზების მიზნით ესთეტიკურ ცენტრებში სწორედ ულტრაიისფერი ნათურა გამოიყენება. სხივების ზემოქმედების გარეშე ლაქი ფრჩხილზე ვერ გამყარდება. სწორედ ულტრაიისფერი დასხივების წყალობით ინარჩუნებს შილაქი საოცარ სიმყარეს და არ ითხაპნება.

ექსპერტები ფრთხილის მოვლისას აკრილის ლაქის გამოყენებისგან თავშეკავებასაც ითხოვენ, რადგან უახლესი კვლევებით დგინდება, რომ აღნიშნული ლაქის შემადგენლობაში შემავალი მეთილის მეტაკრისტალი თქვენი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს და საშიშ კანცეროგენად მიიჩნევა. 

კანის კიბოს პრობლემებზე მომუშავე ექსპერტები თვლიან, რომ შილაკის შრობის პროცესი ქალბატონების ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მზის ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება ორგანიზმზე უკიდურესად უარყოფითად აისახება. შილაქის შრობის პროცესში ულტრაიისფერი გამოსხივება საკმაოდ მაღალია, რაც სიმსივნის განვითარების რისკებს ზრდის.

ზოგიერთი ესთეტიკის ცენტრი, პოტენციური რისკების თავიდან აცილების მიზნით, შილაკის შრობის პროცესში სპეციალურ LED-ნათურებს იყენებს, რომელთაც ნაკლები ულტრაიისფერი გამოსხივება აქვთ. შესაბამისად, მსგავსი ნათურებით ლაქის გაშრობა შედარებით ნაკლებ საფრთხეს შეიცავს და ნაადრევი დაბერების ან სიმსივნის განვითარების რისკებთან არ ასოცირდება.

ექსპერტები ქალბატონებს მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თავის დაცვას ურჩევენ. აუცილებლობის შემთხვევაში გამოსხივება მაქსიმალურად ლიმიტირებული დოზით უნდა მიიღოთ. თუ შილაქის გაშრობას LED-ნათურების გამოყენებით ვერ ახერხებთ, პროცედურის დაწყებამდე ხელზე მზისგან დამცავი ხელის კრემი აუცილებლად უნდა წაისვათ.

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 ​bit.ly/3iF0YnF​

წაიკითხეთ სრულად